ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები.
ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.
1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14 სექტემბერს დაამტკიცეს მონადირეთა საზოგადოების წესდება, რომლითაც უნდა ენადირათ დადგენილი წესით, დაეცვათ სასარგებლო ფაუნა, ებრძოლათ ბრაკონიერებთან, გაეუმჯობესებინათ ნადირობის წესები და სამონადირეო ძაღლების ჯიშები, შეესწავლათ ადგილობრივ ფრინველთა სახეობები და მათი ცხოვრების წესები.
ფეოდალურ საქართველოში ბაზით ნადირობას მაღალი თანამდებობის პირი_ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, „მის ხელსა იყო სრულიად ბაზნი, ბაზიერნი, მეძაღლენი, ძაღლნი ტყეთა და ველთა მცველნი სანადიროთა მეფისათა.“ ნადირობის დროს თავადები ქორ-შევარდენით ნადირობდნენ, უფრო დაბალი წოდებისანი _ მიმინოთ.
თავად ბაზიერი _ქორ-შევარდენთა დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე იყო ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. .
გურიაში მოძიებული ცნობების მიხედვით, როგორც ბაზიერნი, ცნობილი იყო გოგუაძეების გვარი, რომლებიც ჯერ საუკუნეების წინ ჩამოსახლდნენ აჭარიდან. გასული საუკუნის 40, 50-იანი წლებიდან ბაზით ნადირობის მიმდევრები გახლდათ გურიაში ურუშაძეები, თავართქილაძეები, ლომთათიძეები, გოგიბერიძეები…
_ბაზიერობა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. მიმინოს დაჭერა, გაწვრთნა-ნადირობა, რეგიონალურ და რესპუბლიკურ ჩემპიონატებში მონაწილეობა ჩემი ჰობი გახლდათ. თავშივე გეტყვით, _ მიმინოს ვუბრუნებთ დედა-ბუნებას_ამბობს ზაური მეფარიშვილი.
მაკვანეთში, გორმაღალას მიდამოებში ვიჭერდით მიმინოს. შევარდენი ოზურგეთელი ბაზიერებიდან მხოლოდ გიგა ლომთათიძეს ჰყავდა. გიგას გარდა გორმაღალაზე მიმინოებს იჭერდნენ სულიკო, ჟორა თავართქილაძეები, ფაკო მახარაძე, რობერტ ჟღერია, კუკა ხავთასი , გივი ცქვიტინიძე და სხვები.
მე და ჩემი ძმა ბიჭიკო თხემლის ტოტებით მოვაწყობდით კარავს და სატყუარა ჩიტის საშუალებით მივიტყუებდით მიმინოს. ყველა მიმინო არ გამოდგება სანადიროდ, და თუკი დედალ, ნარდ(გამართულ) მიმინოს დავიჭერდით, ორთავე ფეხზე წვრილ ზონარს მოვაბამდით, თვალებს ავუხვევდით და სახელდახელო ქანდარაზე ვსვამდით.
სასურველი მიმინო დაჭერისთანავე შინ მიგვყავდა და ის ღამე არ გვეძინა. თვალახვეულ მიმონოს სინათლის შუქზე თვალს ავუხსნიდით, მარცხენა ხელზე ჩავიცვამდით ტყავის ხელთათმანს, რათა მიმინოს ბრჭყალებით ხელი არ დაეკაწრა, ხელზე დავისვამდი და დროგამოშვებით წყნარად ვუსტვენდი, მკერდსა და ფრთებზე ფრთხილად ხელის გადასმით ვეალერსებოდი, ვაწყნარებდი და დილამდე ხელზე გვეჯდა. გამთენიისას გარეთ, ეზოში გაგვყავდა და მყუდრო ადგილას ვასეირნებდით. შემდეგ კი სხვა პროცესები იწყებოდა.
გამართული ნარდი მიმინოთ არაერთ შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა ლანჩხუთში,ჩოხატაურში, სამტრედიაში, ბათუმში, თბილისში და წარმატებებსაც ვაღწევდი.
უნდა გითხრათ, 2-3 წელია მიმინო არ დამიჭერია. გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის წევრი ვარ და ნადირობის სეზონზე გომისმთასა და ბახმაროში ვნადირობ.
ოზურგეთში ხე-ტყის ბაზის დირექტორი იყო ვახტანგ თავართქილაძე, რომელთან ერთადაც სტუმრად ვიყავით უფაში ქართველ მეგობართან და 19 დღე ვინადირე. იქ ბლომად იყო ლოსი, გარეული ინდაური, ე.წ. „გლუხარი“, კურდღელი და ა.შ. „ტოზ 555“ ვნადირობდი. _გვითხრა ოზურგეთელმა ზაურ მეფარიშვილმა.
არა მარტო ოზურგეთში, საქართველოს მრავალ რეგიონში იცნობენ ბაზიერი ქალის _კლარა თავართქილაძის სახელს.
_მამა ვალერიანი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. 6 და-ძმა გაგვზარდა ობლობაში დედამ . მე ნაბოლარა ვიყავი და 13 წლის ასაკში მოვკიდე ამ საინტერესო საქმეს ხელი.
დედა-ასმათი მიმინოს არნახულად წვრთნიდა. წარმატებული ბაზიერები იყვნენ ჩემი უფროსი ძმები სულიკო და ჟორა.
მაკვანეთში, გორმაღალაზე სულ იმის ცდაში ვიყავით, ჩოხატაურლებსა და ლანჩხუთელებს გამოქცეული კარგი მიმინო დაგვეჭირა, „ნაპერტყულები“ არ შეგვხვედროდა. ჩვენ მათ სახელდახელოდ მოწყობილ თხემლის კარავში ველოდებოდით, სადაც, ვამაგრებთდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში თვალებზე ტყავაფარებულ ღაჟოს ვათავსებდით. როცა მიმინო გამოჩნდებოდა, ჯერ ნელ-ნელა მოფრინავს, ბოლოს 10-15 მეტრ სიმაღლეზე შეკრავს კამარას და შურდულივით დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით. იმდენად სწრაფად მოდის, ამ დროს, ქშინავს, აქ იყო საჭირო ჩვენი მარიფათი და სისწრაფე, თუ რა სწრაფად დაიჭერ ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს, თუ აცდება, სხვა კარავში აღმოჩნდება. (იგი ნადირობისას არ ერიდება დიდი სიჩქარით ხის ან ბუჩქების ხშირ ტოტებში შევარდნას).
ამ დროს დავუძახებდი: _გიგა (ლომთათიძე) შენია, შენი…ან _ფაკუ (მახარაძე), შენია შენი…ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარავში შემოვარდილი მიმინოს სწრაფად დაჭერა ისე, რომ არ ეტკინოს წელი, ფეხები, თავი.ბადე ორ ჯოხზეა, ავწევთ ერთ ჯოხს და ფრთხილად გამოგვყავს მიმინო.
გამოყვანისას შუათითზე დააჭერ ხელს, შუათითის ბოლო ფალანგას აუწევ და გაუხსნი ფეხებს და გამოიყვან. თვალებს ნემსი და ძაფით ამოუკერავ და ეფერები ფრთის, გულ-მკერდის გარშემო. ჩაუყვები ყელამდე. კუდზე 12 ცალი ბუმბული აქვს. ერთიც რომ მოძვრეს, იგი ფრენის სიზუსტეს კარგავს.
თუ მიმინო დილის საათებში დაიჭირე, გიზის ხელზე, რომელზეც ტყავია. პირველ შემთხვევაში მწყერის ტვინს აჭმევენ მიმინოს, რომელიც მას ძალიან მოსწონს. ისე კი, წელიწადში ერთ მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდება.
ბაზიერი ყოველივე ღონეს ხმარობს, რომ ფრინველი მიიჩვიოს და დაიახლოვოს. მიმინოს არ უნდა ეშინოდეს შინაური ცხოველის, განსაკუთრებით ძაღლის. ეს ყველაფერი მისაღწევია მიმინოს ხშირად ხელზე ტარებით. მიმინოს მართვის პირველი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ დილით ადრე, მას მარჯვენა ხელით ბრჭყალებში მისცემენ ხორცის ნაჭერს და უნდა ეცადო, რომ მიმინომ ხორცი შეჭამოს. მშიერმა მიმინომ თუ ხორცს ნისკარტი დაჰკრა და ჭამას შეუდგა, ეს იმის დასტურია, რომ მიმინო კარგი ხასიათისაა და მისი გამართვაც ადვილია.
თუ ოთხი დღის განმავლობაში მიმინომ ხორცი არ შეჭამა, მას ბუნებაში აბრუნებენ.
გამართვამდე მიმინოს დღეში ორჯერ უნდა კვება _დილით და საღამოთი, ხოლო გამართვის შემდეგ დღეში ერთხელ _საღამოთი. თითოეულ ჭამაზე მას უნდა მიეცეს ქონგაცლილი, უმარილო, უთარღვო ხორცი არანაკლებ 100 გრამისა ან ორი პატარა ჩიტი. საკვებად იყენებენ საქონლის, ცხვრის, ღორის, ცხენის ხორცს. ფრინველებიდან ყვავის ხორცი არ გამოდგება._ დაწვრილებით და ემოციურად გვიყვება მიმინოს შესახებ ქალბატონი კლარა თავართქილაძე.
იგი მიმინოს შემდეგი მოთვინიერების შესახებაც გვესაუბრა: _გამძღარი მიმინო მიზაშეწონილია დავსვათ ქანდარაზე 2-3 საათი მაინც, ხოლო საღამოთი _გათენებემდე.უნდა მიაღწიოთ იმას, რომ მიმინო თქვენთან მოფრინდეს არა მარტო ხორცის ჩვენების დროს, არამედ ცარიელ ხელზეც. როცა მიმინო საქმიერს სრულყოფილად აითვისებს, შეიძლება იგი გამართულად ჩაითვალოს. გამართული მიმინო კი არა ქანდარაძე, არამედ თურზე უნდა გვყავდეს დამჯდარი და იქვე უნდა ჰქონდეს წლით სავსე ჭურჭელი.
ამის შემდეგი ეტაპია ბავლის გაგდება. ჩაპურების წინა დღით გამართულ მიმინოს საღამოთი უნდა მოაკვლევინოთ მწყერი ან მწყრისფერი წიწილა. ამას შემდეგნაირად ვაკეთებდით;_ 10 მეტრიანი წვრილი ზონარის ერთი ბოლო უნდა წაებას ხიზას, ხოლო მეორე ფეხზე მწყერს ან წიწილას, რომელიც ბაზიერს დამალული ჰყავს მიმინოსაგან, მიმინო კი უზის მარცხენა ხელზე. მოულოდნელად მწყერი ან წიწილა ბაზიერმა უნდა აისროლოს მაღლა, თვალს მოჰკრავს თუ არა აფრენილს, მიმინო სწრაფად ხელიდან გავარდება, ჰაერშივე იჭერს მსხვერპლს, ეშვება მიწაზე, შეჩერდება და რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყებს კორტნას.მაშინაც კი ნელი ნაბიჯით, სტვენით ფრთხილად უნდა მიუახლოვდეთ მიმინოს, დაიჩოქოთ, მწყერი (წიწილა) დაათვალიეროთ, მწყერს თავი გაუჩეხოთ და გადმოსული სისხლი მიმინოს დაანახვოთ.
მიმინო მწყერს ან წიწილას თავში ნისკარტს ჩაჰკრავს და ტვინს ამოაცლის. როდესაც თავს თითქმის სრულად შეჭამს, მას მწყერი ბრჭყალებიდან ფრთხილად უნდა გამოაცალოთ და მისი ულუფა ხორცი, რომელიც მომზადებული უნდა გქონდეთ, ბრჭყალებში შეაპაროთ და ასე გააძღოთ. ამას ეწოდება ბავლის გაგდება.
უნდა იცოდეთ, რომ მტაცებელი ფრინველი გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ბუნებას უბრუნდება.მყავდა კაპუეტიც,(ნაზამთრალ მიმინოს ეძახიან), მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ იგიც ბუნებას უბრუნდება.
თუმცა, ყველაზე სამახსოვრო მისთვის თეთრი მიმინო „დედოფალი მიმინო“ იყო, რომელიც ძმასთან, ჟორასთან ერთად დაიჭირა და რომელმაც მას 1962 წელს რეპუბლიკურ შეჯიბრზე დიდი წარმატება მოუტანა.
იგი ამბობს, რომ მაკვანეთში, გორმაღალაზე კარგა ხანია აღარ დადის, რადგან გულის ოპერაცია გაიკეთა და ბაზიერობაზე მხოლოდ მისი გამოცდილების გაზიარებით შემოიფარგლება.
რატომ ნადირობენ მწყერზე ბაზით?_ეს კითხვა დაგვისვა ჩვენ ქალბატონმა კლარამ და თავადვე უპასუხა:
_გამოცდილი მონადირეები მწყერზე ბაზით ნადირობას ანიჭებენ უპირატესობას. ეს ხალისიანიც არის, ხოლო მიმინოთი დაჭერილი მწყერი უფრო ხარისხიანია, რადგან თორმეტკალიბრიანი თოფით მოკლული მწყერი ხორცს კარგავს.
მიმინოთ პირველი ნადირობის დღე სამარადჟამისო მეგობრობის დასაწყისია. მონადირის ნიშანი, ძაღლის ყეფა და მიმინოს ტყვიასავით გავარდნა ერთია. ამის შემდეგ მას მის მიერვე დაჭერილი მწყერის ტვინს აჭმევენ, რასაც ჩაპურება, ანუ დათვალტვინება ჰქვია. როგორც ამბობენ, მწყერის ტვინი იმდენად გემრიელია, რომ მისი გასინჯვის შემდეგ მიმინო მზად არის, კვლავ წაყვეს მონადირეს მწყერზე სანადიროდ.
ქალბატონი კლარა სპორტული შეჯიბრებების შესახებაც გვესაუბრა.
_ თავდაპირველად შეჯიბრებებზე ქალთაგანი მარტო მე ვიყავი. სამი წლის შემდეგ გამოჩნდა ჩოხატაურიდან გიული ბერძენიშვილი. შეჯიბრებებზე წვრილი ხისგან გაკეთებულ თურზე იჯდა ჩემი „ბერკუტი“. ჩემი გადასახედიდან არა შეჯიბრებებში მოპოვებულ წარმატებებს ვაყენებდი წინა პლანზე, არამედ თვით მიმინოს „აღზრდის“ და შემდეგ გაწვრთნის პროცესს. ჩემი დაგეშილი მიმინო ყოველთვის გამოირჩეოდა სილამაზით, სისწრაფით, ალღოთი.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1961 წელს მივიღე სოხუმში.
ძველი, ყვითელი ავტობუსი ჰყავდა ზაურ ვანიძეს. ერთად დავყავდით შეჯიბრებებზე ჩვენ, მონადირე ძაღლები და ქორ-მიმინოები.
1965 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი. მთავარი მსაჯი ნუგზარ აფციაური იყო. სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონიდან შეღებილი მიმინო ჰყავდათ „საჩემპიონდ“ ჩამოყვანილი. მსაჯებმა ვერ შენიშნეს, მაგრამ ცნობილი ბაზიერის, ავთანდილ ურუშაძის მახვილ თვალს არ გამოეპარა…კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ…
ჩემმა მიმინომ მაშინ ექსტერიერში 100 ქულა დაიმსახურა.
„მრავალი მაყურებლის ინტერესი გამოიწვია ამას წინათ „ლოკომოტივის“ სტადიონზე მოწყობილმა უჩეულო ასპარეზობამ _დამჭერ ფრინველთა მეორე რესპუბლიკურმა გამოფენა-შეჯიბრებამ.
ასპარეზობაში მონაწილეობდა 90 ბაზიერი. სტადიონზე გამოსული იყო 14 გუნდი.
გამოფენაზე წარმოდგენილ დამჭერ ფრინველთა შორის პირველი ადგილი მიეკუთვნათ მახარაძელი ბაზიერის ავთანდილ ურუშაძისა და ჩოხატაურელი ბაზიერის დავით მგალობრიშვილის მიმინოებს. ასპარეზობაში კარგ მაჩვენებლებს მიაღწიეს ქალიშვილების კლარა თავართქილაძისა (მახარაძე) და გიული ბერძენიშვილის (ჩოხატაური) ფროსანმა მონადირეებმა.“ (გაზ. „თბილისი,“30 ოქტომბერი, 1970 წ.)
ძალიან საინტერესოდ წარიმართა 1971 წლის 16-17 ოქტომბერს ჩოხატაურის სპორტულ მოედანზე დამჭერ ფრინველთა რესპუბლიკური გამოფენა-შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის, მახარაძის, ლანჩხუთის, გეგეჭკორისა და ჩოხატაურის გუნდები.
აქ პირველი ადგილის პრეტედენტები იყვნენ ჩოხატაურისა და მახარაძის რაიონები, საიდანაც სამ-სამი გუნდი (გუნდში ხუთი კაცი შედიოდა),იღებდა მონაწილეობას.
პირველ დღეს ჩატარდა დამჭერ ფრინველთა გამოფენა სილამაზესა და ექსტერიერში. მსაჯებმა ერთმანეთის პირისპირ დააყენეს 1970 წლის აბსოლუტური ჩემპიონის ჩოხატაურელი მამული გიორგაძისა და მახარაძელ ავთანდილ ურუშაძის მიმინოები. ავთანდილ ურუშაძის მიმინოს მსაჯთა კოლეგიამ ერთხმად მიანიჭა პირველი ადგილი. მეორეზე გიორგაძე გავიდა, მომდევნო საპრიზოებზე ჩოხატაურელი ბაზიერი და ლანჩხუთელი რ. იმნაიშვილი.
მეორე დღეს შეხვედრები გაიმართა საველე შეჯიბრებაში, სადაც მამული გიორგაძის მიმინომ 70 ქულა მოაგროვა, ხოლო ავთანდილ ურუშაძის მიმინომ 100 ქულა და 1971 წლის საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის წოდება და პირველი პრიზი მიიღო.
ქალთა შორის უმაღლესი შეფასება მიიღო და საქართველოს ჩემპიონი გახდა მახარაძელი მედდა კლარა თავართქილაძე, რომლის მიმინომ როგორც ექსტერიერში, ისე საველეში საუკეთესო შეფასება მიიღო.
ქ. მახარაძის #1 საშუალო სკოლის მოსწავლის მამუკა ლომთათიძის გაწვრთნილმა მიმინომ საუკეთესო შეფასება მიიღო და პირველი პრიზით დაჯილდოვდა ახალგაზრდებს შორის.როგორ იმჟამინდელი პრესა აღნიშნავდა მამუკას წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღოდა მის მამას, ბაზიერ გიგა ლომთათიძეს და ღვაწლმოსილ ბაზიერ ბაბუას _იორდანე ლომთათიძეს.
ასევე უმაღლესი შეფასებები მიიღეს ჭაღაროსანი ბაზიერების ვალერიან ღლონტის და ხარიტონ გოგიბერიძის მიერ გაწვრთნილმა მიმინოებმა.
ულამაზესი ფრინველი გამოიყვანა ალიოშა თოხაძემ, რომელიც ექსტერიერში მოხვდა საპიზო ადგილზე და საველეში უმაღლესი შეფასება მიიღო. ასევე უმაღლესი შეფასებები მიიღეს ძველმა ბაზიერებმა _ დავით ბეშიტაიშვილმა და ანდრო კვაშალმა. 100 ქულა მიიღო ენვერ კონტრიკაძის მიერ გამოყვანილმა მიმინომ. კარგი შეფასებით დაამთავრეს შეჯიბრი ძველმა ბაზიერმა ილია შევარდნაძემ, უხუცესმა ბაზიერებმა ალექსანდრე ურუშაძემ, შალვა ბეშიტაიშვილებმა.
რაიონებს შორის ყველაზე მეტი ქულით (1322) გაიმარჯვა მახარაძელმა ბაზიერებმა. მეორე ადგილი _ჩოხატაურელებს (1320 ქულა) ერგოთ.
აქვე აღნიშნავდნენ, რომ ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა დამჭერ ფრინველთა სექციას (რევაზ ურუშაძე), ასევე ბაზიერებს რომან გოგიბერიძეს, ბიჭიკო მეფარიშვილს, სულიკო, ჟორა თავართქილაძეებს, გიზო შევარდნაძეს, მიხეილ ხავთასს და ყველაზე ახალგაზრდა ბაზიერს ბიძინა ბეშიტაიშვილს.
ამ წელს მახარაძის მონკავშირმა (თავმჯდომარე ვლადიმერ ჯინჭარაძე) დააწესა ფაკო მახარაძისა და მიხაკო ნაკაშიძის გარდამავალი თასი.
გაზეთ „ლელოში“საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის დამჭერ ფრინველთა სექციის თავმჯდომარე ა. სირაძე წერდა:
„სამტრედიაში ჩატარდა დამჭერი ფრინველების გამოფენა-შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის ასსრ, მახარაძის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ქობულეთისა და გეგეჭკორის რაიონების გუნდები. სულ სარბიელზე გამოიყვანეს 67 ფრინველი _56 ნარდი მიმინო (1975 წელს ნაჩეკი), 8 კაპუეტი და 3 ქორი. 22 ფრინველმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ნარდ მიმინოებს შორის ყველას აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა ჩოხატაურელი ვ.ნინიძის გაწვრთნილმა ფრინველმა. II და III ადგილები შესაბამისად ხვდათ ბათუმელი დ. მჭედლიშვილისა და ჩოხატაურელი ი. ჩხიკვაძის მიმინოებს.
კაპუეტებს შორის ყველას აჯობა მახარაძელი კლარა თავართქილაძის ნაზარდმა. მომდევნო საპრიზო ადგილები ერგოთ ჩოხატაურლების ი. ღუტიძისა და რ. ჩხიკვაძის კაპუეტებს.
ქორებს შორის იმარჯვა მახარაძელი მიხეილ გიორგაძის ფრინველმა.
მეორე დღეს გაიმართა საველე შეჯიბრება. გუნდებს 5-5 ფრინველი გამოჰყავდათ. მიმინოები ძალიან ჭირვეულობდნენ_მწყერს გამოდევნებას ცაში განავარდებას ამჯობინებდნენ და მხოლოდ მარჯვე მონადირეებს შეეძლოთ მათი უკან დაბრუნება.
კომპლექსურ ჩათვლაში I ადგილი დაიკავა ჩოხატაურის მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებამ, II ადგილზე გავიდნენ მახარაძის რაიონის, III_ აჭარის წარმომადგენლები.“ („ლელო,“#222, 7.XI, 1975 წ.)
1972 წელსაც კლარა თავართქილაძის მიმინომ ქ. ბათუმში გამართულ მე-4 რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრშიც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1974 წლის 19-20 ოქტომბერს ქ. ლანჩხუთში ჩატარდა დამჭერი ფრინველების მე-6 რესპუბლიკური გამოფენა-შეჯიბრი. მონაწილეობდნენ ბათუმის, ქობულეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და სხვა რაიონების გუნდები.
როგორც მახარაძის მონადირეთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ვლადიმერ ჯინჭარაძე რაიონულ გაზეთში წერდა, „სათანადო მუშაობა გასწიეს დამჭერ ფრინველთა სექციამ, რომელსაც რევაზ ურუშაძე ხელმძღვანელობდა.
დამჭერ ფრინველთა გაწვრთნის საქმეში კი კარგად იმუშავეს ძველმა ბაზიერებმა: ხარიტონ გოგიბერიძემ, ვალერიან ღლონტმა, ალექსანდრე ურუშაძემ, ანდრო კვაშალმა.
ბრძოლა საპრიზო ადგილისათვის წარიმართა მახარაძელ და ჩოხატაურელ ბაზიერებს შორის. პირველ დღეს, პირველი ადგილი და სილამაზის პრიზი დაიმსახურა ჩოხატაურის წარმომადგენელმა. მეორე ადგილი მიეკუთვნა მახარაძელ ბაზიერ კლარა თავართქილაძის მიმინოს, ხოლო მესამეზე ჩოხატაურის წარმომადგენელი გამოვიდა.
საინტერესოდ წარიმართა მეორე გადამწყვეტი დღე, როცა მიმინოებს უნდა ეჩვენებინათ თავიანთი მტაცებლური თვისებები. ამ სახეში დაწინაურდნენ მახარაძელი ბაზიერები და-ძმა გ. და.კ. თავართქილაძეების, ს გოგიბერიძის, გ. ცქვიტინიძის, ა. ურუშაძის, გ. ლომთათიძის, ე. კოტრიკაძის, ბ. მეფარიშვილის, ვ. ცენტერაძის მიმინოები.
ყველაზე ახალგაზრდა ბაზიერმა, მახარაძის #1 საშუალო სკოლის მოსწავლემ, მამუკა ლომთათიძემ გამოფენაზე წარმოადგინა საუკეთესო ექსტერიერის მქონე მტაცებელი (ქორი), რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო.
მსაჯთა კოლეგიამ შეაჯამა ორი დღის შედეგები: მახარაძელმა ბაზიერებმა საგრძნობლად გაუსწრეს მეტოქეებს, საერთო ჯამში მოაგროვეს 930 ქულა და დამსახურებულად მოიპოვეს საქართველოს რესპუბლიკის დამჭერ ფრინველთა 1974 წლის ჩემპიონის წოდება, გარდამავალი თასი და პირველი ხარისხის დიპლომი“. („ლენინის დროშა,“#135, 12.11.1974 წ.).
ქალბატონი კლარა აფხაზი ბაზიერების შესახებაც მოგვიყვა.
_კარგი ბაზიერები იყვნენ აფხაზები _ამბობს ქალბატონი კლარა, _ ოღონდ ქორის და მიმინოს გაშვების თავისებური წესი ჰქონდათ.გაშვებისას აფხაზები მტაცებელის ფრთებს, ფეხებს, კუდს მუჭში მოიქცევდნენ და ისე ისროდნენ… 1972 წლიდან მსაჯთა კოლეგიაშიც შემიყვანეს აფხაზ სერგო ამიჩბასთან ერთად…1962 წელს სოხუმში აფხაზ ბაზიერებთან გადაღებული ჩემი და ჩემი „ბერკუტის“ ფოტო თბილისის მუზეუმში ინახებოდა…
ჩემს ძმებს მონადირე ძაღლიც ჰყავდათ და ნადირობისას როცა მწევარი მწყერს ააფრენდა, მიმინოს ჯერიც დადგებოდა. ისე, უნდა იცოდეთ, რომ ჯიუტია და ხშირად არ მოგყვება ჟანგისფერი მიმინო. ჟორა წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე. 1966 წელს მისმა ძუ პოინტერმა „ჩიტამ“ 24-ე სარაიონთაშორისო ძაღლების გამოფენაზე მაღალი შეფასება მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.
_გიგა ლომთათიძეს ჰყავდა ოზურგეთში გაწვრთნილი შევარდენი. წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე. ერთ-ერთი შეჯიბრების შემდეგ თურქი სტუმარი შეუჩნდა (მაშინ იშვიათობა იყო თურქი საქართველოში) _მომყიდე ეგ შევარდენი და 5 ათას მანეთს (დაახლოებით 7 ათას დოლარს) გადაგიხდითო.
