ავტორი ლია კილაძე
დღეს იურის ხსოვნის დღეა…
🌟 ნიჭიერი მსახიობის და საუკეთესო ადამიანის დაბადების დღე… მეექვსედ, უმისოდ…
დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის ასპარეზი რომ შეხვედროდა, საქართველოში ყველასათვის ნაცნობი და ახლობელი იქნებოდა…
🌟ისტორია ინახავს მისი თამაშით ქართული თეატრის კორიფეების აღტაცებას…
მის მიერ შესრულებულ ჭეიშვილის როლს ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ დიდი გამოხმაურება მოყვა სათეატრო საზოგადოებაში. როგორც თეატრის სცენოგრაფი თამაზ დარჩია იხსენებს, „მის მიერ ჭეიშვილის როლის შესრულების გამო აღტაცება ვერ დაუმალავს ოთარ მეღვინეთუხუცესს, რომელსაც გამოუთქვამს სურვილი მასთან ერთად ეთამაშა სპექტაკლში ლიმონას როლი.
🌟 „თეატრის 120 წლისთავზე თეთრ ბაირაღებში ოზურგეთში თამაშობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი. მე ჭეიშვილის როლს ვასრულებდი. კარგი დუეტი გამოვიდა, თვითონაც ისე მოეწონა, სპექტაკლის ბოლოს ხელში ამიტაცა. ასე მოვდივარ…“ -იხსენებდა იურა.
🌟 იური ოზურგეთის თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა და ოზურგეთის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო, ფართო დიაპაზონის მსახიობი, შეეძლო როგორც ტრაგიკული, ისე კომიკური როლების შესრულება.
🌟 მისი კინოროლებიც გამორჩეულია, თუმცა ეპიზოდური, მაგრამ, სახასიათო…

გურული ფიუნესი, რომელიც გოგია უიშვილის სახლში ცხოვრობს

 

ოზურგეთში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც აერთიანებს ამ ორ სახელს. ის ამბობს, რომ მისი სახლი ოზურგეთში, ახლა გადაკეთებული და სახეცვლილი, ადრე სოფელ ხორეთში იდგა და იგი გოგია ხუხუნაიშვილს, იგივე გოგია უიშვილს ეკუთვნოდა. სახლი სულაც არ იყო გაჭირვების სიმბოლო, როგორც საბჭოთა სკოლაში ისწავლებოდა…
ოზურგეთში მას იურას ეძახიან, რაც დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ადამიანისადმი, რომელიც ახერხებს მუდამ მხნე, დიდთან დიდი იყოს, პატარასთან პატარა. მისი სავიზიტო ბარათი ღიმილი და შემართებაა.
ბევრისათვის იგი ოზურგეთთან, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრთან და ღიმილთან ასოცირდება. იურა – ეს იური ჯიჯიეშვილია, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი, ოზურგეთის თეატრის მსახიობი.
თეატრში 1962 წელს მოვიდა, მაშინდელი დირექტორის, ბატონი ბეჟან ნაკაიძის შეთავაზებით. ამ დროს უკვე კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელის კურსდამთავრებული იყო. აპირებდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებას, მაგრამ:
` _ გადამეკიდა ჯარი. რატომ უნდა დამეცვა ჩიტას საზღვარი, ორჯერ გამოვიქეცი, ამის გამო საგიჟეშიც გამაწესეს და ამით დიდ პოლიტიკურ სასჯელს გადავურჩი. შემდეგ ცოტა ხანი მფრინავ-გამომცდელობაზე ვიოცნებე…. 1962 წელს, თეატრში მისვლისთანავე რეჟისორის თანაშემწედ დავინიშნე და მსახიობადაც მამზადებდნენ. რამდენიმე წელიწადში, 1969 წელს დამაწინაურეს და ვიყავი დასის მმართველი და 45 წლის მანძილზე ვედექი სათავეში. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. თუ რამე დაძაბულობა წარმოიქმნებოდა ვანეიტრალებდი ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ მე და მსახიობმა ვიცოდით.
ვითამაშე ეპიზოდური და მთავარი როლები და ასე მოვდივარ…~
ბატონი იური მიიჩნევს, რომ კომიკური როლების თამაში ძნელია მაშინ, როცა რეალობა დრამატული სურათებითაა გადატვირთული, თუმცა მან არამარტო სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც მხიარულების ნიღაბი მოირგო: ` _ მე სცენაზე და ცხოვრებაშიც მხიარულებას ვთამაშობ, რომელმაც სხვებს იმედი უნდა მისცეს.~
ამბობს, რომ ბედმა არგუნა კომიკოსობა: ` _ თეატრში რომ მოვედი მამსგავსებდნენ ლუი დე ფიუნესს, ვთამაშობდი კომიკურ როლებს. რა ვიცი მე ვგავდი თუ ის მგავდა… მომიხდა მუშაობა კინოშიც, სადაც შემომთავაზეს კაცისმკვლელის, ყაჩაღის და ბუნტისთავის როლები, კურიოზები კადრს მიღმა რჩებოდა.~
ოზურგეთის თეატრში 50-მდე, ხოლო ქართულ ფილმებში 12 ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული. ბედნიერებად და პროფესიონალიზმის დიდ სკოლად მიიჩნევს, რომ უმუშავია ადგილობრივ და რესპუბლიკის ცნობილ რეჟისორებთან და მსახიობებთან: ` _ მოვხდი უნიკალურ მსახიობებთან, კორიფეებთან: ქალბატონი ლამარა თურმანიძე, ბატონი რომან ლომინაძე, გრიშა კალანდაძე, ვლადიმერ ბაჯელიძე, ალექსანდრე ცქვიტიშვილი, ანა ანდღულაძე და ბევრი…. დიდ რეჟისორებთან _ გიგა ლორთქიფანიძე, ვარლამ ჟურული სამხატვრო თეატრის ხელმძღვანელი იყო მოსკოვში, ოთარ ალექსიშვილი (მოსკოვის კადრია), ელდარ შენგელაია, ლერი პაქსაშვილი, ნიკოლოზ სარიშვილი, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, არმაზ ბუგნაძე, ნოდარ მანაგაძე, ლეილა გვარჯალაძე… ამან დიდი სტიმული მომცა მუშაობის.
ოზურგეთის თეატრის წლევანდელ, 144-ე სეზონზე 49-ჯერ შემოვაღე თეატრის კარები. მინდა კიდევ რაღაც გავაკეთო, ვცდილობ, არ მინდა ეპოქას ჩამოვრჩე, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.~
ბატონმა იურიმ წკიპურტებითა და ფუნაგორიებითაც გაითქვა სახელი. მსახიობებთან, ადამიანებთან მიმართებაში მისი კილო თბილია, ხოლო ხელისუფლებასთან _ მკვახე.
ანტისაბჭოთა განწყობით რომ გამოირჩეოდა მისი ჯარიდან ლტოლვილობის ამბავიც ადასტურებს. `პერესტროიკის~ პერიოდს კარგად აუწყო ფეხი და ოზურგეთში პირველად მან გამართა სახალისო კონკურსები და მეჯლისები. მსახიობების ბენეფისების, მერე ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეჟისორობაც სცადა. მათ შორის იყო 1974 წელს მწერალთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელსაც ოზურგეთის რაიონი მასპინძლობდა. სტუმრად იყვნენ უცხოელი, საბჭოთა მწერლები, მათ შორის ნოდარ დუმბაძე.
ამ ღონისძიებაში იურა მღვდლად გადაცმულიც იხილა საზოგადოებამ და ოფიციოზმა კომუნისტური ტერორის შემდეგ პირველად გაიხსენა გურიის დანგრეული ეკლესია-მონასტრები:
