გაზეთი „ალიონი“ რამდენიმე თვეა აშუქებს ლევილის მამულში მიმდინარე პროცესებს. ამჯერად მორიგ ინტერვიუს გთავაზობთ ბატონ ტიერი ბერიშვილთან.
_ თქვენ აკრიტიკებთ კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის მიერ შექმნილი გუნდის წევრებს, ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გადადგა. შეგიძლიათ ამის შესახებ მეტი გვიამბოთ?
ტიერ ბერიშვილი: ჩემთვის ყველა პრობლემა სათავეს იღებს კულტურის ყოფილი მინისტრის მიერ შერჩეული გუნდის წევრების არჩევანიდან, რომელიც „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გადადგა. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მათ ყველას საერთო მახასიათებლები აქვთ: არ იციან „მენეჯმენტის“ არცერთი ელემენტარული წესი. ისინი იქცევიან ისე, როგორც ის ძველი „პოლიტიკური კომისრები“, რომლებსაც 1984 წელს, საქართველოში ჩემი პირველი მოგზაურობისას შევხვდი, და როგორც ევროკომისიის ის მოხელეები, რომელთა ატანაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვიწევს ევროკავშირში. გარდა ამისა, ყოფილმა მინისტრმა, რომელიც „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გადადგა, შექმნა „მექსიკური არმია“, სადაც ჯარისკაცებზე მეტი გენერალია…
მაკა გურგენიძე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საკუთარი ტიტულით ამპარტავნობს და არცერთ დისკუსიას, მით უმეტეს უმცირეს შენიშვნასაც კი არ იტანს. თავი „რაიონის პოლიტიკური მდივანი“ ჰგონია. როდესაც შეხვედრას იწყებს, 20 წუთზე მეტხანს ლაპარაკობს, ხოლო როდესაც თარგმანისთვის ჩერდება, ერთ წუთში, თარგმანის დასრულებამდე, ისევ განაგრძობს თავის სიტყვას კიდევ 15 წუთის განმავლობაში.
თვალსაჩინო მაგალითი: ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე, მას მეხუთედ ვკითხე, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად იმ ტენდერის მიღებაზე, რომელიც მუზეუმის შექმნას ეხებოდა და რომელიც თეა წულუკიანთან მომუშავე ყოფილმა გუნდმა ათეულობით ფრანგულ კომპანიას შორის შეარჩია. მან ხმას აუწია და განაცხადა, რომ მე, ტიერი ბერიშვილმა, არაფერი ვიცოდი და არაფრის სპეციალისტი არ ვიყავი!
ამასთან,გამოხატვის ფორმა ჩემ მიმართ უადგილო და უპატივცემულო იყო, ჩანთა გავხსენი და მაგიდაზე დავაწყვე ჩემი დაწერილი წიგნები პირველი რესპუბლიკისა და ლევილის მამულის ისტორიის შესახებ, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, ეროვნულ არქივთან თუ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოიცა, და ვთქვი: „როგორც ვიცი, ამ მაგიდის გარშემო კულტურის სამინისტროს წევრებიდან არავის დაუწერია თუნდაც ერთი სტრიქონი პირველ რესპუბლიკაზე“. გაბრაზებულმა ყვირილი დაიწყო ქართულად, რაც მთარგმნელმა არ თარგმნა, და ოთახიდან განრისხებული გავარდა, მისი „ამალის“ წევრებიც მიჰყვნენ…
როგორც საქართველოში ყველამ იცის, არსებობს ძალიან გადამდები ვირუსი, მინისტრი გადადგა „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, ხოლო მისი პირველი მოადგილეც გადადგა…
მიხეილ კიკნაძე თავდაპირველად დაინიშნა კულტურის სამინისტროს „ნეიტრალურ აუდიტად“, რათა გამოეკვლია „ის ცუდი ატმოსფერო, რომელიც თბილისის სამინისტროს წევრებსა და ადგილობრივ გუნდს (დირექტორი, მისი მეუღლე და მე, დირექტორის მოადგილე) შორის სუფევდა“. მე მას 15 გვერდზე მეტი განმარტებითი ანგარიში გავუგზავნე. მის კომენტარებს დღემდე ველოდები… მართალია, მინისტრის მიერ დანიშნულ „ნეიტრალურ აუდიტს“ ნეიტრალიტეტის დაცვა ცოტა უჭირს… მაშ, რას აკეთებდა იგი? რაში უხდიდნენ ხელფასს?
ფაქტი ის არის, რომ დირექტორმა და მე, მისმა მოადგილემ, მივიღეთ ჩვენი გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება. და რა აღმოვაჩნეთ? მუზეუმისა და სამინისტროს პერსონალის სხვადასხვა ჩვენებებს, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ იძლევიან ბრალდებებს… მე მათ არც კი ვიცნობ! და ამ „ნეიტრალური აუდიტის“ არგუმენტებს, რომელსაც არც ჩემს შეკითხვებზე უპასუხია და არც ჩემს არგუმენტებზე! უცნაური წარმოდგენაა შესაძლო კომპრომისის მოსაძებნად და იმ გუნდის ამუშავებისთვის, რომელიც პროექტზე მუშაობს.
ეს „ნეიტრალური აუდიტი“ მთავრობის მიერ დაინიშნა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. ვიმედოვნოთ, რომ მოვალეობის შემსრულებლობა დიდხანს არ გაგრძელდება!
თამარ კვარაცხელია, რომელიც „პროექტის ხელმძღვანელიდან“ გახდა „პირველი რესპუბლიკის ფრანგულ-ქართული ისტორიულ-კულტურული მემორიალური ცენტრის – ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი“…
„რაც უფრო მონური და მორჩილი ხარ სატრაპის მიმართ, მით მეტად შეგიძლია დაწინაურდე“ (ძველი სპარსული ანდაზა).
მისი ყველაზე დიდი ნაკლი ტექსტის შინაარსისა და არსის აღრევაა. ის აშენებს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე წერია, და არასდროს უსვამს საკუთარ თავს კითხვას: „რატომ იწერება ეს ტექსტი?“, „რომელი საკითხის მოგვარებას ემსახურება?“, „რატომ შეიცვალა ამა თუ იმ შენობის რენოვაციის გეგმა?“. მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადგილთან და არანაირ პატივს არ სცემს იმ ადამიანებს, რომლებიც იცნობენ ამ ადგილს, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში სიცოცხლისა და მეხსიერების კერა იყო…
ის ყოველთვის ტელეფონშია ჩაფლული და შეუძლია დღეში 20-ზე მეტი, რამდენიმე ათეული სტრიქონისგან დაწერილი ელექტრონული წერილი გააგზავნოს…
ის სვამს კითხვებს, მაგრამ არ უსმენს არგუმენტებს. ყველაფერს საკუთარი ჭკუით აკეთებს, ყოველგვარი განმარტების გარეშე.
ვინ არის სრულიად მართალი? არავინ, მაგრამ მაინც საჭიროა თითოეული არგუმენტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შედარება. სწორედ ამას ჰქვია საკითხის გააზრება და საუკეთესო გამოსავლის პოვნა მის ერთობლივად განსახორციელებლად. ამას ჰქვია სწორი მენეჯმენტი!
ის არის სამინისტროსა და ადგილობრივ გუნდს შორის არსებული კონფლიქტების მთავარი მიზეზი. მან მოახერხა, 14 თვეში 3 საყვედური მოეცა ჩემთვის…
ის არის პასუხისმგებელი კონფლიქტებზე ყველა იმ ფრანგულ კომპანიასთან, რომლებიც ობიექტზე მუშაობდნენ, ძირითადად საფრანგეთის კანონებისა და რეგულაციების სრული უცოდინრობის გამო.
გიორგი გოგოძე და გიორგი გორგაძე- ისინი ჰგვანან უნივერსიტეტდამთავრებულ სტუდენტებს, რომლებიც პირველ სამუშაო ადგილზე იწყებენ მოღვაწეობას. შრომით საქმიანობაში პირველი ნაბიჯების გადადგმა კარგია, მაგრამ არა „აბსოლუტური უფლებამოსილებით“. საჭიროა ხელმძღვანელობა და, რაც მთავარია, კოლექტიური განხილვა.
მათ ყველაზე უკეთ იციან ყველაფერი, თუმცა წარმოდგენაც კი არ აქვთ საფრანგეთში მოქმედ კანონებსა და რეგულაციებზე… სამინისტროსა და ფრანგულ კომპანიებს შორის ხელმოწერილი კონტრაქტის მიმდინარეობისას, მათ ამ კონტრაქტის არსის შეცვლა სურთ. ეს სრულიად აკრძალულია საფრანგეთში, ორივე მხარის თანხმობის გარეშე.
ალან ტიმოთე ბერი – ქართველი, რომელიც იცვლის თავის ქართულ სახელსა და გვარს – ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს! და ეს მაშინ, როდესაც 1984 წლიდან მოყოლებული 47-ჯერ ვიყავი საქართველოში, ხოლო საფრანგეთში ათასობით ქართველს შევხვედრივარ – როგორც შატოში, ჩემს მშობლებთან, რომლებიც ყველას მასპინძლობდნენ, ასევე ჩემი ასოციაციის „გაუმარჯოს საქართველოს“ საქმიანობის ფარგლებში. საკუთარი წარმომავლობის უარყოფა ძალიან უცნაური საქციელია…
ის დაინიშნა ლევილის მამულში მიმდინარე ყველა მშენებლობის „ზედამხედველად“. მისი ხელით დაწერილი არცერთი ანგარიში არ მინახავს. მან ამაოდ სცადა მამულის დირექტორის თავის მდივნად ქცევა.
სწორედ მან, დიმიტრი მუჯირთან ერთად (რომელიც ყოფილმა მინისტრმა გაათავისუფლა), წამოიწყო თეა წულუკიანის პერიოდში გაწეული მთელი სამუშაოს დისკრედიტაციის კამპანია. ისინი ყველასთან, მათ შორის ფრანგ მუშებთანაც კი, აცხადებდნენ: „სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელებს ქართული მართლმსაჯულება პასუხისგებაში მისცემს და ციხეში წავლენ…“.
სწორედ მას უნდა მიეხედა ყველაფრისთვის, თუმცა არაფერი წინ არ მიდიოდა. ამის დასტურად შეიძლება ტრანსფორმატორის შემთხვევა გავიხსენოთ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მამულის გამართული ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებით შატოს მოვლა-პატრონობისთვის. შატო ზიანდება/ ეს საკითხი ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში, პირველსავე სამუშაო შეხვედრებზე დაისვა, დღეს კი, 18 თვის შემდეგ, ტრანსფორმატორი ჯერ კიდევ არ არის აშენებული!
სწორედ მან დაიქირავა კომპანია PGD, რომელიც არ შეესაბამებოდა სატენდერო ნორმებს, ჰყავდა 30-ზე მეტი მოვალე და რომლის ლიკვიდაციაც სავაჭრო სასამართლომ განახორციელა და ა.შ… მიუხედავად ამისა, სამინისტრომ ტიმოთე ბერის რეკომენდაციით 3 250 000 ევროზე მეტი ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი…
უცნაურია, არა?
მთელი ეს „შესანიშნავი საზოგადოება“ პასუხისმგებელია:
დროის ცუდ მენეჯმენტზე. ნორმალურ პირობებში, შესრულებული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და ტენდერების მომზადების გათვალისწინებით, დღეს ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს. დარჩენილი იქნებოდა მხოლოდ პროექტისთვის ცენტრალური მნიშვნელობის უკანასკნელი შენობა – მრავალფუნქციური დარბაზი წარმოდგენების, გამოფენების, კონფერენციებისა და გაქირავებისთვის;
ფრანგულ კომპანიებთან წარმოქმნილ კონფლიქტებზე;
სამინისტროსა და ადგილობრივ გუნდს შორის არსებულ კონფლიქტებზე. ქართული მართლმსაჯულება მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ შევიტანეთ სარჩელები და ისინი წარმოებაშია მიღებული…
_ 2016 წლის შეთანხმება იყო „პირობით ჩუქება / ჩუქება ვალდებულებებით“. რას გულისხმობს ეს?
ტიერი ბერიშვილი: მართლაც, 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმება არის „პირობით ჩუქება“. საქართველოს მთავრობამ გონივრულად შემოგვთავაზა 10-წლიანი ვადა. ყველა ოჯახი არ ეთანხმებოდა ამ ვადებს, თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობის გონიერებამ და სიმტკიცემ გაიმარჯვა.
პირობით ჩუქება არის შეთანხმება, რომელიც ქონების მიმღებს ანიჭებს მჩუქებლის მიერ დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობას. სანამ ეს ვალდებულებები არ შესრულდება, მიმღები არ არის ქონების სრული მესაკუთრე. ხოლო თუ ქონების მიმღები უარს იტყვის ამ ვალდებულებების შესრულებაზე, მჩუქებელს შეუძლია დაიბრუნოს თავისი ქონება, მაშინაც კი, თუ გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია.
_ბატონო ტიერი, რას ფიქრობთ არსებულ ვითარებაზე? შესრულებულია თუ არა ეს პირობები და ვალდებულებები? ხოლო თუ არ არის შესრულებული, რა არის ამის მიზეზები?
ტიერი ბერიშვილი: ჩემი აზრით, შეთანხმებაში გაწერილი ყველა პირობა და ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული. მიზეზები ერთდროულად მარტივიცაა და კომპლექსურიც. წელიწადზე მეტია, ვცდილობ განგაში ავტეხო შექმნილ ვითარებაზე ჯერ ყოფილ მინისტრთან, რომელიც „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გადადგა, მის „მექსიკური არმიის“ გუნდთან, ეროვნულ მუზეუმთან, სხვა ოჯახებთან, თუმცა ამაოდ. ამან კი ჩემი გათავისუფლება მოიტანა, როგორც „დივერსანტისა და საკუთარი ერის მოღალატისა“!
შეგახსენებთ, რომ მამულის დირექტორი და მისი ქმარი, რომელიც ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც მე მეთანხმებოდნენ, აგრეთვე გაათავისუფლეს. მათ დაკარგეს სამუშაო ადგილები, ხელფასები და სამსახურებრივი საცხოვრებელი!
სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის გუნდის წევრებმა ვერ შეძლეს პროექტის არსისა და გადაუდებელი საჭიროებების გააზრება. მათ სულ მცირე 7-8 თვე დაკარგეს, სანამ ქმედითუნარიანები გახდებოდნენ, მაშინ, როცა 23 თვე ჰქონდათ. ეს 23-თვიანი ვადა სრულიად საკმარისი იყო, ადგილობრივი გუნდის გამოცდილებას რომ დაყრდნობოდნენ და საფრანგეთის კანონები და რეგულაციები პატივს ეცათ.
მაგრამ „ვირი არასდროს გახდება არაბული წმინდა სისხლის ცხენი“ (კახური ანდაზა).
_ თქვენი აზრით, რომელი ვალდებულებები არ არის შესრულებული?
ტიერი ბერიშვილი: ამ კითხვას ნაწილობრივ შემიძლია ვუპასუხო, თუმცა არა სრულად, რადგან 11 აგვისტოდან სამინისტრომ და ეროვნულმა მუზეუმმა მამულის ტერიტორიაზე შესვლა ამიკრძალა. კართან უსაფრთხოების ახალმა უფროსმა, ლევან ცხვედიანმა და მისმა ორმა მცველმა მიმაცილეს…
ეს აკრძალვა დადასტურდა 2026 წლის 24 აგვისტოს დათარიღებული ელექტრონული წერილით, რომელსაც ხელს აწერენ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. 1953 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ოჯახი ლევილში ჩავიდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეკრძალება შესვლა ამ ადგილას, სადაც სკოლის შემდეგ სათამაშოდ მოვდიოდი, სადაც ჩვენს უხუცესებსა და მშობლებს ვინახულებდი, სადაც სხვადასხვა დღესასწაულს ვესწრებოდი და სადაც ოჯახების ამხანაგობის („SCI Foyer Géorgien“) წევრის მოვალეობას ვასრულებდი… როგორც საფრანგეთში ამბობენ: „ყველაფერს აქვს დასაწყისი“…
რაც შეეხება იმ სამუშაოებს, რომლებსაც თვალყურს ვადევნებდი, ვალდებულებები არ არის შესრულებული:
მუზეუმის ნაწილში. თუმცა ამ თემას მომდევნო სტატიაში დავუბრუნდები. ეს პროექტის ცენტრალური ელემენტია და ჩვენი დიდი წინაპრების – ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ნოე ხომერიკის, ბენია ჩხიკვიშვილის, ვალიკო ჯუღელის, სიმონ წერეთლისა და სხვათა… აგრეთვე ჩვენი მშობლების ხსოვნისთვის, ოჯახების გადაწყვეტილებებისა და სამეცნიერო კომისიის წევრების მთელი იმ შრომისთვის, რომლებიც ჭკვიანურად და გონივრულად მუშაობდნენ, სრულიად გამორიცხულია, დავუშვა „მუზეუმის არსის“ გამრუდება, რომელიც სწორად იყო გააზრებული და განვითარებული;
