“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი”

ავტორი _ვლადიმერ მენაბდე

“ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და პერსპექტივაში, მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება, უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს“ 

თემურ რევიშვილი – ტექნიკის მეცნირებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრის (ოზურგეთი-ანასეული) დირექტორი

 

„გურიის მოამბე“ – ბატონო თემურ რატომ ვერ ხერხდება ჩვენთან კონკურენტუნარიანი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება და განვითარება, რატომ უჭირს სოფელს?

-პრობლემა კომპლექსურია, პირველ რიგში, ცოდნა, მენეჯმენტი, კვალიფიკაცია, გარკვეულწილად შეიძლება ტრადიციებიც ითქვას, რადგან ცნობილი მოვლენების გამო, ვგულისხმობ საბჭოთა კავშირიდან მიღებულ მემკვიდრეობას, დიდი წყვეტა გვქონდა. მოკლედ რომ ვთქვა, დამწყებ ფერმერს ვურჩევდი მეტი ცოდნის მიღებას აგრარულ სფეროში. გურიის სოფლებში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას ძირითადად ხელს უშლის მცირეკონტურიანი ფერმერული მეურნეობები, მათი გაერთიანებების და ასოციაციებად ჩამოყალიბების პრაქტიკულად დაბალი აქტივობა, ზედმეტი ინდივიდუალიზმი, ნაკლები ცოდნა, სამექანიზაციო საშუალებებით, მათ შორის, მცირე სამექანიზაციოთი უზრუნველჰყოფის ნაკლები დონე.

ამ პრობლემების გადალახვა კომპლექსურად უნდა მოხდეს. ეტაპობრივად, ნაბიჯ- ნაბიჯ, რასაც მუხლჩაუხრელი შრომა და სწავლა სჭირდება. არაფერი განსაკუთრებული, არ მინდა მკაცრ ნათქვამად აღიქვათ, ჩვენ შეგვიძლია, მთავარია უნდა მოვინდომოთ და უნდა გვქონდეს მზაობა და სრული წარმოდგენა რა გვინდა და როგორ.

-თქვენი ცენტრი ამ მიმართულებით გარკვეულ საქმიანობას ეწევა

-რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების მიზნით, ჩვენთან, ანუ  კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში ხშირია სასწავლო პროგრამები, დაინტერესებული ფერმერებისათვის, ვაწყობთ კონფერენციებს, სემინარებს. ნებისმიერ ფერმერს შეუძლია ისარგებლოს ჩვენი სერვისებით, ხშირია პრეზენტაციები რომელიც ტექნოლოგიურ სიახლეებს ეხება.

მაგალითად ანასეულში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში გაიმართა ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილი ინოვციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია, რომლებიც დამზადდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) დაფინანსებული პროექტის – “პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SDC) დაფინანსებით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩაის სექტორში დასაქმებული კომპანიების და ფერმერული მეურნეობების, სახელმწიფო სტრუქტურების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა.

წარმოდგენილი იყო:

– ჩაის ფოთლის საფიქსაციო/მომხალავი ახალი თაობის ენერგოდამზოგი დანადგარის ექსპერიმენტული ნიმუში და მისი გამოყენებით მწვანე ჩაის მიღების ენერგოდამზოგი ტექნოლოგიური პროცესი. ჩაის წარმოება ენერგორესურსტევად დარგს განეკუთვნება. მწვანე ჩაის ხარისხობრივი მაჩვენებლების ჩამოყალიბებაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თბური პროცესები ასრულებებენ. პროდუქციის თვითღირებულების შემცირება რეალურად შესაძლებელია ენერგო დანახარჯების შემცირებით, კერძოდ, ალტერნატიული ენერგიის წყაროს და/ან ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე.

სიახლე დაცულია გამოგონებით: (ჩაის ფოთლის მომხალავი დანადგარი. გამოგონება # AP 2021 15792. საქპატენტის ბრძანება #2842/1, პატენტის გაცემის შესახებ, 19. 05. 2022). დამამზადებელი – ი/მ „მ. კარტოზია“ (ქუთაისი, ყოფილი ელექტრო – მექანიკური ქარხანა).