გიგამ უარი უთხრა მიყიდვაზე.ბოლოს სტუმარს პატივი სცა შევარდენი და აჩუქა…
ისე, მისი მეხსიერებით ოზურგეთში ბაზიერობის პიონერები იყვნენ იორდანე ლომთათიძე, ვალიკო თაყაიშვილი, ალიოშა თოხაძე,(ვეტექიმი, მონადირეების მარჯვენა ხელი), სანდრო ურუშაძე (ავთანდილ ურუშაძის მამა)…
ქალბატონი კლარა იგონებს ფარნავაზ მეფის ქუჩის შესანიშნავ მეზობლებს, რომლებთან ერთად გადაიტანეს ომის წლები და სიღარიბე.
_გრიშა კუნჭულია ფარმაკოლოგი იყო. ყოველთვის მოგვიკითხავდა. ახლა გაგეცინებათ და მაშინ 2-3 კვერი საპონი დიდი საჩუქარი იყო.
ასეთივე ყურადღებიანი იყვნენ საშა კოპლატაძის ოჯახი, ზაქარიაძეები, დეიდა ელიჩქა და სხვები…
არ დაოჯახებულა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ოზურგეთის რაიონულ საავადმყოფოში იმუშავა მედდად.
_საუკეთესო კოლექტივი: ბატონი ნესტორ თოიძე, ვენერა გირკელიძე, რობიზონ დონაძე, დიმიტრი თოდრაძე, აკაკი სკამკოჩაიშვილი…
მახსოვს, ოზურგეთში სტუმრად მყოფ ცნობილ ვიშნევსკის ვეთამაშე ჭადრაკი. იყო ასეთი საინტერესო წლები…
1 ნოემბერს ქალბატონი კლარა თავართქილაძე 85 წლის გახდება.
ძალიან საინტერესოა ბაზიერების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც მიმინოებს სოფელ ვაკიჯვარში იჭერდნენ და ბეშიტაიშვილების მიერ მოწყობილ კარვებით სარგებლობდნენ. ამის შესახებ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელი დავით მეგრელაძე გვესაუბრა:
_ბაზიერობის ტრადიცია გურიას აქვს. ვაკიჯვარში, ქორბუდეში შალვა ბეშიტაიშვილს რამდენიმე ქოხი ჰქონდა, რომელიც კარგი ბაზიერი იყო და ქორ-მიმინოებსაც იჭერდა და წვრთნიდა.
სილევან მეგრელაძის გადმოცემით ვიცით, რომ გასული საუკუნის ბოლოს სოფელ ლიხაურში იყო ბებურიშვილის ქალბატონი, (არ ვიცი ატატო თუ სხვა იყო), რომელიც კარგი ბაზიერი გახლდათ. სილევანის ვაჟი, ბიჭიკო მეგრელაძე, რომელსაც მომავალ წელს 100 წელი შეუსრულდებოდა, კარგი ბაზიერი იყო. სპორტის ოსტატი იყო სასტენდო სროლაში. ბიჭიკოს მიღწევაა 200-დან 200 ქულა საკავშირო მნიშვნელობის მიტიშჩის (მოსკოვის ოლქი) ცნობილ სასროლეთზე.
ბიჭიკო კარგი მიმინოს მოსაპოვებლად არა მარტო ვაკიჯვარში (ქორბუდე) და მაკვანეთში (გორმაღალი), არამედ სამეგრელოშიც დადიოდა და იქაც(ნაბადა, ფოთი) იჭერდა მიმინოებს.
კრემლის დაცვის ყოფილი უფროსი საშა ლეგუნოვი, რომელიც ყოფილი სსრკ ნაკრძალების უფროსი გახლდათ ბიჭიკოსთან მეგობრობდა და დაჰყავდა ჩრდილოეთში ლოსებზე სანადიროდ.ამ სანადირო მოგონებეთან დაკავშირებულია ლიხაურელი რეზო სალუქვაძეც.
ასევე ბაზიერი და სპორტის ოსტატი გახლდათ მრგვალ სტენდზე სროლაში შვილიშვილი ზურაბ მეგრელაძე. იგი კარგი ბაზიერი და მრგვალი სტენდის მწვრთნელიც გახლდათ.
რაც შეეხება ბუხუტი ჯინჭარაძეს, იგი სპორტის ოსტატი გახლდათ გრძელ სტენდზე სროლაში.
მეგრელძეები, ჯინჭარაძეები კარგი მესტენდურეებიც იყვნენ და კარგი მონადირეებიც…
ამჟამად მაკვანეთში, ბაზიერების გორაზე გარდაცვლილ ბაზიერთა მემორიალია მოწყობილი, სადაც ყოველწლიურად, ნადირობის სეზონის გახსნისას იკრიბებიან ვეტერანი და ახალგაზრდა მონადირეები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპეციალისტი საბაზიერო საქმეში, გურიის სამონდირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის ხელმძღვანელი ენვერ კომახიძე:
_კარგად იცით ჩვენი რეგიონი, კოლხეთის დაბლობი გადამფრენი ფრინველების შესანიშნავი დერეფანია. ისინი, მათ შორის მტაცებელი ფრინველები დიდი კავკასიონის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს დაბალ უღელტეხილებზე კვეთენ და კოლხეთის დაბლობზე ეშვებიან, საიდანაც უმეტესი ნაწილი თავს იყრის ბათუმის მიდამოებში. კოლხეთის დაბლობიდან ბათუმის ძაბრში გადაიფრენს 100 000-ზე მეტი ფრინველი. ბაზიერთა ხელოვნების განმტკიცებით, ოპტიმისტურად ვუყურებ ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების საქმეს. ამას შესაძლებელია მიებას გადამფრენი ფრინველების დერეფანი, რომელიც კოლხეთის დაბლობზე არსებობს _ტურისტებს აქ შეუძლიათ დააკვირდნენ ფრინველების გადაფრენის პროცესს და პარალელურად საბაზიერო ხელოვნებას გაეცნონ, შეხვდნენ ვეტერან ბაზიერებს, ინადირონ აქაურ ბაზიერთა დახმარებით. ამას კი მოაქვს ეკონომიური შემოსავალი მოსახლეობაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯი გადადგა. ახლა მთავარია, როგორ განვითარდება სამსახური, რა ფინანსები გვექნება, იცით, როგორი შრომატევადია ბაზიერის შრომა, შევძლებთ თუ არა ვეტერანი, გამოცდილი ბაზიერების ცოდნა და გამოცდილება გადავცეთ ახალგაზრდებს.
გვყავს გვერდში მდგომი ადამიანები. ერთ-ერთი მეცენატის მხარდაჭერით შემოდგომაზე ვფიქრობთ რეგიონში ხოხბების ახალი პარტიის გაშვებას-გვითხრა ენვერ კომახიძემ.
რედაქცია დაინტერესდა, რამდენადაა დაცული მტაცებელი ფრინველები საქართველოში უცხოეთში გაყიდვისაგან, იმ დროს, როდესაც ჩვენი კანონმდებლობით საგანგებო ნებართვის გარეშე საქართველოში არსებული ნებისმიერი მტაცებელი ფრინველებით ვაჭრობა აკრძალულია.
წელს გაზეთი „ალიონი“ წერდა,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემში, სოფელ ხორეთში შევარდნის ბარტყების მოპარვის შესახებ, (იხ. „ალიონი“ #7), სადაც გავრცელებული ინფორმაციით კლდეზე ბუდის მისაკვლევად დრონიც კი იყო გამოყენებული.დაუზუსტებელი ინფორმაციით, შევარდნების ბარტყებით არაბი ბაზიერები იყვნენ დაინტერესებული და ფულსაც კარგად იხდიან.
ენვერ კომახიძის აზრით, როცა რეგიონულ მედიაში ასეთი მწვავე ინფორმაცია დაიბეჭდა, გარემოსდამცველები უნდა დაინტერესებულიყვნენ აღნიშნულით და მოეძიათ ვინ მონაწილეობდა საქართველოდან ფრინველების გატაცების პროცესში.
_ნადირობა მეც ძალიან მიყვარს, თუმცა ყველა წესების დაცვით. ბაზიერებიდან გამიგია, საოცარი შეჩვევა სცოდნია მიმინოს. მიამბეს, როგორ აკითხავდა გარდაცვლილი ბაზიერის სახლ-კარს მისი ერთგული მიმინო _გვითხრა ენვერ კომახიძემ.
ნუგზარ ასათიანი
გაზეთი „ალიონი“. #16, 25 აგვისტო, 2025 წ.
სურათზე: კლარა თავართქილაძე;
საქ. დამსახურებული არტისტი რომან ლომინაძე და ცნობილი ბაზიერი ჟორა თაქვართქილაძე ნარდი მიმინოთი, 1973 წ.
პაჭუ ჟორდანია, ვალიკო თაყაიშვილი, კლარა თავართქილაძე, (60-იანი წლები).
ოზურგეთელი ბაზიერები შეჯიბრებაზე: (მარჯვნიდან) ანდრო კვაშალი, რობერტი ჟღერია, მიშიკო ბეშიტაიშვილი, კუკა ხავთასი, ავთანდილ ურუშაძე, გიგა ლომთათიძე და სხვები.
კლარა თავართქილაძე, მამუკა ლომთათიძე, ჟორა თავართქილაძე შეჯიბრზე.
ელგუჯა გაგუა, ენვერ კომახიძე, ზაურ მეფარიშვილი, 1980 წ. ბახმარო.
მსგავსი სტატიები
- 100
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 99
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 97
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 96
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 96
11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…