ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი
37 წელი ოზურგეთს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო ღონისძიების თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი გამხდარა ოზურგეთელი საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით.
19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა. საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი მახარაძის მრაფალფეროვანი თემატიკითა და საინტერესო სიუჟეტური დატვირთვის მქონე ნახატები იყო წარმოდგენილი.
ვალერი მახარაძის ბიოგრაფიიდან: ოზურგეთს დაიბადა და ოზურგეთის N1 საშუალო სკოლა დაამთავრა. იგი ბავშვობიდანვე ხატავდა, თუმცა ამ მხრივ, მისი მუშაობა, ძირითადად, მხოლოდ სასკოლო კედლის გაზეთის გაფორმებით შემოიფარგლებოდა. პირველი ნამუშევარი – ავტოპორტრეტი 1981 წელს დახატა, შესრულებული ზეთის საღებავით. შემდეგი ნახატებიც ზეთის საღებავითაა შესრულებული. 1983 წელს, სხვა მხატვრებთან ერთად, მისი რამდენიმე ნამუშევარი, ოზურგეთის მუზეუმში გამოიფინა.
სტატიაში „სიხარული გვაჩუქეს“, რომლის ავტორია ცნობილი ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ელგუჯა შევარდნაძე, ვკითხულობთ: „ამაღელვებელი და მეტყველი ფერადოვანი სამყარო მოიტანა გამოფენაზე ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ახალგაზრდა მსახიობმა ვალერი მახარაძემ. გაცნობიერებული და მსუყეა მისი ფუნჯის მონასმი, რომელშიც თავისებურადაა წარმოდგენილი აზრი, ოცნება ნათელსა და კეთილზე, ხოლო მეტყველი ფერების ექსპრესიულობა ცხადად აჩენს მხატვრის სიმბოლურ აზროვნებას, გარე სამყაროს შეცნობის მისეულ მანერას. ამ მხრივ საინტერესოა ზეთით შესრულებული ტილოები .„სამყაროს შექმნა,“ _მაღლა ატყორცნილი მუქი მოყვითალო ბურთი, მზის სიმბოლო და მწვანე და ყვითელი ფერების გაბედული შეხამება.ასევე სასიამოვნოდ იკითხება ნატურმორტი „მანანა“ და პეიზაჟი „წინაპართა სავანე,“ხოლო მხატვრის ავტოპორტრეტში მოჩანს ახალგაზრდა კაცის ძალა, ტემპერამენტი, თავშეკავებული მღელვარება, ნებისყოფა, იმედი, რასაც ამაღლებს ნათელი, ჰაეროვანი ფერების ჰარმონიულობა“. (გაზეთი „ლენინის დროშა,“#67, 4 ივნისი, 1983 წ.)
90-იანი წლებში, იგი ოზურგთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა. იყო სცენის მემანქანე, დუბლიორი მსახიობი, სცენოგრაფი – მხატვარ დეკორატორი – ეს ის წლებია, როცა ქვეყანაში უმძიმესი პერიოდი იყო, ჩამოშლილი ეკონომიკით. მეტ-ნაკლებად უჭირდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს წარმომადგენელს . განსაკუთრებით, კი ხელოვან ადამიანებს, და მათ შორის კიდევ მეტად მათ, რომელთაც თავიანთი შემოქმედება, არ დაუნახავთ, ან წარმოუდგენიათ კომერციული თვალსაზრისით. წარმოდგენილი მხატვარიც, ამ პიროვნებათა რიგს შეიძლება მიაკუთვნო.
იხსენებდნენ მისი ნაცნობ-მეგობრები იმ დროს და… დღეს უკვე, ამ პერიოდში არ დაკარგული ადამიანის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ. არაერთი ქარტეხილის მიუხედავად, მან 300-მდე ტილო შექმნა. ტილოზე გადმოიტანა უახლოეს ადამიანთა პორტრეტები, მათი განწყობები, საკუთარი ეზო გარემო, ყოფითი დეტალები თუ ქმედებები. ის საკუთარ თავს უწოდებს განწყობის მხატვარს. რაც კარგადაა ასახული ნახატთა ფერადოვნებას, დეტალებსა და შინაარსში. გვერდს ვერ უვლის დროსა და მის ანარეკლს ყოფით ცხოვრებაში. საინტერესოა თითქოს უხილავი ძაფები მხატვარსა და ნიკალას შორის და ცალკეული დეტალები ნიკალას ცხოვრებიდან. ვხვდებით ტილოებს, სადაც ნახატი ნახატშია წარმოდგენილი. რთულ კომპოზიციებზე არაფერს ვამბობთ. თითქოს მარტივი ნატურმორტი „ვაშლები“ _ აქ ის გარჯა იკითხება, ვაშლის მოყვანისთვის რომ არის საჭირო და, გარკვეულწილად ის ჩვეულებაც, ქართველი კაცის მასპინძლობის თანმდევი რომ არის.