– ჩაის პლნტაციის რიგთაშორისების დამმუშავებელი მცირე სამექანიზაციო ინოვაციური ტექნოლოგიური დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს რიგთაშორისების გაწმენდას სარეველებისგან, მათ დაქუცმაცებას და მიღებული მასის ნიადაგში ჩაკეთებას, რაც ხელს უწყობს პლანტაციაში ორგანული ნაერთების და ჰუმუსის დაგროვებას, ნიადაგის სტრუქურის გაუმჯობესებას და დადებითად მოქმედებს პლანტაციის ბიოლოგიურ პროდუქტიულობაზე;

– ჩაის ფოთლის ხელის საკრეფი მოდერნიზებული ინოვაციური აპარატი და ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველჰყოფს ჩაის ფოთლის შერჩევით კრეფას ყლორტების ჭრის სიმაღლის რეგულირების გზით, ზრდის ნაზი დუყების აღების პროცესის ეფექტიანობას და საბოლოო ჯამში მოსავლიანობას.

სიახლე დაცულია გამოგონებით („ხელის ჩაის საკრეფი აპარატი“, # AP 2021 15842. საქპატენტის ბრძანება #2228/1, პატენტის გაცემის შესახებ, 15. 04. 2022).

დამამზადებელი – შპს „მეტალტექნიკა“ (ოზურგეთი).

ამ დღეებში, გაიმართა მეჩაიეთა-შეხვედრა სემინარი, სადაც პირველად წარმოადგინეს მწვანე ჩაის წარმოების ახალი სამანქანო ტექნოლოგია, რომლის  მთავარ ეფექტს  წარმოადგენს ერთეულ პროდუქციაზე ენერგეტიკული დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.  საკითხმა ჩაის წარმოებით დაინტერესებულ  პირებში, რომლებიც  სემინარს მრავლად ესწრებოდნენ, დიდი ინტერესი გამოიწვია. ცნობილია, რომ   ჩაის წარმოება ძირითადად  თბურ ტექნოლოგიურ პროცესებზეა დამყარებული და  შესაბამისად პროდუქციის თვითღებულებაში  ენერგო დანახარჯების  ხვედრითი წილი  მნიშვნელოვნად მაღალია.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში ავტორთა ჯუფის ( ბ.დოლიძე,  თ. რევიშვილი, ზ. ანდღულაძე, ე. გობრონიძე, ლ. ჟვანია) მიერ ჩატარდა არსებული სახალავი დანადგარების  ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრების კვლევა, რომლის საფუძველზე არჩევანი შეჩერდა სახალავ დანადგარებში ენერგოდამზოგი  ინვენტორული ტექნოლოგიის  გამოყენებაზე.

როცა სხვადასხვა კულტურის განვითარების დროს ენერგოეფექტურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გურია თავისი ლანდშაფტიდან გამომდინარე იძლევა იმის საშუალებას, რომ განვავითაროთ ჰიდროენერგეტიკა. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული რეგიონში არსებული პოტენციალი, შესაბამისად მცირე და საშუალო ჰიდროენერგეტიკული ობიექტები სწორედ ის მიმართულებაა, რაც ინვესტიციებს შემოიტანს რეგიონში. ცხადია, ობიექტურად ჩატარებული ეკოლოგიური კვლევებისა და მონიტორინგის საფუძველზე  უნდა მოხდეს ამ ტიპის ობიეტქების მშენებლობა და განვითარება. ინვესტიციებს კი თავის მხრივ რეგიონში მოაქვს სხვა ტიპის სიკეთეები, დიდი ინვესტორები საკუთარი პროექტების მიღმა, ზრუნავენ ადგილობრივებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ქმნიან სამუშაო ადგილებს და  ავითარებენ ინფრასტრუქტურას. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებასაც, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. რაც ჩვენთვის, იმ მეცნიერებისთვის, ვინც სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებითაა დაკავებული, ასევე უმნიშვნელოვანესია.

 

საქართველოში მეჩაიეობის საკუთარი ბაზის შექმნაზე და სარგებლიანობაზე დიდი ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე წერდა: “ჩვენი ჰავის წყალობით მიწაზე, სადაც ჩაი და მისთანა ძვირფასი სუბტროპიკული კულტურები გაიხარებს, ფასმოკლე ჭირნახულით მიწის მოცდენა დიდი შეცდომაა. დღეის იქით ჩვენ სამეზობლო ბაზარზე ამ ძვირფას ჭირნახულს შევიტანდეთ და იქედან ჩვენთვის საჭირო ჭირნახულს შემოვიტანდეთ ორმხრივ მოგებაში ვიქნებით…” (გაზეთი “ივერია“, 1894 წ.).

საქართველოში პირველი მასშტაბური ჩაის სამრეწველო პლანტაციების გაშენების და სათანადოდ აღჭურვილი ნედლეულის გადამამუშავებელი ფაბრიკების აგების ისტორია 1892-1893 წლებიდან იწყება ჩაქვსა და სალიბაურში – ასე რომ ეს დარგი უმნიშვნელოვანესია ჩვენს მხარეში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

ცნობისათვის: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრი  2011 წელს დაარსდა, როდესაც კახა ბენდუქიძემ, ცოდნის ფონდის მეშვეობით, მასშტაბური რეფორმები დაიწყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ფუნდამენტური გარდაქმნისთვის, რაც მოიცავდა: ახალი პროგრამების საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებასა და დანერგვას, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების დამკვიდრებას, კვალიფიციური პროფესორების და მკვლევრების მოწვევას, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა საქართველოში.

დღეისათვის კახა ბენდუქიძის კამპუსი მოიცავს სხვადასხვა ზომის აუდიტორიებს, საკონფერენციო დარბაზებს,  საგამოფენო სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ტრენინგ ცენტრს.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრი განთავსებულია ანასეულში.

შენობის საერო ფართი  1340 კვ. მეტრს შეადგენს. ცოდნის ფონდის დახმარებით შენობას 2013-2015 წლებში ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის შედეგადაც აუდიტორიები, კომპიუტერული კლასი და ლაბორატორია  მოეწყო. ცენტრი ძირითადად ორიენტირებულია სპეციალური სასწავლო პროგრამებით პროფესიული გადამზადება – სწავლების, საერთაშორისო სკოლების, სემინარების და კონფერენციების  განხორციელებაზე.

ანასეული მდებარეობს ზღვის დონიდან 160 მეტრზე. ჰავა – სუბტროპიკული, ნოტიო კლიმატით. ინსტიტუტის მიწის ფონდი შეადგენს 8 ჰა-ს, რომლის დიდი ნაწილი უჭირავს დენდროპარკს, 100-ზე მეტი სახეობის მცენარით, ასევე ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საცდელი მცენარეების ნარგაობებით. სუბტროპიკული კულტურები მრავალწლიანი, მარადმწვანე (ჩაი, ციტრუსოვნები, ფეიხოა, დაფნა, ზეთისხილი და სხვ.) და ფოთოლმცვენი (სუბტროპიკული ხურმა, თხილი, კაკალი და სხვ.) მცენარეებია, რომელთა მოშენება და მოყვანა შესაძლებელია განსაზღვრულ აგროკლიმატურ პირობებში. სუბტროპიკული კლიმატის სარტყელი გარდამავალია ტროპიკულსა და ზომიერს შორის. სავეგეტაციო პერიოდი თბილი და ხანგრძლივია, ზამთარი – თბილი და შედარებით მოკლე

 

წარმატებული ფერმერები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 100
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 100
    „ჩაის კულტურა უნდა დარჩეს გურიის სავიზიტო ბარათად“დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…
  • 90
    ფერმერებმა ახალი კულტურის გაშენების წინ უნდა ჩაატარონ ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევებიადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი `ანასეული ~-ს დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი რუსუდან ტაკიძე. „სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“   ნუგზარ ასათიანი, გაზეთი „ალიონი“ _ ქალბატონო რუსუდან, ნიადაგის როგორი ტიპები (ზონების მიხედვით) გვხვდება გურიაში? _ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება უპირატესად ნიადაგზე და…
  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…