რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.
რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აქვს სათანადო ფინანსები საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, მით უმეტეს რეკლამებისთვის. ამიტომ რედაქციამ ყველა პარტიას (ფინანსურად ძლიერსაც და უფინანსოსაც) დაუთმო საგაზეთო ფართი მათი კანდიდატების საზოგადოებისთვის წარსადგენად. კანდიდატურები თავად პარტიებმა შეარჩიეს.საუბრის თემა იყო მათი მოსაზრებები საარჩევნო გარემოზე და საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში მათი მათ მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე.
ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ უარი უთხრა რედაქციას კანდიდატის შერჩევაზე და თავისუფალ მედიასთან თანამშრომლობაზე.
ნუგზარ სარჯველაძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოხვაური-შემოქმედი, გომისმთა საარჩევნო ოლქში (პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“): _ჯერჯერობით ნორმალური საარჩევნო გარემოა. სხვადასხვა პარტიებიდან ცოტა პროვოკაციები არის, როგორც ჩვევიათ წინასაარჩევნო პერიოდში. ზოგიერთი პარტია საარჩევნო მარათონს სამი ოქტომბრიდან იწყებს, მაგისთვის უფრო ემზადებიან, ვიდრე არჩევნებისთვის. ათასი პროვოკაციით , სიბინძურით ცდილობენ მმართველი გუნდის დისკრედიტაცია მოახდინონ. მაგრამ ხალხი, ალბათ, საღად შეაფასებს არსებულ ვითარებას და სწორ არჩევანს გააკეთებს, როგორც ადრე აკეთებდა.
მოსახლეობის მხრიდან ძირითადად კეთილგაწყობაა. არის რამდენიმე უკმაყოფილოც. რა თქმა უნდა, რაღაც პრობლემები არის,რაც აწუხებთ. ზოგიერთის სოციალური ფონი აუცილებლად გასაუმჯობესებელია, ზოგიერთს სოციალური დახმარება შეუჩერეს, ზოგს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდება დახმარება. ასეთი საკითხები შესასწავლი და სამართლიანად გადასაწყვეტია. გომის მთის საკითხთან დაკავშირებითაც ძალიან სერიოზული პრობლემებია. იცის ეს ხელისუფლებამ და არჩევნების მერე, თალაკვაძის მოსვლის შეემთხვევაში ავთანდილი დააყენებს ამ საკითხს. დაპირდა მოსახლეობას გომში, რომ აუცილებლად გადაიხედება ეს საკითხი და პრიორიტეტი, პირველ რიგში, ექნება შემოქმედის თემის და საერთოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს.
პირველ რიგში, ჩემი, როგორც ექიმის აქტიურობა იქნება მიმართული ადამიანების ჯანმრთელობისკენ. ვეცდები, მაქსიმალურად მოხდეს იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ჯამნრთელობის პრობლემა აქვს. კი, საყოველთაო დაზღვევა არის, ამ მხრივ „ოცნებამ“ ბევრი სიკეთე გააკეთა, მაგრამ გარკვეულ სოციალურ ფენას დამატებით სჭირდება დახმარება. გარდა ამისა, მოსახლეობასთან შეხვედრისას ბევრი პრობლემა გამოიკვეთა, მაგალითად უწყლობა. სოფლებს ამ მხრივ განსაკუთრებით ივლის-აგვისტოში უჭირს, როცა მდინარეების დონე მკვეთრად იკლებს, ზოგან ჭებიც არ აქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა. კიდევ ბევრი პრობლემა დგას. მთავარია თანხა დაიხარჯოს მიზნობრივად და გაკეთებული საქმე გამოჩნდეს, შედეგი დაიდოს.
გიორგი ბოლქვაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსათვის“: საარჩევნო გარემო არასდროს იქნება განსხვავებული, სანამ ასეთი მმართველობა იქნება ქვეყანაში. ჩუმად, მაგრამ, მაინც ხდება სახელმწიფო რესურსების გამოყენება. ხდება საჯარო სამსახურში დასაქმებულების კონტროლზე აყვანა, რომ ვერ გაბედონ საკუთარი აზრის გამოხატვა. ეს ეხება პედაგოგებს, საჯარო მოხელეებს. ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი რესურსის გამოყენება ბოლომდე, მომდევნო კვირაში უფრო მეტი რესურსი გამოჩნდება. ეს იქნება ფულადი, კოორდინატორების რესურსი. მე ვიცი, რომ რამდენიმე სოფელში, მეთვალყურე ჰყავთ თითქმის ყველა მესამე ოჯახიდან, რომლებიც კონტაქტში არიან ხელისუფლებასთან. ასეთი მიდგომით ვერ მივაღწევთ, რომ არჩევნებში თავისუფალმა მოქალაქემ გამოხატოს ნამდვილი აზრი. ასეთი მიდგომა აუცილებლად შესაცვლელია. 7-8 წლის წინ გამოიკვეთა ტენდენცია _ პოლიტიკა გავიტანოთ სკოლებიდან, ძალოვანი სტრუქტურებიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ დაბრუნდა, უფრო მაღალ ხარისხში, უფრო მუტანტურად.
როცა პანდემია დაიწყო და ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო ჩვენ, ჩვენი პარტიის ეკონომიკურ გუნდს გვქონდა დახმარების სამპუნქტიანი გეგმა, 6-მილიარდიანი ფონდიდან 3 მილიარდი მოხმარდებოდა საშუალო და მცირე ბიზნესს, 2 მილიარდი მცირე საწარმოების გადარჩენას, იყო გათვალისწინებული ტურიზმიც და ასე შემდეგ. ამ გეგმიდან,,ქართულმა ოცნებამ“ პლაგიატურად გადაიღო ბევრი რამე. ახლა გვაქვს ეკონომიკური განვითარების მარშალის გეგმა. პირველ რიგში, მუხლობრივად გავივლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს. უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია თანხების, ადგილობრივი ბიუჯეტების გაძლიერების.
საკრებულოს დონეზე დავინტერესდები, რა თანხაა სოციალურად დაუცველ პირებზე და როგორ ნაწილდება ეს თანხა. გავაკონტროლებთ მაქსიმალურად, რომ ფული არ მოიპარონ. მე ამის დიდი გამოცდილემა მაქვს. ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც, მზად იქნება ხალხს ფული არ მოპაროს, წაართვას. ხმამაღლა ვიტყვით, სად დავინახეთ არაპროფესიონალიზმი, სად არ არის პატიოსნება. ყველაფერზე გვექნება სათანადო პასუხი. მხარს დავუჭერთ პროფესიონალებს, პატრიოტებს და პატიოსნებას.
ინდირა გორგოშიძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაბა ნასაკირალში („მესამე ძალა“): _ ჩვენთვის, კონკრეტული პოლიტიკურ სუბიექტისთვის, წლევანდელი არჩევნები უფრო აქტიურია, ვიდრე წინა. გასულ წელს, ოზურგეთში, ჩვენს აქტიურობას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მივდიოდით მოსახლეობასთან, ვაცნობდით ჩვენს სტრატეგიას და ზოგადად პარტიას. დღეს, ჩვენ უკვე ახალ ეტაპზე ვართ, ახალი შემართებით, ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდული ჯგუფი, სხვადასხვა პარტიებიდანაც შემოგვიერთდნენ.
ხელშეშლა არ ყოფილა. ჩემს სოფელში კონკურენტად ,,ნაციონალიც“ მყავს და ,,ოცნებაც“, მაგრამ არანაირი ხელშეშლა. ყველა თავის საქმეს აკეთებს და კმაყოფილი ვარ ამით. პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის კამათთან, ჩხუბთან ასოცირდებოდა, მაგრამ – არა, სიმშვიდეა ნამდვილად. ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუშალოთ.
შესაძლებლობის შემთხვევაში, პირველ რიგში, წყლის პრობლემას მოვაგვარებდი. ასევე არის ინფრასტრუქტურული პრობლემები გზასთან, განათებასთან დაკავშირებით. თუ ხალხი მხარს დამიჭერს, ჯერ აუცილებლად ჩემ სოფელს მივხედავ. გზის და განათების გარდა, აქ არის რაიონები, სადაც ტრანსპორტის პრობლემაცაა, მაგალითად ნასაკირალის პირველ რაიონში. ნასაკირალში არის რაიონი, სადაც აქვთ კარგი სკოლაც, გზაც, მარკეტიც, პატარა აფთიაქიც, მაგრამ ნასაკირალი მარტო ერთი რაიონით არ შემოიფარგლება. ეს არის დიდი რაიონი და სჭირდება ამბულატორია იქნება ეს თუ მარკეტი, 2-3 მაინც, რომ მოსახლეს უბრალო რაღაცის გამო არ მოუწიოს ქალაქში ჩამოსვლა. შეხვედრისას კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა. ბაღის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ სათანადოდ არ ხდება ნარჩენების გატანა, არ არის სანაგვე ურნები. ნარჩენებს ქუჩაში ხომ არ დაყრიდნენ, ამიტომ მიჰქონდათ სახლებში.
რაზეც მე ახლა ვსაუბრობ ყველაფერი მოგვარებადია მუნიციპალურ დონეზე.
მირზა ჩხიკვიშვილი,საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“): _ასეთი მშვიდი, დალაგებული არჩევნები მე პირადად არ მინახია. თითქოს დაიხვეწა კულტურა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ჩემს წინასაარჩევნო აქტიურობას რაც შეეხება, არის ადამიანებში ნიჰილიზმი, გაღიზიანებულიც არის ამომრჩეველი, ამიტომ ცოტას ვერიდებით, ძალიან გამომწვევად, თვალშისაცემად არ უნდა იაქტიურო. უნდა გააცნო შენი პროგრამა, შესთავაზო გაზეთი, გაუღიმო და წამოხვიდე. არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომ ადამიანს თხოვო მხარი დაგიჭიროს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი მიდგომის, ამით ირღვევა საკუთარი სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
საკრებულო აქამდე დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდა, მაგრამ თუკი შეიქმნება ისეთი საკრებულო, სადაც დეპუტატის და პარტიის წევრის ხმა მნიშვნელოვანი იქნება საკითხის განხილვის დროს, ასეთ შემთხვევაში ექნება აზრი საკრებულოს წევრობას. მაქსიმალურად ვეცდები სამართლიანობით მივუდგე ყველა საკითხს და ჩემი აზრი დავაფიქსირო ხალხის საკეთილდღეოდ. ჩემთვის, ჩემი გუნდის წევრებისთვის მთავარი სოციალური საკითხებია, ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება. მეტი სოციალური პაკეტი, მეტი დახმარება სოციალურად დაუცველ ფენას. ჩვენი პრიორიტეტია იმ სოციალურ ფენაზე ორიენტირება, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება აუცილებელი დახმარება. რაც შესაძლებელია ქალაქის ბიუჯეტიდან გამომდინარე.
კიდევ ერთს დავამატებ, ჩემმა პარტიამ წინა არჩევნებზე დაუშვა შეცდომა, როცა მერობისთვის ბრძოლაში დათმო პოზიცია და მხარი დაუჭირა სხვა კანდიდატს. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებთ, არ გვყავს მერობის კანდიდატი ე.ი არც ერთ კანდიდატს არ ვუჭერთ მხარს. პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის უფრო მისაღებია თალაკვაძის კანდიდატურა. პარტიის სახელით კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ვანო გოგოლაშვილი,მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატი ქ. ოზურგეთის #2 საარჩევნო ოლქში („ანა დოლიძე _ხალხისათვის“): _ საარჩევნო გარემო მთლად იდეალური არ არის, მაგრამ არც ძალიან აუტანელია. მგონი ეძლევათ შანსი სხვადასხვა პარტიებს მერობის კანდიდატებს საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან, მათ შორის საჯაროდ დააფიქსირონ. მაგრამ დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ ოპონენტის ლანძღვა არაა პოლიტიკა. ამ არჩევნებზე ჯერჯერობით ეს მომენტი არ დგას. ჩვენ, ყველა პოლიტიკოსმა, მართვის სპეციალისტმა, მერობის კანდიდატმა უნდა გავითავისოთ, რომ ვუთხრათ საზოგადოებას სათქმელი იმის შესახებ, რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ თვითონ. აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანია ოპონენტის ლანძღვა-გინება, დაკნინება. ეს ყველაფერი პირიქით უბრუნდება ყველა პოლიტიკოსს. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი იმ პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ამ კლიშეთი არ საზრდოობს და აზროვნებს. მე ვარ სრულიად ახალ შექმნილი, სულ რაღაც სამი თვის ისტორიის მქონე პარტიის ,,ანა დოლიძე -ხალხისთვის“ წევრი. პარტიის წევრი გავხდი პირველად, საჯარო სექტორში მუშაობის 30 წლის თავზე, იმიტომ, რომ პირველად დავინახე პარტია, რომელიც ჩემს გემოვნებას მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს, შეიძლება ითქვას სრულად. რატომ? ეს პარტია იწყებს ცარიელი ფურცლიდან,იწყებს ფინანსური რესურსების გარეშე.
