1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო ჭელიძესთან ერთად გაზეთისათვის საინტერესო სამეცნიერო და სხვა სახის სტატიებს ამზადებდნენ მისი მეუღლე, პროფესორი ნათელა ჭახნაკია, ასევე მათი შვილები, ამჟამად ცნობილი პროფესორები ლადო და ედიშერ ჭელიძეები.
ქალბატონ ნათელა ჭახნაკიას ახლახან დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და გთავაზობთ მის წერილს „ბალადა ქართველი დედისა“, რომელიც 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

„სილამაზით გამორჩეულ ქართველებს გლოვაც ლამაზი სცოდნიათო, შენიშნავდა რომელიღაც უცხოელი 9 აპრილს დაღუპულთა გლოვის დღეებში.. სწორედ ეს სიტყვები მაგონდება, როცა მივუყვებოდი იმ სამგლოვიარო პროცესიას რუსთაველის პროსპექტზე, როცა ერთად შევამკეთ ყვავილებით მოწამლულთა სისხლით მორწყული წმინდა ადგილი და როცა ყველანი ერთბაშად აღმოვჩნდით ცრემლით განბანილი ლამაზი სულების საუფლოში…
თითქოს ახალი ერა დაიწყოო, ამგვარი ტკივილიანი, მაგრამ გასუფთავებული გრძნობებით შევუდექით ახალ ცხოვრებას. მეტი სიახლოვე, მეტი ურთიერთგაგება… აი, ეს გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს. ჩვენი საერთო მიზანი კი ისაა, თუ ამ განწყობილებას ყველას გულებამდე მივიტანთ, გრძნობებს გავაფაქიზებთ… საინტერესოა, რომ ხალხური „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა,“რომლის ფინალშიც სიუჟეტი იშვიათ მხატვრულ სიძლიერეს აღწევს და საუკეთესო მორალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტში მჟღავნდება, ქართული ელიტარული სულის ერთი საუკეთესო დადასტურებაა, რაც მე ვნახე, რეალურად განვიცადე იმ დიდ ტკივილიან დღეებში.
გაზაფხულზე, აპრილის ბოლო რიცხვებში, წავედი რამდენიმე დღით დასავლეთში, სოფელ ლიხაურში. მეორე დღესვე მივედი სამძიმარზე 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის ოჯახში. სანამ სინამდვილეს გავიგებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნინო, ეს სოფლელი გოგონა, შემთხვევით დაიღუპა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნამდვილი გმირი ყოფილა. ნინო თოიძეს და მარტვილელ აზა ადამიას ერთად ფიცი მიუციათ და მოშიმშილეთა შორის მჯდარან. ორთავე მეგობარს ვაჟკაცური წინააღმდეგობა გაუწევია ჯალათებისთვის და დიდხანს თავგანწირვით ებრძოდნენ მკვლელებს, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად. ვაი, რომ ამაოდ…და მოწამობრივად დაიღუპნენ. დამგლოვიარდნენ ოჯახები, შემზარავი იყო დედათა გულის ჭიდილი უმაღლეს მწუხარებასთან. მოხდა საოცრება. დედებმა შეძლეს ლამაზად ეგლოვათ შვილები. უმძიმეს წუთებში, როცა არავის და არაფერს შეეძლო მათი ტკივილის შემსუბუქება, ერთნაირი მწუხარებით გულშეძრულმა დედებმა გადაწყვიტეს, ერთად დაეტირებინათ თავიანთი შვილები…
მართლაც დაინიშნა სხვადასხვა დაკრძალვის დღე და ნინო თოიძის დაკრძალვაზე ჩამოვიდა მთელი ჩოხატაურის რაიონი, თითქმის მთელი სამეგრელო. ასევე დაიტირეს ნატო გიორგაძე, ხოლო აზა ადამიას დაკრძალვაზე გურიიდან წასულ სამგლოვიარო პროცესიას, ზღვა თაიგულებითა და და ეროვნული დროშებით, დადსასრული არ ჰქონდა…დიდი მწუხარება საერთო-სახალხო გლოვად გადაიქცა. დედათა მოთქმა და ზარი დიდ ტკივილთან, დიდ უბედურებასთან შეერთებულად შეჭიდებას წარმოადგენდა ერთი საერთო გულით, ერთი საერთო ცრემლით და ერთი საერთო ნუგეშით.
ჭირის ჭირში გადატანა, საკუთარი მწუხარების სასწორზე სხვისი ტკივილის გათანაბრება მორალურ-ზნეობრივი კეთილშობილების უმაღლესი გამოხატულებაა, რაც ასე ნიშანდობლივი და დამახასიათებელია მხოლოდ ქართველი დედისთვის.
ჩვენს ჯიშსა და მოდგმას ეს დიდი შინაგანი კეთილშობილება დასაბამიდან მოსდგამს. „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, უბრალო ბალადა როდია, იგი ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სულის სარკეა. ძველთაძველი, თვალშეუდგამი მითოსური სამყაროდან რომ მოდის, თაობიდან თაობაში გადადის და მკვიდრდება, ქართველი ქალი, ქართველი დედა სამყაროს აღმოჩენაა, კეთილშობილებისა და ზნესრულობის ცოცხალი ხატია, რომელზედაც ბევრჯერ დაიწერა, ბევრი რამ ითქვა, მაგრამ მისი სულის ზეგრძნობადობა, ტკივილისა და მწუხარების საიდუმლოებაში ჩაკარგული, 9 აპრილის სისხლმა ყოვლის მომცველი ძლიერებით კვლავ გამოავლინა.
ნათელა ჭახნაკია,
„ლეხოური“ #1, 9 აპრილი, 1990 წ.

მსგავსი სტატიები

  • 100
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 100
    რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე, გაზეთ „ალიონის“ შეკითხვა სესიის დროის ამოწურვის მოტივით უპასუხოდ დატოვეს  დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და…
  • 100
    ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშეახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე: 1 ქიმიური შემადგენლობა ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა…
  • 100
    „წარმოიდგინეთ, რომ არ ვთამაშობთ და ყველაფერი სინამდვილეში ხდება. “ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ ცხინვალის ივენე მაჩაბელის სახელობის პროფესიული თეატრის სცენაზე განხორცილებეული მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო“ იყო. ფესტივალის ჟიურიმ „ჯაყოს“ როლის შემსრულებელი რამაზ ხომასურიძე ფესტივალის საუკეთესო მსახიობად აღიარა, ხოლო ხოლო საუკეთესო სცენოგრაფიისათვის კი _ ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი…
  • 100
    „სამშობლოს გაწირვის უფლება არ ჰქონდა მას, როგორც ბაგრატიონს“...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან.  საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის…