ავტორი მანანა ქილიფთარი

,,ოქროს სხივი“ ნატანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უბანია.  სიმაღლიდან ხელისგულივით მოჩანს ზღვა,შორიდან მუდამ მოლივლივედ რომ აღიქმება. მარცხნივ ცადაზიდული მთებია, შებინდებისას , დროდადრო,  გომისმთისაკენ მიმავალი ავტომანქანები რომ ანათებენ.

აქ გაატარა თავისი წილი სიცოცხლე იმხანად მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთმა  ყველაზე პოპულარულმა ადამიანმა, ბატონმა გივი წითლიძემ მის უმშვენიერეს მეუღლესთან, ქალბატონ ნუნუსთან ერთად.

დროს ვერ მოქრთამავო, უთქვამთ. მას შეიძლება შეფასებაში შეეშალოს, მაგრამ გადაფასება ზედმიწევნით კარგად ეხერხება.

საოცარი სისწრაფით ჩაიქროლეს  წლებმა, მაგრამ ნატანებლები დღესაც იხსენებენ და თაობიდან თაობას გადასცემენ თავიანთი თავკაცის ღვაწლს, რომელმაც  ეს სოფელი გამორჩეულად აქცია.

როგორი იყო გივი წითლიძე შინ და გარეთ?გვიამბობენ მისი საყვარელი რძლები ნელი  ჩანჩხალია  და მზია გობრონიძე.

 გავაცოცხლოთ ის დღე, როცა შემოდით ამ ოჯახში, როგორ დაგხვდათ ბატონი გივი, უმშვენიერესი ქალბატონი ნუნუ,  ცნობილი ოჯახი, სადაც უამრავი სტუმარი იკრიბებოდა არა მარტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც.

ნელი ჩხარჩხალია:მე და ჩემი მეუღლე, აკაკი, ჯგუფელები ვიყავით, როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა.ბუნებრივია, ბატონ გივის აინტერესებდა ვინ უყვარდა მის შვილს, რას წარმოვადგენდი, საიდან ვიყავი. რაკი მე სამეგრელოდან ვარ წარმოშობით, გივის ინტერესიც უფრო დიდი იყო, . გურია და სამეგრელო ოდითგან ექიშპებოდა ერთმანეთს,ხოდა მეგრელი რძლის შესახებ მას  ყველაფერი აინტერესებდა . აინტერესებდა როგორ  ვსწავლობდი, რას წარმოვადგენდი. ჩემი ერთ-ერთი ლექტორი გურული იყო, ჩავლეშვილი, მასთან გივი მეგობრობდა და მისგან იგებდა ყველაფერს ჩემს შესახებ. მოგვიანებით გამიცნო კიდეც, ამ დღესთან დაკავშირებით კურიოზიც მახსენდება:მე საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობდი, ბატონმა გივიმ ინსტიტუტში მოგვაკითხა და სახლში წაყვანა შემომთავაზა. წარმოიდგინეთ ჩემი დაძაბულობა, როცა იცი, მომავალი სამამათილო გაკვირდება, შენს გასაცნობად მოვიდა, თან ეს სამამამთილო საქვეყნოდ ცნობილი გივი წითლიძეა. ხოდა, როცა სახლთან მიმიყვანეს და მანქანიდან ჩამოვედი, ხომ ვიცი, ზურგში მისი გამჭოლი მზერა მომყვება,  ნერვიულობისგან, ეტყობა ნაბიჯიც ამერია და საშინლად დავეცი…. ასეთი იყო გაცნობის პირველი დღე. ქორწილი თებერვლის თვეში გადავიხადეთ, 1968 წელი იდგა. ძალიან დიდი თოვლი იყო. ნატანების ცენტრში დიდი დარბაზი იყო და იქ ვიქორწილეთ. მე გივის და ნუნუს ხელში გავიზარდე, ფაქტობრივად.  19 წლის მომიყვანეს ამ ოჯახში  და არ მაგონდება არცერთი უხეში სიტყვა მათგან, სამაგიეროდ მახსოვს ბევრი სითბო, ყურადღება, ალერსი.

მზია გობრონიძე: მე ვიყავი 20 წლის, როცა ამ ოჯახის რძალი გავხდი. პროფესიით ექიმი ვარ. გივი იყო ერთგული მამა, მეუღლე, მამამთილი, ზოგადად, ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი იყო. განსაკუთრებულად კი  მაგონდება მისი სიყვარული  სოფლის მიმართ. უმაღლესი საბჭოს სამგზის დეპუტატს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა და ამ გავლენას სოფელს ახმარდა. მე მახსოვს იმ დროს დეფიციტური წამლები მოსკოვიდან  ყუთობით  როგორ ჩამოჰქონდა თანასოფლელებისთვის, ზეპირად იცოდა ვის რა სტკიოდა და ვის რა წამალი ესაჭიროებოდა. მას უზარმაზარი სამეგობრო ჰყავდა მოსკოვში და ყველა ნატანებელს გზას უხსნიდა იქაურ კლინიკებში სამკურნალოდ. გარდა ამისა, ნატანებში ვაგონებით შემოდიოდა სამშენებლო მასალები და ყველა ნატანებელის ოჯახი მისი დახმარებითა და ხელშეწყობით შენდებოდა.