რესტორანი აშენებულია ოდის ფორმით, რაც თეა წულუკიანის იდეა იყო, ისევე როგორც სამზარეულო. თუმცა არც ერთი პროექტი არ არის აღჭურვილი და, ჩვენი წინადადებების მიუხედავად, მათ ფუნქციონირებაზე არანაირი მსჯელობა არ წაწეულა წინ. შესაბამისად, ეს ვალდებულებები არ არის შესრულებული;
სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის განკუთვნილი 6 სტუდიო არ არის აღჭურვილი. კიდევ ერთხელ: არსებობს მხოლოდ შენობა და არა მოქმედი სერვისები;
შატოს ტენიანობის, გათბობის, ელექტროენერგიისა და ლიფტის პრობლემები მოუგვარებელია;
საგზაო ინფრასტრუქტურას, ორ სახელოსნოს, სამრეცხაოს, ფრანგულ ბაღს, „უსაფრთხოების გამო“ მოჭრილი 3 ცაცხვის ნაცვლად ახლის დარგვას, ქართული ხეების, ბუჩქებისა და მცენარეების დარგვას (დეტალური სია ადგილობრივმა გუნდმა მიაწოდა) და ორ საპირფარეშოს ბლოკს რაც შეეხება, ჩემი უკანასკნელი ვიზიტისას ეს ყველაფერი არ იყო განხორციელებული. ამიტომ მათ შესრულების ხარისხს ვერ შევაფასებ;
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანამ გარკვეული საკითხები და პრობლემები არ მოგვარდება, დეპარტამენტის უსაფრთხოების კომისია მეხანძრეების ინსპექციასთან ერთად ვერ ეწვევა ობიექტს და ვერანაირად ვერ გასცემს ფართო საზოგადოების დაშვების ნებართვას. ამდენად, ვალდებულებები სრულად არ არის შესრულებული!
აქაც ორი განსხვავებული მიდგომა უპირისპირდება ერთმანეთს: „ტექსტის ფორმალური მხარე“ და „ტექსტის არსის/სულისკვეთების სრული განხორციელება“. ეს პატარა ამბავი არ არის. სამინისტროს მიაჩნია, რომ მის მიერ აშენებული შენობები საკმარისია, მაშინაც კი, თუ ისინი არ ფუნქციონირებენ!
წარმოიდგინეთ, რომ გადაიხადეთ სახლის მშენებლობის საფასური, სადაც მხოლოდ გადასვლა დაგრჩენიათ, თუმცა მშენებელი გაბარებთ „შავ კარკასს“ – წყლის, ელექტროენერგიისა და ლიფტის გარეშე. რას იფიქრებთ? იმას, რომ მშენებელი დაგცინით, სამუშაოები არ დაუსრულებია, ან თქვენი ფული ფუჭად გადაყარა!
2024 წელს შატოში ორგანიზებული 1924 წლის აჯანყების ასი წლისთავისადმიმიძღვნილი კოლოქვიუმის ფოტოები.



_ როგორია ვითარება დღეს?
ტიერი ბერიშვილი: სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი მთავრობას დაპირდნენ ოფიციალურ გახსნას 2026 წლის 26 სექტემბერს, რათა დაიცვან 2016 წლის სექტემბრის შეთანხმების ვადები. შესაბამისად, იგეგმება „დიდი გახსნა“ სიმღერებითა და ცეკვებით, მთავრობის წევრების დასწრებით (ინფორმაცია მოწოდებულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ…).
თუმცა, კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იცრუა მთავრობის წინაშე!
არ შეიძლება შედგეს ოფიციალური გახსნა, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გახდება ლევილის მამულის სრული მესაკუთრე.
