5 იანვარს 94 წელი შესრულდა გაზეთ „ალიონის“ დაარსებიდან. საქართველოში ასეთი სოლიდური ასაკის მხოლოდ ორიოდე  რეგიონული გაზეთია შემორჩენილი, რომლებსაც ამ ხნის მანძილზე  გამოცემა არ შეუწყვეტია.

პირველი ნაბეჭდი გაზეთი „გურიის ხმა“ 1918 წელს გამოვიდა ოზურგეთში, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში იყო. ამ გაზეთის ბოლო ნომერი 1921 წლის 17 მარტს დაიბეჭდა. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, გაზეთმა არსებობა შეწყვიტა. თუმცა, 1931 წელს „ალიონის“ წინამორბედი გაზეთის დაარსებისას სტამბაში სწორედ „გურიის ხმის“ დროინდელი გამოცდილი მესტამბეები დასაქმდნენ.

გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში გაზეთის რედაქტორი იყო ქართული ჟურნალისტიკის სარბიელის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ვახტანგ ჯაყელი (ცნობილი მწერლისა და მეცნიერის გიზო ჭელიძის ეპითეტია). ბატონ ვახტანგ ჯაყელის მიერ დაკომპლექტებულმა და მანამდე დანიშნულმა კადრებმა ახალი ჟურნალისტიკური ატმოსფერო შექმნეს გურიაში. ესენი იყვნენ: მამია კილაძე, თამაზ სალუქვაძე,  ელგუჯა შევარდნაძე, ნუგზარ ქინქლაძე, გიზო ჭელიძე, მინდია თავაძე, ვაჟა ჭანუყვაძე,გერმანე ანდღულაძე,გენრიეტა ქუთათელაძე, თამაზ გობრონიძე, ვასო მექვაბიშვილი, ლამარა სიმონიშვილი, გიგლა ვაჩეიშვილი (ჩოხატაური),  რეზო ლორია, ვალიდა ფიფაიშვილი (ლანჩუთი),ანა ართილაყვა, ფაცია ცქვიტინიძე და სხვები. მას შემდეგ, რაც გაზეთს აფთონ გურგენიძე ჩაუდგა სათავეში, რედაქციაში კვლავ ნიჭიერი ჟურნალისტები ეთერ ქადეიშვილი, გულსუნდა მახარაძე და ზაირა ბილიხოძე  დასაქმდნენ (40-იან წლებში ქალბატონ გულსუნდას მამა ლეონიდე მახარაძე გაზეთის რედაქტორი იყო).

70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში რედაქციაში მოვიდნენ: ნუგზარ ასათიანი, თამაზ ხარაიშვილი, ნუკრი ნიკოლაიშვილი,ნინო მდინარაძე, ნინელი კალანდაძე, ნინო სალუქვაძე….

გაზეთში მუშაობდნენ  შესანიშნავი ფოტოკორესპონდენტები (60-იანი წლებიდან): იური შაქარიშვილი, გიგლა გიორგაძე, ზია სამსონია, ამირან გოგიტაური, დათო გიორგაძე….

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკუტეტის სტუდენტები ოზურგეთის გაზეთში გადიოდნენ ჟურნალისტურ პრაქტიკას.

გასული საუკუნის 80-იან წლებში გაზეთის ტირაჟი 20 000-მდე იყო. 1986 წელს გაზეთს ნიჭიერი ჟურნალისტი თამაზ სალუქვაზე ჩაუდგა სათავეში. ამ პერიოდში აშენდა ოზურგეთის პოლიგრაფიული გაერთიანების ახალი შენობა, სადაც იმ დროისთვის საუკეთესო პოლიგრაფიული დანადგარები დაიდგა. გაერთიანებას ყოფილი „ალიონელი“ ვაჟა ჭანუყვაძე ჩაუდგა სათავეში. გაზეთი ოფსეტურ ბეჭდვაზე გადავიდა…

1990 წლის აპრილიდან  რეგიონში პირველი დამოუკიდებელი გაზეთი „ალიონი გამოდის (რამდენიმე ნომერი „გურიას“ სახელით გამოვიდა). სამოქალაქო ომის შემდეგ დაიწყო გაზეთის არსებობისთვის რთული პერიოდები. 1992 წელს გაზეთი „ალიონი“ 14 000 ტირაჟით გამოდიოდა. შემდეგ ტირაჟმა მკვეთრად იკლო. იმ წლებში, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა,  გამოჩნდა, რომ „ალიონის“ ჟურნალისტებს როგორ უყვარდათ საკუთარი პროფესია. რეგიონში ერთადერთი პერიოდული გამოცემა გამოდიოდა..

თამაზ სალუქვაძე ნიჭიერი და თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული რედაქტორი იყო. 1996 წელს გაზეთის პირველი კომპიუტერული გამოცემა გამოვიდა (აიწყო „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში“, ), ხოლო შემდეგ მთლიანად ახალ ტექნოლოგიაზე გადავიდა. რაშიც დიდი წვლილი გაზეთის კომპიუტერული სამსახურის უფროსს დავით კუტუბიძეს მიუძღვის.

2005 წლის 16 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა ყოფილი აგროსამრეწველო გაერთიანების შენობა, სადაც „ალიონს“ უვადო უზუფრუქტით 200 კვადრატული ფართი ჰქონდა. ხანძრის შედეგად განადგურდა რედაქციის ქონება, კომპიუტერული ტექნიკა, გაზეთის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი…

2006 წლის აპრილიდან  გაზეთ „ალიონს“ ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი ხელმძღვანელობს.

გაზეთი  გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ვრცელდება.

გამოდის „ალიონის“ინტერნეტგამოცემა _ALION.GE.

2013 წელს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით გაზეთ „ალიონის“ მე-10 000-ე ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ალიონის“ საინტერესო გამოფენა გაიმართა.  ღონისძიებას პოლიტიკოსები, კულტურის, ხელოვნების, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ალიონი“ ბოლო 10 წელია, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გამომცემლობაში „მერიდიანში“ იბეჭდება.

„ინტერნიუსი – საქართველო“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“  – ფარგლებში,   გაზეთი „ალიონი“ საქართველოში ოთხ საუკეთესო რეგიონული გამოცემის შორის დასახელდა, სადაც  ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მუშაობდნენ, არ ქვეყნდებოდა  სუბიექტური, გადაუმოწმებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციები.

როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში, დღესაც  რთულია   გაზეთის გამოცემა.  კვლავ არაჯანსაღი კონკურენციაა, უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ ბეჭდური გამოცემები ფაქტიურად მივიწყებულია…

ვულოცავთ გაზეთ „ალიონს“ და მის ერთგულ მკითხველებს 93  წლის იუბილეს და კვლავაც ვუსურვებთ მართალი სიტყვის მკითხველამდე  მიტანას.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია.