ვანო ქუთათელაძეს ოზურგეთში იცნობენ როგორც სამართლიან კაცს, მზრუნველსა და სიტყვის პატრონ პიროვნებას, რომელიც მუდამ ერთგული იყო და არის თავისი საქმის, ოჯახისა და მეგობრების.
იგი 1946 წლის 10 სექტემბერს დაიბადა სოფელ ასკანაში. მამა მიხეილი კომეურნე იყო. 9 კლასი მშობლიურ სოფელში დაამთავრა. მე-10-11 კლასში ქუთაისის #2 საშუალო სკოლაში სწავლობდა. 1977 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც 1982 წელს დაუსწრებლად დაამთავრა.
_1965 წელს ჯარში გამიწვიეს. მეთაურებს მოვეწონე და 10 თვიან უმცროსი მეთაურების კურსებზე გამიშვეს. ლეიტენატის წოდება მომცეს. აზერბაიჯანში 3 წელი ვმსახურობდი. საჰაერო საზღვარს ვიცავდით ირანთან _გვითხრა მან.
1969 წელს ვანომ ლაითურის მეურნეობა-ტექნიკუმში დაიწყო მუშაობა აგროტექნიკოსად. 2 წლის შემდეგ იგი მეურნეობის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნად აირჩიეს.
1974 წლის 11 იანვარს ვანო ქუთათელაძე საპატიო და საპასუხიმგებლო საქმეს შეუდგა 10 წელი ურეკის სადაბო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
_ 1977 წელს დავოჯახდი. მეუღლე მადლენა ბერიკაშვილი უცხო ენის სპეციალისტი იყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრა. ურეკის საშუალო სკოლაში მუშაობდა გერმანული ენის პედაგოგად. შემდეგ, ასკანაში რომ გადავედით, ასკანის სკოლაში სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. 2010 წელს გარდაიცვალა….
ურეკში მუშაობისას ვებრძოდით უკანონო მშენებლობებს. ვზრუნავდი დაბის კეთილმოწყობაზე. ვთხოვე და რუსთავის ქიმიური კომბინატის პანსიონატმა დააგო პირველად ასფალტი მაგნეტიტში.სკოლაზე მინაშენი გაკეთდა, ბაზარი მოვაწესრიგეთ და პირველი დასუფთავების მანქანა შემოვიყვანეთ დაბაში. პლაჟების დასუფთავებაზე მუდმივად ვზრუნავდით.
შემდეგ ასკანაში გადმომიყვანეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. ძლიერი კოლმეურნეობა იყო ორი სოფლის ასკანა-მზიანის ბაზაზე. წლიურად 4600 ტონა ჩაის ფოთოლს ვკრეფდით. 76 ერთეული ტექნიკა (ტრაქტორები, ავტომანქანები) გვყავდა. გვქონდა ორსართულიანი გარაჟი.წლიური შემოსავალი 6 მილონი მანეთი (8 მილიონი აშშ დოლარი) გვქონდა. ასკანის კოლმეურნეობა თავისი შემოსავლებით რაიონში მე-4 იყო კოლმეურნეობებს შორის. სოფელში შენდებოდა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები.
90-იანი წლების სამოქალაქო ომმა და შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა ქაოსმა ფაქტიურად ჩამოშალა სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. 1994 წელს დაბა ლაითურში დამნიშნეს გამგებლად. აქაც მძიმე მდგომარეობა იყო. უკანონო ფორმირებები ყველგან დაძრწოდნენ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი იმჟამად მეზობელ რეგიონთან ურთიერთობებს. მოსახლეობას გვერდზე დგომა, დახმარება სჭირდებოდა და ამიტომ მუდმივი შუამავალი ვიყავი რაიონის ხელმძღვანელებთან.
დედა მარიამ გობრონიძე ავადმყოფობდა.მეუღლესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ვთხოვე რაიონის ხელმძღვანელობას სხვა სამსახურში გადმოვეყვანე. 2003 წელს რაიონის გამგეობაში დამნიშნეს აპარატის უფროსად. 3 წლის შემდეგ ჩემი სამხედრო წოდება გაიხსენეს და რაიონის სამხედრო კომისარიატში დავიწყე მუშაობა, საიდანაც 2 წლის წინ გავედი პენსიაზე.
ორი შვილი მყავს, ვაჟი მიხეილი _საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. ქალიშვილი ნატალია რაჭაშია გათხოვილი. ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს უფროს სპეციალისტად. 5 შვილიშვილის ბაბუა ვარ _გვითხრა ბატონმა ვანომ.
ვანო ქუთათელაძე ცნობილი იყო თავისი იუმორით. შევეკითხეთ რას გაიხსენებდა:
_თუკი თანამშრომლისთვის საყვედური მითქვამს, ვცდილობდი წყენა სახლში არ გაჰყოლოდა. ჩემი მუშაობის პერიოდში არავინ არ გამითავისუფლებია სამსახურიდან. ერთი შემთხვევა მქონდა, როცა ერთ-ერთი ერთი თანამდებობიდან მეორე მონათესავე სპეციალობაზე გადავიყვანე.
ნადირობა მიყვარს. სოფლის სანახებში ვნადირობდი. ვესროლე ტყის ქათამს და ჩაის პლანტაციის შუაგულში ჩამოვარდა. ვიფიქრე, ნანადირევს დააზიანებს,ძაღლს არ მოვატანინე და თავად შევედი პლანტაციაში. ჩაის პლანტაცია გარშემო შემობარული კი იყო, მაგრამ შიგ რომ შევედი ნამუშევარი არ იყო…
მეორე დღეს კრება გვქონდა და აღნიშნული უბნის ბრიგადირს შევეკითხე: _ჩაის პლანტაციის დაბარვა თუ დაამთავრეთ-თქო.
_კი ბატონო ვანო, შებარულიაო.
_ტაბელში კი, რეალურად?
რომ მივხდი მისას აწვებოდა, არაფერი ვუთხარი. ბავშვობის მეგობარი იყო და ხალხში ხომ არ გავაშავებდი.
კრების შემდეგ მძღოლი არ ვიახლე, კოლმეურნეობის „ვილისის“ საჭესთან თავად მე დავჯექი,ბრიგადირი გვერდზე მოვისვი და პლანტაციის სანახავად წავედით.
ამოვარდა ქარი და გაწვიმდა.
_შედი პლანტაციაში _თქო _ვუთხარი.
საგარეოდ იყო ჩაცმული და შეწუხდა ნაბარავში დავისვრებიო..
შემდეგ მიხვდა არ მოვეშვებოდი და პლანტაციაში შევიდა. 15-20 მეტრი რომ გაიარა, დავუძახე: -აბა აიღე მიწიდან გოროხი და მესროლე _თქო…
3 დღე მივეცი პლანტაციის დასაბარავად. ვერ მოითმინა და ვიღაცას უთხრა ამის შესახებ. ამის შემდეგ სოფელში ხშირად გაიგონებდით: _მესროლე გოროხიო!
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ულოცავს რედაქციის დიდ მეგობარს, ბატონ ვანო ქუთათელაძეს დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.წელთა მრავლობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ მას
ნუგზარ ასათიანი
მსგავსი სტატიები
- 89
ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს … - 88
ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ... … - 87
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 86
ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ერთი ლამაზი ოჯახი ცხოვრობს.იოსებ (ქუცუნა) ქადეიშვილს ყველა იცნობს ოზურგეთში, როგორც ცნობილ სპორტსმენს და კოლორიტ კაცს. მისი ცხოვრების დასაწყისი ცნობილ რეპრესიებს უკავშირდება. _მამაჩემი გრიგოლ ქურციკაშვილი კახელი კაცი იყო, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან. მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ბოლოს ამიერკავკასიის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი იყო. დედა _ ეკატერინე ქადეიშვილი ეკონომისტი იყო და… - 86
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…