გუშინ, 21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. სხდომას 40 დეპუტატი ესწრებოდა. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
სხდომის დაწყების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა განუცხადა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ვინაიდან წინა დღით არ იყო შუქი, არ მუშაობდა ინტერნეტი, არ იყო საავტომობილო გზა გაწმენდილი, დროულად ვერ გაეცნენ საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხებს და ამიტომ სხდომა უნდა გადაედოთ. იგივე პოზიცია ჰქონდა ნასაკირალის მაჟორიტარს ბესო ქათამაძესაც.
საკრებულოს თავმჯდომარემ არ გაიზიარა მათი მოთხოვნა და სხდომა დაიწყო.
დაპირისპირება მმართველ პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს შორის საკითხს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მოჰყვა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ მოუწოდა დეპუტატებს მხარი არ დაეჭირათ ამ პროექტისათვის:
_ვაყენებ საკითხს, პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა გავაუქმოთ, რადგან ქვეყანაში მართლაც დიდი ეკონომიკური კრიზისია. მათ ნაცვლად ხელფასი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს და მეეზოვეებს მოვუმატოთ, რომელთაც მიზერული ანაზღაურება აქვთ. რაც შეეხება აპარატის თანამშრომლების ხელფასებს, მათი ანაზღაურება მარტის თვიდან გავზარდოთ…
ამ თემაზე ერთმანეთს დავით მჟავანაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევენ ხომერიკი დაუპირისპირდნენ.
_„ქართული ოცნების” ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და ყოველთვის ასე იქნება. გეყოთ ახლა, საკმარისია.სამარცხვინოები ხართ ყველა. უზრდელები…
მჟავანაძემ ხომერიკს უპასუხა:
_ თქვენ ამტკიცებთ, რომ 150 ლარი ყოფილა ღირსეული ხელფასი, წარმომიდგენია, ამ დროს რა ბედნიერები არიან ბაღის თანამშრომლები, რომ სამაგიეროდ დავით დარჩიას ხელფასი გახდა 4500 ლარი. პოლიტიკური თანამდებობის პირების და ფრაქციის წარმომადგენლების ხელფასიც იზრდება, მათ შორის ჩემიც. ეს არის სირცხვილი, რასაც თქვენ ეხლა აკეთებთ და მე მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან. პირველ ეტაპზე კი ხელფასები გავუზარდოთ ბაღის თანამშრომლებსა და მეეზოვეებს.
_ჩვენ არ ვიზრდით ხელფასებს. ხელფასები მოქმედი კოეფიციენტის მიხედვით იზრდება .  ბოლო 8 წელიწადია ხელფასი არ გაზრდილა, ამიტომ ხდება მაღალი რანგის პროფესიონალების გადინება. მუნიციპალიტეტებში სანთლით საძებნელი გაგვიხადეს მაღალი რანგის პროფესიონალები... _თქვა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლავრენტი ბიგვავამ.
ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს შემოქმედი-ბოხვაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ სარჯველაზეც შეეპასუხა:
_თქვენი პარტია სისხლს წოვდით ხალხს, ღამის ორ საათზე და სამ საათზე ნოტარიუსებით იფორმებდით ქონებას. ცემაში სულს ხდიდით ხალხს და ადამიანი თუ შრომობს სახელმწიფო მოხელე და ხელფასი გაეზარდა, რაა გასაკვირი…
_შენ ასლან აბაშიძესთან რომ იყავი, ის გაიხსენე _უპასუხა დავით მჟავანაძემ სარჯველაძეს, ხოლო ბესო ქათამაძემ კი უთხრა, რომ იგი ფანჯრიდან გადასაგდები იყო.
­– რაის ასლანა, ბიჭო…  პროვოკატორები ხართ, ნახეთ ჩემი CV, თუ ვყოფილვარ ოდესმე რომელიმე პარტიაში, შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი, ენაზე რაც მოგადგებათ ყველაფერს ლაპარაკობთ, მათხოვრებო თქვენ_ თავი ვერ შეიკავა ენმ-ის დეპუტატებისაგან შეურაცხყოფილმა სარჯველაძემ.
ენმ-ის დეპუტატები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძესაც გადაწვდნენ და უთხრეს, რომ მმართველი პარტია არჩევნების წინ ბაღების თანამშრომლებს ხელფასის ზრდას შეპირდა.
_საარჩევნოდ ჩვენ არანაირი პირობა ან ვალდებულება არ გაგვიცია. მეტი სიახლოვე უნდა იქონიოთ სამართლებრივ აქტებთან. საჭიროა ბაღების თანამშრომლებისთვის და მეეზოვების ხელფასები გაიზარდოს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ თქვა, რომ მუნიციპალიტეტის მერია იზრუნებს, მინიმუმ 20 პროცენტიდან ზევით გაიზარდოს მათი ხელფასები _უპასუხა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ამის შემდეგ ენმ-ის დეპუტატებმა სხდომა დატოვეს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა წარმოდგენილი პროექტი დაამტკიცეს.
სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ქეთევან ხომერიკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
_ეს არის ნაციონალური მოძრაობის ნარატივი. ისინი ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. საკრებულოს ყველა სხდომაზე ცდილობენ იყოს არეულობა. წინა სხდომაზე მათ მხარი არ დაჭირეს პროექტს, რომელიც პედაგოგების ხელფასების ზრდას შეეხებოდა.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენს პედაგოგებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები, ბაღების თანამშრომლებს გავუზარდოთ ხელფასი. ამ საკითხზე ავთანდილ თალაკვაძისაგანაც გაქვთ შესაბამისი ინფორმაცია _განაცხადა ხომერიკმა.

მსგავსი სტატიები

  • 83
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 83
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 79
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 76
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…