„მივლინება ოზურგეთში 2026“ — ახალი შემოქმედებითი ზაფხული
ზაფხულს გურიაში თავისი განსაკუთრებული ფერები აქვს. ოზურგეთის ცენტრი და
ცნობილი ჭადრების ბაღიც არ არის გამონაკლისი. აქვე, რუსთაველის 6 ნომერში,
შემოქმედებითი სახელოსნოს სტუმართმოყვარე ჭერქვეშ, ერთმანეთში ირევა საბეჭდი
საღებავის სურნელი, ესტამპის ქაღალდის შრიალი, დაზგის ხმაური და სხვადასხვა ენაზე
ნათქვამი სიტყვები… სწორედ აქ – მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის სტუდია-სახელოსნო
„GUrian-ART“-ში – გრაფიკული ხელოვნება უკვე ათი წელია ადამიანებს, კულტურებსა
და გამოცდილებებს აერთიანებს.
26 ივნისს დაიწყო საერთაშორისო დაზგური გრაფიკის პროექტის, „მივლინება
ოზურგეთში 2026“, პირველი ეტაპი.
წლების განმავლობაში ეს, ერთი შეხედვით მოხალისეობრივი ინიციატივა,
მნიშვნელოვან კულტურულ ასპარეზად იქცა, სადაც იქმნება არა მხოლოდ გრაფიკული
ნამუშევრები (მათ შორის ექსპერიმენტული და ავანგარდული), არამედ ყალიბდება
პროფესიული მეგობრობა, ახალი იდეები, ურთიერთობები და შემოქმედებითი
კავშირები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც გრძელდება. მით უფრო, რომ
თანამშრომლობას უკვე გაცვლითი ხასიათი აქვს…
წელს, პროექტის პირველი ეტაპის სტუმრები იყვნენ პოლონელი მხატვრები ქალაქ
პოზნანიდან: მარკ მაქსიმოვიჩი, ლიზა ქესაური, როზალია ნოვაკი, დანუტა ციბულსკა,
გჟეგოჟ სოლტისიაკი, სერგეი ნოვიცკი და იაროსლავ პტაკი.
ერთი კვირის განმავლობაში, სტუდია-სახელოსნო ნამდვილ საერთაშორისო
სახელოვნებო სივრცედ გადაიქცა. პოლონელი და ქართველი მხატვრები მუშაობდნენ
დაზგური გრაფიკის ტექნიკებში — მოკულიტოსა და ოფორტში. შემოქმედებითი
პროცესის ყოველდღიურობა სავსე იყო პროფესიული საუბრებით, იდეების გაცვლით,
ექსპერიმენტებითა და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით.
თუმცა, ოზურგეთში სტუმრობა მხოლოდ სახელოსნოთი არ შემოფარგლულა. გურიის
ბუნება, ქალაქის ცოცხალი რიტმი, ადგილობრივი ტრადიციები, ქართული
სტუმართმოყვარეობა და გურული სამზარეულო – პოლონელი ხელოვანებისთვის
უნიკალურ შთაბეჭდილებად იქცა, რაც მათ ნამუშევრებშიც აისახა. ისინი ხშირად
აღნიშნავდნენ, რომ შემოქმედებისთვის გარემოც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც
მასალა, რომელზეც მუშაობ, და სწორედ ეს გარემო უქმნიდა მათ განსაკუთრებულ
შთაგონებას.
შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობისას, სახელოსნოს ოზურგეთის მერი, პაატა
კუნჭულია ეწვია, რომელიც პირადად გაეცნო უცხოელ სტუმრებს და მათ სამუშაო
გარემოს. ამ უშუალო ვიზიტით აღფრთოვანებულმა პოლონელმა მხატვრებმა
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მადლობის ოფიციალური წერილიც კი გაუგზავნეს,
სადაც ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ოზურგეთში კუტურისა და თანამედროვე
ხელოვნების განვითარებას მყარი და საიმედო საყრდენი აქვს.
პროექტის ავტორი და უცვლელი ხელმძღვანელია გრაფიკოსი ავთანდილ
თავართქილაძე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი. ათი წლის განმავლობაში,
სწორედ მისი ძალისხმევით და ცხადია, მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით, იქცა
„მივლინება ოზურგეთში“ საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმად, რომელმაც
არაერთი ქვეყნის გრაფიკოსი გააერთიანა და ოზურგეთს, თანამედროვე გრაფიკული
ხელოვნების რუკაზე გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა.
3 ივლისს, პროექტის პირველი ეტაპი, ცენტრის საგამოფენო სივრცეში გამართული
გამოფენით დასრულდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, როგორც პოლონელი
მხატვრების მიერ ოზურგეთში შექმნილი ახალი ნამუშევრები, ისე, წინა წლების
პროექტების ქართველი მონაწილეების გრაფიკული ფურცლები. ეს ავტორებია: ვახტანგ მეგრელიშვილი, თანდილა თავართქილაძე, თამაზ დარჩია, ეკატერინე ოსტროვსკა, გია გვიჩია და სერგო გოგოლაძე.
ამან გამოფენას განსაკუთრებული შინაარსი შესძინა — ის არა მხოლოდ ერთი ეტაპის
ანგარიშგება იყო, არამედ პროექტის ათწლიანი ისტორიის, გამოცდილებისა და უწყვეტი
შემოქმედებითი პროცესის ერთგვარ ვიზუალურ ქრონიკად იქცა.
საგამოფენო დარბაზში, ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდა სხვადასხვა თაობის,
სხვადასხვა ქვეყნისა და განსხვავებული მხატვრული ხედვის ავტორთა ნამუშევრები.
სწორედ ამ მრავალფეროვნებაში იკითხება პროექტის მთავარი იდეა — ხელოვნება,
რომელიც ნებისმიერ ენაზე საუბარს ყველასთვის გასაგებ დიალოგად გარდაქმნის.
გამოფენისთვის გამოიცა სპეციალური საინფორმაციო ლიფლეტი. ღონისძიების
დასასრულს, პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რაც „მივლინება
ოზურგეთში 2026“-ის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების სიმბოლური აღნიშვნა
გახდა.
პროექტის ფარგლებში შექმნილი თითოეული გრაფიკული ნამუშევრის თითო ანაბეჭდი
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე
სახვითი ხელოვნების ცენტრის ფონდს შეემატა. გარდა ამისა, პოლონელმა მხატვრებმა
ცენტრს საჩუქრად პოლონეთიდან ჩამოტანილი გრაფიკული ნამუშევარებიც გადასცეს.
ათი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „მივლინება ოზურგეთში“ ტრადიციად
ქცეულიყო. მისი მთავარი ღირებულება უცვლელია — ყოველ ზაფხულს ის თავიდან
იწყება: ახალი ადამიანებით, ახალი ფურცლებით, ახალი ანაბეჭდებითა და ისტორიებით.
ამიტომაც ყოველი დასრულებული ეტაპი, სინამდვილეში, მომდევნო შეხვედრის
დასაწყისია.
ქართულ-პოლონური თანამშრომლობა ოზურგეთული თავგადასავლით არ სრულდება –
საპასუხო კულტურული მისიითა და შემოქმედებითი ვიზიტით ქალაქ პოზნანს ახლო
მომავალში თანდილა თავართქილაძე ეწვევა.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი სახელოვნებო პროექტის მნიშვნელობა,
მხოლოდ შექმნილი ნამუშევრების რაოდენობით არ განისაზღვრება. არანაკლებ
დასაფასებელია ის შემოქმედებითი გარემო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში
ჩამოყალიბდა ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში — გარემო,
სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები, ერთმანეთს უზიარებენ
გამოცდილებას; სწავლობენ – მიუხედავად რანგისა და პროფესიონალიზმისა; ქმნიან და,
რაც მთავარია – მეგობრდებიან. როგორც გამოფენის გახსნისას, მარკ მაქსიმოვიჩმა თავის
გულწრფელ და ემოციურ გამოსვლაში აღნიშნა: სადაც მხატვრობაა, იქ მუდამ მეგულება
მეგობრები, თქვენთან კი უბრალოდ წარმოუდგენელი გარემოა. უზარმაზარი გული
უნდა გქონდეს, რომ ეს სიყვარული და საოცარი შეგრძნებები დაიტიო.“
სწორედ ასეთი ადამიანური კავშირები აძლევს პროექტს სიცოცხლეს და განაპირობებს
მის უწყვეტ განვითარებას.
ლია მოლარიშვილი,
სტუდია-სახელოსნო ,,Gurian-ART”-ის მენეჯერი
მსგავსი სტატიები
- 93
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 92
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 91
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი… - 91
XI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე… - 91
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…