„ – პირველად მე გავხსენი შემოქმედის ეკლესია. ჩვენთან არ იყო მღვდელი. უამრავი ეკლესია კი გვქონდა. მაშინ გავბედე და შემოქმედის უმოქმედო ტაძარში მღვდლის როლი „ვითამაშე“. თეატრში გავიკეთე წვერ-ულვაში, ჩავიცვი შესანიშნავი ფორმა. გავაწმენდინეთ ახალგაზრდებს იქაურობა. იქ დიდი წიგნებიც ვნახე, სამწუხაროდ, ვერ მივაქციე ყურადღება მათ შემდგომ ბედს… ძალიან კი გამიჭირდა, როცა ამ საპატიო ადამიანებმა ჩამომიარეს და ყველა მემთხვია, მკერდზე თავი დამადეს… გამაჟრჟოლა… ნოდარ დუმბაძემ რომ ჩამომიარა, მადლობა ვუთხარი. შემდეგ მან ჩემში გადაცმული მღვდელი ამოიცნო, შემაქო, მარა მთლად შექებაც არ იყო… რაიკომის მდივანმა იხუმრა დეეგდოს მაგი ჯიჯიეშვილი ეკლესიაში, რაღა უნდა თეატრშიო. ნოდარ დუმბაძესთან საუბარში კი ეკლესიის ამოქმედებისათვის დახმარება ითხოვა. ამით ვამართლებ ჩემს მაშინდელ იდეას… ეკლესიისადმი მოკრძალება მაშინაც მქონდა, სულ ღვთის რწმენით ვარ.
თეატრის 120 წლისთავზე თეთრ ბაირაღებში ოზურგეთში თამაშობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი. მე ჭეიშვილის როლს ვასრულებდი. კარგი დუეტი გამოვიდა, თვითონაც ისე მოეწონა, სპექტაკლის ბოლოს ხელში ამიტაცა. ასე მოვდივარ…
რეზო ჩხეიძე 80 წლისთავზე ჩამობრძანდა ოზურგეთში და წილად მხვდა ჩამეცვა სერგო ზაქარიაძის ნაცვამი ჯარისკაცის მამის სამოსი. ცოტა ხანი ვიყავი ამ ჩაცმულობით, მაგრამ დაუვიწყარი მოგონება დამიტოვა.~
იურის საქმიანობა თანდათან ხდებოდა თვალსაჩინო და დაბადების 50 წლისთავზე მაშინდელი ხელისუფლებისან მიღებულ 50 მიხაკს ახლაც სიხარულით იხსენებს. თეატრში ყველაფერი კარგი ხდებაო ამბობს და თავი იღბლიანად მიაჩნია. იღბლიანობა კი ღვთის საჩუქრად:
` _ მუდამ იმედიანი ვარ, ღვთის რწმენით. ხან სანთლის ფულიც არ მქონდა. სხვის შეცდომას მე ვიღებ ჩემს თავზე. ყველა სეზონს ვაჯამებ ჩემს გულში. ვარ პატიოსანი მოქალაქე.
ყველაზე მთავარია სუფთა სულით გაატარო ცხოვრება, არასოდეს დამიშავებია ვინმესთვის რამე, ეროვნული, ანტისაბჭოთა პოზიციაც ბევრჯერ გამომიხატავს, მაგრამ ყველა თვალს მარიდებდა. ზოგჯერ იმდენჯერ მთხოვდნენ კომპრომისს, იძულებული ვხდებოდი გამეთვალისწინებინა. სახლში ხატებიც არ დამიყენეს.
ეს სახლი გოგია უიშვილის შთამომავლობისაგან შევიძინეთ სოფელ ხორეთში და ოზურგეთში გადმოვიტანეთ. ყველაზე კარგი, რიკულებიანი, ულამაზესი ორსართულიანი წაბლის ხის სახლი იყო, ეწერა გოგია ხუხუნაიშვილი, მარსელის კრამიტით იყო დახურული… მერე შემაღებინეს და პირვანდელი პეწი დაკარგა, ჯვარი რომ ჰქონდა თავზე ავაჭერი, შემიკლა უშიშროებამ ხელში. მერე გადავაკეთე-გადმოვაკეთე, ახლა ყველა სახლი სჯობია, ადრე პირიქით იყო.~
იური ჯიჯიეშვილის მამა, ილია, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, ჟორდანიას მთავრობაში მიღებული და შეძლებული, ფრანგულად მოსაუბრე და განსწავლული ადამიანი იყო. ბოლშევიკებს მეტეხის ციხეში ჩაუსვამთ და კომუნისტებს ქონებაც ჩამოურთმევიათ. ასე გამხდარა საბჭოთა მოქალაქე ნინოშვილის „გაღლეტილი“ გმირის სახლის მობინადრე.
თეატრის მმართველის ზაზა ჯინჭარაძის პროექტებში მონიშნულია მომავალ წელს ბატონი იურის 70 წლის იუბილეს გადახდა: „ _ იური ჯიჯიეშვილი არის ქართული თეატრის ენციკლოპედია, მას უნახავს სცენაზე გიგანტი მსახიობები აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე… იგი წლების მანძილზე იყო დასის გამგე, უხდებოდა ჩვენი თეატრის მსახიობებთან ურთიერთობა, მეგობრობდა დიდ არტისტებთან, მათთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო ფაქტის მოყოლა შეუძლია, არის საინტერესო მოსაუბრე. გაიარა ურთულესი პერიოდი ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. არის კოლორიტული ფიგურა, არის ნიჭიერი, დასაფასებელი მსახიობი, რომლის წინაშე ჩვენი თეატრი ვალშია და ვფიქრობთ ამ ვალს ნაწილობრივ გადავიხდით მისი იუბილეთი. ძალიან მნიშვნელოვანია იურა ჩვენს თეატრში. მისთვის თეატრი არის ოჯახი, რომელსაც 50 წელზე მეტია იგი ემსახურება.“
„სცენის მტვერმა, მსახიობობის უკურნებელი სენით დამაავადაო.“- ამბობს მსახიობი. ერთგულება, საიმედოობა, მხნე შეხვედრები ღიმილთან ერთად მისი დამახასიათებელი თვისებებია. და კიდევ თეატრისა და ხელოვნების სიყვარული. ამ გზით უვლია დღემდე და ასე აპირებს სამომავლოდაც…
2011 წ. გაზეთისათვის „ქართული გაზეთი“

მსგავსი სტატიები

  • 100
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 93
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 87
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 86
    „რუსები ინტენსიურად ბომბავდნენ ირპენს, იძულებული გავხდით პოლონეთში გადავსულიყავით“ქეთევან ჯინჭარაძე და ტარიელ თავბერიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან არიან. 2012 წლიდან ქეთევანი სოფელ მთისპირის გამგებელი იყო. შემდეგ ოჯახური გარემოებიდან გამომდინარე უკრაინაში გადავიდნენ და ბოლო 6 წელი კიევიდან ჩრდილოეთით, ქ. ირპენში ცხოვრობდა. რუსეთ-უკრაინის ომმა აიძულა ირპენი დაეტოვებინა და ამჟამად პოლონეთში, ქვემო სილეზიის დედაქალაქ ვროცლავშია. გაზეთი „ალიონი“ ქეთევან ჯინჭარაძეს სოციალური ქსელის…
  • 81
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…