როგორი იყო სახლის გივი, ყოფით გარემოში?

მზია გობრონიძე:გივი სახლში ყოველთვის სტუმრად მოდიოდა ჩვენც, როგორც სტუმარს, ისე დავხვდებოდით ხოლმე. როგორც ეხლა მე თქვენთვის ამ მაგიდაზე თეთრი სუფრა გადავაფარე, ზუსტად ასე, გივის მოსვლისას ამ მაგიდაზე თეთრ  სუფრას ვაფარებდით. იმიტომ რომ ის სახლში სადილზეც კი არასდროს მოდიოდა მარტო, ყოველთვის თან  ვინმეს მოიყვანდა. გარდა ამისა, კვირა არ გავიდოდა,  მაღალი რანგის სტუმრები არ მოეწვია . ზემოთ გაიშლებოდა სუფრა. ქვემოთ ყავა და ჩაი. ამ ყველაფრის დირიჟორი იყო ნუნუ, ჩვენ,  რძლები მას  ვეხმარებოდით. უმეტესად იმ დონის სტუმრები გვყავდა, რომ სუფრაზე მომსახურების უფლებაც ყველას არ გვქონდა. ის კი არა, დაცვა მთელს უბანს გადაკეტავდა ხოლმე. ელჩები, დელეგაციები, უცხოელები… და ამ ადამიანების რესურსს გივი სოფლისთვის იყენებდა.ასე აშენდა სოფლის ადმინისტრაციული შენობა, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საბავშვო ბაღი, ასე შენდებოდა და მშვენდებოდა ნატანები….

ქართველი ხელოვანებიდან თქვენს ოჯახში  ვინ გახსენდებათ?

ნელი ჩხარჩხალია :აქ პოეზიის საღამოები იმართებოდა. ირაკლი აბაშიძე, იოსებ ნონეშვილი, სოფიკო, კოტე მახარაძე, მედეა ჩახავა, ანზორ ერქომაიშვილი…80 წლის იუბილე რომ გადაუხადეს, მაშინაც იყვნენ მისი უახლოესი მეგობრები, კოტე და სოფიკო…იყო ბევრი ოხუნჯობა, შეხმატკბილება…მედეა ჩახავა კვირაობით რჩებოდა ჩვენთან, იგი შინაურივით იყო ჩვენს ოჯახში: აბა ნუნუ რითი დაგეხმარო, რა გავაკეთო…დღემდე ვმეგობრობთ მაკა მახარაძესთან…

გივის შთამომავლობაზე გვითხარით

მზია  გობრონიძე:გივის ყავს 2 შვილი, 4 შვილიშვილი, 3 შვილთაშვილი. ეზოში ორივე შვილის სახლი დგას.ზაფხულობით  სახლები  ივსება მისი  ნაგრამით… საბედნიეროდ, ყველას უყვარს აქაურობა და მთელი სამი თვე ჟრიამული ისმის ჩვენი ეზოდან. ესაა გივის მეორე სიცოცხლე, ესაა მისი არსებობის გამართლებაც და გაგრძელებაც.

მზია გობრონიძე, ნელი ჩანჩხალია, მანანა ქილიფთართან ერთად.

 

პ.ს. გული დამწყდება,  ეს წერილი ვინმემ  გასული საუკუნის ნოსტალგიად აღიქვას.ნოსტალგია ყველა მოაზროვნე ადამიანის მეგობარია.ბავშვობის წლების , პროფესიული წარმატებების მონატრება … ეს წერილიც კარგი დღეების  ნოსტალგიაა და არა კომუნისტური რეჟიმის, მისი ძირშივე მცდარი იდეოლოგიით. დიახ, ნოსტალგია ადამიანთან მეგობრობს, ჩემთანაც…

მანანა ქილიფთარი

მთავარ ფოტოზე: (მარცხნიდან) მიხაკო ორაგველიძე, გივი წითლიძე, ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე.

გაზეთი „ალიონი,“16 აპრილი, 2026 წ. #8

მსგავსი სტატიები

  • 91
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 88
    ენვერ გოგუაძის გახსენებაისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით…
  • 86
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 86
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 85
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…