ამისთვის საჭიროა 2 აუცილებელი და სავალდებულო პირობა:
- შედგეს ანგარიში ოჯახებს, საქართველოს მთავრობასა და იმ ნოტარიუსს შორის, რომელიც იყო ამ პირობით ჩუქების გარანტი. ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, მიიჩნევენ თუ არა ოჯახები ვალდებულებებს შესრულებულად;
- უსაფრთხოების დეპარტამენტალურმა კომისიამ გასცეს დადებითი დასკვნა ფართო საზოგადოების დაშვების შესახებ. თუ უსაფრთხოების კომისიის ეს ანგარიში არ მომზადდა ან უარყოფითი იქნება, ოჯახები ვერანაირად ვერ დათანხმდებიან მამულის გადაცემას საქართველოს მთავრობისთვის, რადგან მათი წინაპრებისა და თავად მათ ნებას წარმოადგენს ამ მამულის ისტორიულ და კულტურულ ცენტრად გარდაქმნა – შესაბამისად, მის ღიად ფუნქციონირებას!
სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი 2026 წლის 24 სექტემბერს აორგანიზებენ მართვის საბჭოს სხდომას თავიანთ ფრანგ ადვოკატთან ერთად, რათა სცადონ 3 ოჯახის თანხმობის მიღება – რათა მათ აღიარონ ვალდებულებების შესრულება არსებულ მდგომარეობაში.
პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ერთსულოვნებას ვერ მიაღწევენ.
რას იზამენ ამის შემდეგ?
_ მაშინ როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან? რას გვთავაზობთ?
ტიერი ბერიშვილი: დავიღალე ამ გუნდის მანევრებით, „ბინძური ილეთებითა“ და ტყუილებით. თუმცა გურული ვარ და სულ მცირე 60 წელია პოლიტიკური აქტივისტი, ქართული სოციალ-დემოკრატიის თაყვანისმცემელი. ამ საქმეს კარგად ვიცნობ და უკვე 32 წელია აქტიურად ვარ ჩართული – უკან არასდროს დავიხევ!
მე ვთავაზობ ღირსეულ გამოსავალს, თუ მას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:
2026 წლის 24 სექტემბერს, მართვის საბჭოს დროს, ოჯახები დააფიქსირებენ, რომ ვალდებულებები სრულად არ არის შესრულებული და მთავრობას შესთავაზებენ დამატებით 18-თვიან ვადას.
მთავრობა ცნობად მიიღებს ამას და გადაწყვეტს შემდეგი ამოცანების დაკისრებას:
სამუშაოების დასრულება და ამით ვალდებულებების შევსება;
ლევილის ცენტრის ფუნქციონირების ორგანიზებაზე მსჯელობისა და მზადების დაწყება, რაც თავის დროზე მართვის საბჭოს მიზანს წარმოადგენდა.
ამისთვის საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს ეს მისია დააკისროს იმ ადამიანს, ვინც ყველაზე უკეთ იცნობს ამ საქმეს, რადგან შეთანხმება თავად აქვს შემუშავებული და, გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით 4 წლის განმავლობაში ვალდებულებების 70%-ზე მეტი შესრულდა – თეა წულუკიანს.
თავისი მისიის შესასრულებლად, თეა წულუკიანს შეეძლება თავად შეარჩიოს საკუთარი გუნდი.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი წინადადებაა და მე საქართველოს მთავრობაში არ ვარ. გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ.
თუმცა, პატიოსნად რომ ვთქვა, დარწმუნებული ვარ, ეს საუკეთესო გამოსავალია. გარდა ამისა, მჯერა, რომ არ დაიკარგება არცერთი წუთი, არცერთი თეთრი რაიმე ფორმით, ხოლო მისი გუნდი გონივრულად იმუშავებს და იქნება პატივისცემული – მოკლედ, ეს არის წარმატების სწორი პირობები!
მთავარ ფოტოზე: ტიერი ბერიშილი შატოს წინ, 2016 წლის 23 სექტემბერი.
მსგავსი სტატიები
- 94
გია ბეშიტაიშვილი წერილი მეცხრამეტე-მეოცე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში, ელჩის კაბინეტის კარებთან ახლოს,მე და ჩემი ძმა ვიჯექით სავარჯლებში და ველოდით როდის დაგვიძახებდნენ, რომ გადმოეცად ჩვენთვის საპატიო სიგელები რუსეთში საქართველოს კულტურის დღეებში აქტიური მონაწილეობისთვის. კაბინეტიდან გამოვიდა ელჩის მოადგილე ამირან როგავა, ჩვენ ხელით გვანიშნა «იჯექითო» და სწრაფად გაემართა შემოსასვლელი კარებისკენ. სწორედ ამ დროს კარებში… - 91
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 91
- 91
გაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის… - 90
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის…