გამოფენა ტრადიციულად გახსნა ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ და ისაუბრა მხატვრის შემოქმედებაზე, მისი ხელოვნების სტილსა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
„- 37 წელია, რაც გალერეა არსებობს, ვალერი მახარაძე, თავისი ნამუშევრებით, ყოველთვის ღებულობდა მონაწილეობას ჩვენს გამოფენებში. მისი ორი ნამუშევარი ჩვენს ფონდშიც ინახება. ის თვითნასწავლი მხატვარია, მაძიებელი და თავისი ნახატების ეპიზოდებში, თავად პოულობს ინდივიდუალიზმს. აქ თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებაა. თვით ნატურმორტიც კი სრული კომპოზიციითაა წარმოდგენილი. იშვიათობაა ასეთი მრავალფეროვნება ერთი მხატვრის შემოქმედებაში. განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ მის ნამუშევრებში არის ექსპრესიაც და უძინარი სიჩუმეც, სიმშვიდეც. სასიხარულოა, რომ გამოიცა მისი ნამუშევრების კატალოგი.“
ავთანდილ თავართქილაძე _ სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი: _ ვალერი არის კლასიკური მხატვარი, ამ სიტყვის სრული გაგებით. ხატვა მისი ცხოვრების წესია. ხელოვანი ადამიანები ხშირად მიდიან დიდ მეგაპოლისებში და იქ მოღვაწეობენ. ვალერი არის ადამიანი, რომელიც დარჩა ჩვენს პატარა ქალაქში და აქვე აგრძელებს მოღვაწეობას. ხატავს თავის ცხოვრებას, ყველაფერს უდგება სიყვარულით, ყველა ნატურმორტს ან პეიზაჟს აქვს თავისი პოზიცია. ნებისმიერი ნივთის დახატვისას, ნამუშევარში დებს შინაარსს. მისთვის დამახასიათებელია კრეატიულობა, აქ არის საოცარი ესთეტიკა. როცა მხატვარი დარბაზში დარჩება თავის ნამუშევრებთან, მოუწევს დიალოგი მათთან…
თამაზ დარჩია_ – გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე: _ „ანრი რუსო მომაგონდა. გავავლე პარალელი და მე მას ვუწოდე პრიმიტიული მანერით შემსრულებელი ინპრესიონისტი მხატვარი. რასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაინახავს, დაინახავს, ვალერის თვალი.“
ვახტანგ მამეიშვილი, მხატვარი: _ „ ვალერი სრულიად ახალგაზრდა იყო, მაშინ თეტრში მუშაობდა, ერთხელ მოვიდა და მოიტანა სურათი „მთვარიანი ღამე“, მაშინ ვუთხარი , ჩვენთან ეთანამშრომლა. მას შემდეგ, ყოველთვის მოჰქონდა ნახატები და თანაც, თანდათან უკეთესი . ის უკვე ძალიან საინტერესო მხატვარია.“
ღელავდა ბატონი ვალერი თავად. თავის გამოსვლაში უდიდესი მადლიერება გამოხატა ხელოვნების ცენტრის მესვეურთა, დამთვალიერთა მისამართით.
„თუ რაიმე ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ ჩემი ნამუშევრები, ე.ი მიზანი მიღწეულია“
ჩანაწერთა წიგნიდან, – „კიდევ ერთი შემოქმედებითი დღესასწაულის მომსწრე იყო საზოგადოება… “
გამოფენა სკოლის მოსწავლეებმაც დაათვალიერეს, კითხვები დაუსვეს ავტორს, ცალკეულ ნახატთა თემატიკასა და შინაარსზე.
იქვე აღინიშნა, რომ ოზურგეთი ის ქალაქია, სადაც მრავლად არიან წარმოდგენილი ძალიან ნიჭიერი პიროვნებები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში და მათ შორის ერთ-ერთი, სწორედ სახვითი ხელოვნების ცენტრია, რომელიც მხატვართათვის ნავსაყუდელია, და აქ გამართული შეხვედრები თუ გამოფენები, უდიდესი სტიმულია ამ სფეროში წარმოდგენილი ადამიანებისთვის.
ერთი შეხედვით, არავინ უწყის იმ დიალოგის შინაარსი, რომელიც ავთანდილ თავართქილაძის თქმით, მხატვარსა და მის ნამუშევრებს შორის გაიმართება, თუმცა ყველამ იცის , რომ დიალოგი აუცილებლად შედგება, და არა მხოლოდ მხატვართან, საზოგადოებასთანაც. რადგან თითოეულ მათგანი, როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, მოგვითხრობს ამბავს, ფაქტებს, მოვლენებს. ამ დიალოგის არსი კი, აუცილებლად აისახება ვალერი მახარაძის ჯერ კიდევ დაუხატავ ნახატებში. ისიც იცის ყველამ, რომ არასოდეს ყოფილა, და არც ახლა არის ადვილი ხელოვნების გზაზე შედგომა და მერე ამ გზიდან არ გადახვევა. მხატვარმა ეს შესძლო.
წარმატებები ბატონ ვალერის.
მსგავსი სტატიები
- 1001964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 100საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
- 100ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
- 100„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“ შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
- 94დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…