ოზურგეთის სოფელ შრომაში მდებარე კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 470 910 ლარია.
სოფელ შრომის კულტურის სახლის შენობა 1953-1956 წლებშია აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
შენობის რეაბილიტაციაზე საუბარი 2022 წელს დაიწყო.
სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2023-2024 წლების დაფინანსების ფარგლებში ჩატარდება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.
სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ „შენობას პომპეზური და მხატვრულად გაფორმებული დარბაზი გააჩნია. ამ სივრცის მთავარი დეკორატიული აქცენტი მისი ჭერია, რომელიც უხვად არის მოხატული გასული საუკუნის 50-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ფიგურული კომპოზიციებით.“