ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის…, ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.სცენარის ავტორი რეზო კლდიაშვილი გახლავთ. დამდგმელი რეჟისორები: ვასო ჩიგოგიძე – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ოთარ კუტალაძე; მხატვარი – ლომგულ მურუსიძე; მუსიკალური გამფორმებელი – თაზო იმნაძე; ლოტბარი – მამია რუსიძე; ქორეოგრაფი – მარიკა ქვეითაია; ტექნიკური რეჟისორი – ეკატერინე ანთია; მოქმედი პირები და შემსრულებლები: შურა ექთანი – ბელა კიკვაძე; კაბირია – ანი გოდერძიშვილი; პისტი – ნინო ჯუღელი; ტატიანა – ვერიკო ხუხუნაიშვილი; კლავდია – შორენა გვეტაძე;  გულთმისანი _დავით კვერღელიძე; ვალოდია – თემურ კვირკველია; როსტომი – ლევან საღინაძე; სამუელა – გიორგი ჩავლეშვილი; თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე.

მოქმედება იმერეთში ხდება. სპექტაკლის შემოქმედებით კოლექტივს, რიგითობით შემოჰყავთ სცენაზე ქაოტური ცხოვრების თანამგზავრები.  მოქმედ პირთა ჩაცმულობაც მათ ხასიათს გამოხატავს. თითქოს ერთმანეთთან კავშირში მყოფი,  ერთმანეთისგან მაინც განყენებული პერსონაჟები არიან. რადგან, ერთს, არ შეუძლია გაალამაზოს მეორეს ცხოვრება.  არც რაიმე მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათგანს  ერთმანეთისთვის. აქ უაზრობის ორომ ტრიალია,   პოლიტიკურ მესიჯებთან და პოლიტიკისთვის გაწეულ  უღირს საქმეებთან ერთად.

შურა ექთანი თავიდანვე იკავებს ლიდერის პოზიციას.მისივე ორეულია ტყვე კაბირია, ოღონდ განსხვავებული სახით. –„მეც მინდა რაღაცის რომ მწამდეს“. ეს მისი ამქვეყნიური სევდაა, დრო და დრო რომ მოეძალება წუთიერად. ასევე დრო და დრო მოეძალება მთვლემარე რაინდ როსტომს ემოციები თავისუფლების განცდისა თუ  სამშობლოს დაცვისა. და იქვეა გამზადებული კითხვა – „ნეტავი რაში სჭირდება როსტომს თავისუფლება“.

დაზარალებული ტატიანას  მონოლოგი, დავალებული როლის შესრულების შემდეგ: -„ ხუთ ლარს მოგცემ, საჩხერე ჭიათურის ავტობუსში აგინე ამ მთავრობასო . რომ ვაგინე, რაფერ მცემეს ბოშო!…  მერე,  გადაიღე, როგორ  სცემეს ჩემი მხარდამჭერიო…. არასამთავრობოებმა ჯოჯოხეთად გვიქციეს ეს ცხოვრება.“

აქ კვლავ ერთვება მთვლემარე როსტომი თავისი ქარქაშში გაჭედილი, ფუნქცია დაკარგული ხმლით. „ბრძოლას ბატონებო, ყოველთვის აქვს აზრი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა წასაგებადაა განწირული, … ფუჭი იმედი მომავლისა, აწმყო თუ არა გვწყალობს…  იქნება რაიმეს გამოვკრათ ხელი, გაჭირვებამ დამღალა.“

აქ თითქოს მზა ფორმულით აიმედებენ ერთმანეთს პერსონაჟები „ასეთია ეს ცხოვრება. მდიდარიც უბედურია და ღარიბიც“.

მოქმედებას ბოლომდე გასდებს უჩინარი გიზოს აჩრდილი, რომელიც, ჩრდილოეთიდან იძლევა სასიგნალო ბრძანებებს, მის სახელს მისტირის შურა ექთანი.. მისგან ელოდება მითითებებს, მაგრამ ყოფითია ყოველივე ეს . ბოლოს, თითქოს  ცდილობს კიდეც თავის დაღწევას. – „ აქ მე ვიძლევი ბრძანებებს,  მეყოფა სხვის ჭკუაზე სიარული.“  ბრძოლის იმიტაცია…. და ვინ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლნი. ისინი, რომლებმაც თავად არ იციან ვინ არიან, ან რა არის მათი ფუნქცია ამ ქვეყნად, ან იმ სხვებმა იციან განა, რომელთა ნაკვალევს სცენაზე მრავლად დაყრილი ფეხსაცმელები გამოხატავს.

-„ საკრებულოში რომ ვიყავი, სამშობლოს ვერ ვაცნობიერებდი. სკამიდან სხვაგვარად ჩანს სამშობლო. “-ეს როსტომის სიტყვებია. რომელსაც სკამის დაკარგვის შემდგომ, აბაზანა მოურგია და იქვე თვლემს მშვიდად და  პერიოდულად წამოიყვირებს ხოლმე.

ბოლოს იღვიძებს თითქოს შურა ექთანში სამშობლო, ან სხვათა მსგავსად, თავად სამშობლოში, იღვიძებს ეს არასრულფასოვანი პერსონა.  სამშობლოს სევდა ათქმევინებს გულისტკივილით: -„ამდენ სისულელეში ვინ შეგვარჩენს ამ ერბოსავით ქვეყანას, თვალსა და ხელს შუა გვადნება. ღმერთო, მოგვეცი ძალა გაჭირვებასთან გამკლავებისა. გამოიმეტე ჩვენთვის პატარა სიხარული.“ავტორი იუმორით გადმოსცემს ტრაგიზმს, რაც იქვე ხდება.

კითხვები დასმულია, და ვინ უნდა გასცეს პასუხი, თუ თავად არ გაითავისა რეალური ცხოვრების პერსონაჟებმა, რომ პასუხი თითოეულ მათგანშია. და ეს ყველა კითხვა, თუ კითხვის მიღმა არსებული პასუხი, შემოქმედებითმა კოლექტივმა და ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა, თავიანთი ოსტატობით, კარგად მოიტანეს მაყურებლამდე.

გუბაზ მეგრელიძე,თეატრმცოდნე _დღეს ოზურგეთის თეატრში პრემიერაა, ცნობილი დრამატურგის რეზო  კლდიაშვილის ასევე ცნობილი პიესა დაიდგა „იმერული რეკვიემი“. რომელიც თბილისშიც დაიდგა საკმაო წარმატებით და აქაც ვიხილეთ სრულიად სხვა ვარიანტი ვასილ ჩიგოგიძის მიერ დადგმული. ეს არის საკმაოდ საინტერესო, მაგრამ  საკმაოდ იუმორისტულ ჭრილშიდანახული ჩვენი გაჭირვებული ცხოვრება, ის გამოუვალი ვითარება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ის საგიჟეთი, რომელიც არის პირობითი გარემო. ისინი თამაშობენ გიჟებს, რომლებსაც ერთი წამყვანი ჰყავს შურა ექთანი, რომელიც ხელმძღვანელობს მათ, ჩვენ ამ ვითარებაში არ უნდა აღმოვჩნდეთ. ამაზეა დაწერილი ეს პიესა, სპექტაკლის ბოლოში რომ არის ნათქვამი „ამ ერბოსავით ქვეყანას არავინ შეგვარჩენს თუ არ ვიბრძოლეთო.“ სწორედ ეს ბრძოლაა, სამშობლოსაკენ სწრაფვა და მოწოდება, როსტომი, რომელიც საქართველოს წარსულს მისტირის,აქვს ბრძოლის ჟინი, მაგრამ ქარქაშიდან ხმალს ვერ იღებს, აი სწორედ ეს არის ის უბედურება და პოლიტიკური სიტუაცია, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. ხასიათები არის საკმაოდ საინტერესო, იუმორით, მძაფრი კომიზმით გაჟღენთილი, და თითოეული მათგანი ქმნის თავისებურ კოლორიტულ სახეს. ძნელია საუბარი მათ თითოეულ ინდივიდუალობაზე, ასე უცებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას აქვს თავისი იერ-სახე, თავისი შეხედულება, თავისი ინდივიდუალური ფორმა, აი.. ყველას არ დავასახელებ, მაგრამ სხვა გმირებსაც გვაგონებს. ერთი გმირი ფუფალას, სხვა გმირი კიდევ სხვა ცნობილ გმირებს, არის რაღაც პასაჟები ფილმებიდან და ეს ყოველივე ქმნის იმ ატმოსფეროს, რასაც მოაქვს მხიარულება, უნდა ვთქვა სევდიანი მხიარულება, ვინაიდან საკმაოდ დამაფიქრებლადაა ის აზრი ნათქვამი, რომელიც ასე კომიკური ფორმით არის დადგმული ოზურგეთის თეატრში.

_ დღეს ვასილ ჩიგოგიძის  იუბილარია…მიულოცავთ მას?

_  ვასო ჩიგოგიძე არის თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი საინტერესო რეჟისორი, ძალიან ნიჭიერი და  ძალიან დიდი ორგანიზატორი ხელმძღვანელი. ოზურგეთის თეატრში დიდი ნაბიჯია გადადგმული როგორც რემონტის მხრივ, ისე შემოქმედებითად, 23-კაციანი დასით სამ სცენაზე დადგა სპექტაკლები, საკმაოდ რთულია, საკმაოდ წარმოუდგენელი ამბავია ეს, რომ მსახიობების ეს რაოდენობა გაანაწილო სამ სცენაზე,არის  თითქმის შეუძლებელიც, მაგრამ ერთის მხრივ კარგია ის, რომ მსახიობები არიან სრულ ჩვეულ ფორმაში, როლები აქვთ, სამუშაო აქვთ,შემოქმედებითად წინ მიდიან, ვასიკოს ხელმძღვანელობით.  ჩვენი ვასიკო ისეთი ენერგიით მუშაობს,  ისეთი აღმაფრენით მუშაობს, პატარა ბიჭის იერი აქვს ამ თავისი საქმიანობით და მე მინდა ვუსურვო მას დიდხანს სიცოცხლე, ბევრი შემოქმედებითი წარმატება, ოზურგეთის თეატრის წინსვლა და ძალიან გაგვიხარდება თუ ოზურგეთის თეატრი გასტროლებზე ჩამოვა თბილისში და ბოლო თავის სპექტაკლებს აჩვენებს თბილისელ მაყურებლებს, რომლებიც საკმაოდ მაღალმხატვრულად არის დადგმული და ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს თეატრებს შორის.

რეზოკლდიაშვილი _სცენარის ავტორი: ძალიან საინტერესო სპექტაკლია. ეს მესამე თეატრია, რომელიც ამ სპექტაკლს დგამს და უნდა გითხრათ რომ განებივრებული დრამატურგი ვარ, რადგან საუკეთესო მსახიობები, საუკეთესო ანშლანგებით მიდის უკვე 8 წელიწადია ახმეტელის თეატრში. ახლა ხარაგაულის სახალხო თეატრმა დადგა, თბილისში ჰქონდათ გასტროლები და  ვიცი, როგორ მიიღო მაყურებელმა.

მე  მადლობელი ვარ ბატონი ვასო ჩიგოგიძის,რომ მე ვნახე ძალიან საინტერესო სახეები.ყველა როლზე არის ისე სწორად შერჩეული,  ფელინი რომ ყოფილიყო, გადაღებისთვის ამათზე შეაჩერებდა  ყურადღებას.სხვაზე არც იფიქრებდა. თითოეული შემოსვლის შემდეგ ვიყავი აღფრთოვანებული. სპექტაკლის შემდეგ მე მათ ჩემი სურვილები ვუთხარი და ამ სურვილებს ისინი გაითვალისწინებენ და ეს სპექტაკლი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ სათქმელი რაც მე მინდოდა, მათ მაყურებლამდე მოიტანეს.

 

მსგავსი სტატიები

  • 89
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 88
    მელიტონ მუსხელიშვილი _ქართველი მეცნიერი რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა. ის მთელი ცხოვრება მხოლოდ მეცნიერული პრობლემებით იყო დაკავებული. მას აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ მისი აღმოჩენებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დაინტერესდებოდნენ. პროფესორ მუსხელიშვილის მონოგრაფიამ „ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველის ატომების, მოლეკულების და ქაოტური ძალისმიერი ხაზების ვაკუუმური რხევები ქიმიური სტიმულირებისას “ სამეცნიერო წრეებში სრული…
  • 85
    თამაზ კილაძე – როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ  და მეღორეობას ან კიდევ…
  • 84
    „ჩვენი ომი საქართველოში - ეს არის რუსეთი და კოვიდი“ - გიორგი ფხაკაძეღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება, საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და რაოდენობრივი შეზღუდვის  გაუქმება, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ დაწესებულებებში - ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც 22 მარტს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებები საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ შეაფასა. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინების გადაყრა ეს არის…
  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…