ჩვენ უნდა შევცვალოთ ზოგადი პოლიტიკური კლიმატი. ეს პრეტენზია ნამდვილად გამაჩნია, ჩვენი პარტიის პოზიციიდან გამომდინარე. ჩვენი პარტია არის ცენტრისტული და პროდასავლური ტიპის პარტია. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ყველა პროფესიონალი, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, უნდა ჩავთვალოთ რესურსად, უნდა ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მათგანთან. დაპირისპირებების რეჟიმი აუცილებლად არის დასამთავრებელი. ისე ჩვენი საზოგადოება ვერავითარ შემთხვევაში წინ ვერ წავა. ამიტომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, საკრებულოს სხდომა უნდა გავხადოთ სხვა პრობლემებზე ორიენტირებული. საკრებულოს ზოგადი სლოგანი შეიძლება იყოს ,,პარტიული მანტიების გარეშე“ . საკრებულოს სხდომა უნდა იმართებოდეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ხალხია ხელისუფლების წყარო. უნდა ვეცადოთ რიგითი ოზურგეთელის ყოფა გავხადოთ უფრო ასატანი და მისაღები, ვიდრე არის დღეს. რამდენად გამოგვივა დრო გვიჩვენებს.
კოკა ჯახუტაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდარი დვაბზუ-ბახვის საარჩევნო ოლქში, („გახარია საქართველოსთვის“): _ წინასაარჩევნო გარემო მკვეთრად დაძაბულია. სამწუხაროდ, ბოლომდე იქნა გამოყენებული ყველა ტიპის სახელისუფლებო რესურსი ოპოზიციის წინააღმდეგ. ადამიანები, რომლებიც მოწადინებულნი უნდა იყვნენ ადამიანების უფლებების დაცვისკენ, ვალდებულნი არიან დაიცვან ადამიანის უფლებები, სწორედ ისინი ხდებიან მატერორებლები.ადამიანებს უწყობენ შანტაჟს ხმის სანაცვლოდ და ებღაუჭებიან ხელისუფლებას და იმ სკამებს, რომელიც რატომღაც ჰგონიათ, რომ მემკვიდრეობით გადადის. შემიძლია გითხრათ ფაქტები და არა ერთი, განსაკუთრებით ჩემს სამაჟორიტარო თემში, სადაც იყო ზეწოლები და შანტაჟები ისეთ დაუცველ ადამიანებზე, როგორებიც გახმავთ შშმ პირები, სოციალურ ზღვარს მიღმა ადამიანები. ხელისუფალნი გვიმტკიცებენ, რომ კიდევ თუ მივცემთ მათ შანსს და კიდევ ოთხი წელი თუ იქნებიან ხელისუფლებაში რაღაცას უკეთესობისკენ შეცვლიან. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის ეს უკვე გავლილი და ნანახი სცენარია. ნანახი ფილმია რომელიც უნდა ამოვშალოთ ე. წ. ,,დ“ დისკიდან და დავიწყოთ ახლის შენება, ჩვენს გუნდთან ერთად.
მე პირადად ვაპირებ, მოსახლეობასთან ერთად, საერთოდ სხვა სტილის მართვითი სისტემა შემოვიტანო, მართვითი მოდელი, რომელიც იქნება ადამიანის ღირებულებასა და პრობლემებზე ორიენტირებული. ყოვეთვიურად გავმართავ შეხვედრას და შევეკითხები ადამიანებს რა ჭირდებათ? რომელი ერთი პრობლემა ვთქვა? ინფრასტრუქტურის გაუმართავობა მთელი რეგიონის მასშტაბით.ასევე, სასმელი წყლის არ არსებობა.სოფლის ცენტრში არ არის არანაირი სკვერი, სარეკრეაციო სივრცე. სკოლების რემონტი, განათლების სტრუქტურა, რომელშიც მე პირადად ვიქნები წამყვანი ძალა. დელეგირებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს განათლების კომიტეტისთვის ადგილობრივ პრობლემებზე ორიენტირება, 6 საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის ავტორი გახლავართ. ასეთი საგანმანათლებლო ტიპის პროექტების შემოტანას ვაპირებ აქ.მათ შორის ვიბრძოლებ იმისთვის რომ აუცილებლად გადავამზადოთ და სახელმწიფომ გამოყოს ბიუჯეტი პედაგოგებისთვის. რომლებსაც უნდა ვასწავლოთ ერთხელ და სამუდამოდ რომ მხოლოდ თავისუფალ პედაგოგს შეუძლია აღზარდოს მომავალი თაობა.
ზვიად ბზეკალავა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ასკანა-ძიმითი-ნაგომარში : _ჩემს მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან. კარდაკარის პრინციპით ვხვდები ამომრჩეველს, დადებითი განწყობა იგრძნობა მათგან. აგრესია არავისგან მიგრძნია.წინასაარჩევნო გარემო ჩემთვის დამაკმაყოფილებელია და დანარჩენს არჩევნების დღეს გავიგებთ . იმედია, ჩვენი მოლოდინი გამართლდება.
კონკრეტულ მოსაგვარებელ პრობლემებს რაც შეეხება, როგორც ადგილობრივმა, კარგად ვიცი მოსახლეობის პრობლემები. ამ პრობლემების გათვალისწინებით ვუმუშავებ. მაგალითად, ნაგომარში მწვავედ დგას მოუწესრიგებელი გზების პრობლემა, ასევე უწყლობა აწუხებს ადგილობრივებს. ძიმითში ცენტრალური გზა არის, მაგრამ შიდა საუბნო გზები საჭიროებს.
ასკანა-მზიანში ცენტრალური გზის მხრივ კარგი მდგომარეობაა, არის ცალკეული უბნები, სადაც შიდა გზები მოსაწესრიგებელია.
ზაზა თავაძე, ლეიბორისტული პარტია,ქალაქ ოზურგეთის #2 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: საარჩევნო გარემო? პირდაპირ გეტყვით, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში თვალში საცემია მომსყიდველობა. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძლიერდება ეს პროცესი, დადიან და აინტერესებთ, ვის აძლევთ ხმასო.
_ იქნებ გამოკითხვას ატარებენ?
_ არა, არავითარი გამოკითხვა. ხალხს უნდა არჩევანის გაკეთება, მაგრამ არ აცლიან, ფულითა და საჩუქრებით ცდუნებენ.
_ თქვენთან იყვნენ?
_ ჩემთან არა, მაგრამ ვხედავ სხვებთან, სხვის ოჯახებში რომ დადიან. ვხვდები ყველაფერს. ეს პირველი არჩევნები ხომ არ არის ჩემთვის. გადმოცემით ვიცი, ისიც უთქვამთ, ჩვენ ვინც გვინდა, იმას მისცემთ ხმასო.
_ ბატონო ზაზა, პირველ რიგში, რას გააკეთებდით გამარჯვების შემთხვევაში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი?
_ რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, პირველ რიგში, მიუსაფარი ძაღლების პრობლემას მოვაგვარებდი. მისი თავშესაფრით, მისი ყველაფრით. მართლა არ შეიძლება ასეთ ყოფაში იყვნენ როგორც ადამიანები, ისე ეს ცხოველები.
ქალაქში წყალმომარაგებას მოვხედავდი, წამდაუწუმ რომ სკდება მილები. იკარგება წყალი და იტბორება ქალაქი. ერთ დღეს შეაკეთებენ და მეორე დღეს გამოსულია წყობიდან, იმიტომ, რომ უხარისხოდაა გაკეთებული. პროფესიით მშენებელი ინჟინერი ვარ, საკმაო გამოცდილებით, ვიცი, ეს საქმე და ვხედავ, როგორი დარღვევებით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. სულ სხვანაირად გვასწავლიდნენ და ესენი სულ სვანაირად აკეთებენ, არაპროფესიონალები არიან. თითქმის ყველა შენობა მდგრადობის თვალსაზრისით არასაიმედოა, არ იცავენ შრომის უსაფრთხოებას. გახსოვთ, ალბათ, ასეთ დაუდევრობას რამდენიმე მსხვერპლიც კი მოჰყვა ბათუმსა და თბილისში. მოკლედ, ინფრასრუქტურა ჩემი უპირველესი საზრუნავი იქნება. ამავე დროს, დიდ ყურადღებას მივაქცევ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ერთი სიტყვით, იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებ დაახალი საკრებულოს პირველივე სხდომაზე შევხვდებით, ერთმანეთს, თქვენ როგოგრც მედიის წარმომადგენელი და მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან.
ზურაბ ხომერიკი, ,,გირჩი-მეტი თავისუფლება“, პროპორციული სიის მეორე ნომერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ნატანებში: _ დაძაბული წინასაარჩევნო გარემოა. რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატია სხვადასხვა უბანზე. დამოუკიდებელი კანდიდატები ჰაერზე არ აყენებენ კანდიდატურას. კენჭს იყრიან იქ, სადაც მეტი შანსი აქვთ, სანაცნობოს, საახლობლოს გათვალისწინებით. შესაბამისად ეს გარემოებები შანსს უმცირებს სახელისუფლებო კანდიდატს, რომ კონკრეტული უბნიდან წამოიღოს ხმა. ასეთი სიტუაციია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელისუფლებაში ყველაფერს კარგად იაზრებენ, ამიტომაცაა მათი მხრიდან რესურსების მაქსიმალური მობილიზება. იგივე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, მე არ მჯერა, რომ ვიღაცამ ფარულად გამოიტანა ჩანაწერები. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ჩვეულებრივად ,,გამოაცურა” ჩანაწერები და საპატრიარქოს ამით მიანიშნა იმაზე, რომ კომპრომატები აქვს და უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს საპატრიარქოს რესურსი არჩევნებზე ხელისუფლებისთვის მხარდამჭერების და ხმების მოტანაში.კონკრეტულად მე საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა არ მქონია, არავინ მოსულა ჩემთან ან ჩემს საახლობლოში.,,გირჩი“ დეცენტრალიზაციის მომხრეა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ცინიკურად მეჩვენება, ხალხს ვუთხრა, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში ერთი კონკრეტული ადამიანი პრობლემებს მოგვარება: _ მაგ. წყალს ან შუქს გავიყვან. ყველაფერი არის კონტექსტიდან გამომდინარე, ქვეყანა ახლა ისეთ ვითარებაშია, გეზი იცვალა, ხელისუფლება ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და ამ ძალაუფლების არდასათმობად ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის იმაზე, რომ საქმე დაიჭიროს ჩრდილოეთისკენ, ამაზე ლაპარაკი უკვე ღიად მიდის. ამ ფონზე რომ მე ვიღაცას ვუთხრა, აქ ჩამოვალ და წყალს გავაკეთებ-მეთქი, არ იქნება სერიოზული ჩემი მხრიდან. მანქანას რომ მართავ და ხევში იჩეხები, სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ბენზინს აპარებს, პირველი თავში რაც მოგდის, ის არის, რომ როგორმე ეს მანქანა გააჩერო და არ გადაჩეხო ხევში. როცა ამ პრობლემას მოაგვარებ, მერე უკვე იწყებ ფიქრს, როგორ უშველო სხვა პრობლემებს. ასეა _ როცა მთავარ პრობლემას გადაწყვეტ, მერე იწყებ ფიქრს, როგორ მოაგვარო პრობლემები ქვეყნის შიგნით.
ესაუბრა მარი კოძოევი
მსგავსი სტატიები
- 9328 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 91ავტორი მარი კოძოევი დღეს, ქ. ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა „ალტ ინფოს“ ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნან. ირმა გორდელაძე, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე: _ ჩვენ ვართ ადამიანები რომლებსაც გაგვაჩნია ღირსება, სამშობლოს, ტრადიციების, სარწმუნოების სიყვარული. გვინდა დემოკრატული, მშვიდოებიანი ქვეყანა საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის.…
- 87მელიტონ მუსხელიშვილი _ქართველი მეცნიერი რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა. ის მთელი ცხოვრება მხოლოდ მეცნიერული პრობლემებით იყო დაკავებული. მას აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ მისი აღმოჩენებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დაინტერესდებოდნენ. პროფესორ მუსხელიშვილის მონოგრაფიამ „ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველის ატომების, მოლეკულების და ქაოტური ძალისმიერი ხაზების ვაკუუმური რხევები ქიმიური სტიმულირებისას “ სამეცნიერო წრეებში სრული…
- 87ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება, საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და რაოდენობრივი შეზღუდვის გაუქმება, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ დაწესებულებებში - ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც 22 მარტს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებები საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ შეაფასა. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინების გადაყრა ეს არის…
- 84ავტორი მარი კოძოევი ყოფილმა პრემიერმა და პარტია,,საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ოზურგეთში, პარტიული ორგანიზაცია დააფუძნა და როგორც თავად თქვა წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო. გახარიამ მერობის კანდიდატიც წარადგინა. ,,კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის განსახიერება" ასე წარადგინა მან გია ცეცხლაძე. ,,როგორც კი ოზურგეთში ღირსეული კანდიდატი წარვადგინეთ დაიწყო ღირსეული კანდიდატების ცვენა, მაგრამ ღირსეულთა შორის ღირსეული გიაა“_ თქვა…