_ ათეული წლებია ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს ერთი ფენა.(გვითხრეს, ასე არის პროექტში) თავად ხედავთ, უკვე ამოტეხილია. ვფიქრობთ, ბევრ ადგილზე მისი სისქე 6 სანტიმეტრი არ არის. გაოგნებულები ვართ. ორი დღის წინ მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა, იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დავპირდნენ ექსპერტს მოიწვევენ და შეამოწმებენ ნამუშევარს. ნასაკირალში ჩინურ კომპანიას 2-ჯერ მოუწია უხარიხოდ დაგებული ასფალტის აყრა, მაგათაც იგივე მოუწევთ _გვითხრა დღეს სოფელ მაკვანეთში, ბაღების უბანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია„ფემინ კონტრაქშენ გრუპია“. 2კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სატენდერო თანხა 1 437 108 ლარს შეადგენს, რომლის 95 პროცენტს რეგ. ფონდი იხდის, ხოლო 5 პროცენტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
_აგერ, ჩვენს ზემოთ, შატოულაში 5 წელზე მეტია დააგო ასფალტი ოზურგეთის საგზაომ („გზამშენი 18“). დღემდე არ გაქანებულა. ძალიან შეწუხებულები ვართ. მე პირადად ყულევის ტერმინალზე ვმუშაობ, 4 დღე ვარ ცვლაში და აქციის დროს სახლში არ ვყოფილვარ, მაგრამ გული ყველას გვტკივა, რატომ მოხდა ასე.ამბობენ, ასფალტი ძალიან შორიდან – თერჯოლიდან მოიტანეს და დაგებამდე საჭირო ტემპერატურა ვერ შეინარჩუნაო.არ ვიცი, არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ წვიმაში წყალი შუა გზაზე რომ მოდის, გზას იმ მხარეს, სადაც ხელოვნური სანიაღვრე არხები მოაწყვეს,დახრა არ უნდა ჰქონდეს? _ გვითხრა პაატა გორდელაძემ.
_ ძალიან შეწუხებული ვართ ნენა, არაა აგი კარგი საქმე. 70 ოჯახი ვცხოვრობთ ამ უბანში.როგორ გვიხაროდა…ცალკე მშენებლებიც მეცოდება, რომ ამ დღეში აღმოჩნდნენ _ გვითხრა 85 წლის ციალა გორდელაძემ.
ნანა კალანდარიშვილი ამბობს, რომ მშენებლობა არ დასრულებულა.
_მშენებლებმა შუკებშიც კი დააგეს ასფალტი. მათ შორის მათ მეზობლად მცხოვრებ შალვა ღლონტსაც გაუკეთეს მისასვლელი, ალბათ მდინარე აგიდაყვაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებულ ხიდს გაუკეთებენ მოაჯირს. ნამდვილად არაა სასიამოვნო, რომ ასფალტი უკვე ამოტყდა _გვითხრა მან.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი გულისტკივილი გაგვაცნეს, მაგრამ მათი ვინაობის დასახელებიდან თავი შეიკავეს.
ერთმა ფაქტმა მიიქცია ყურადღება. გზაზე ამოტეხილები გზის შუა ადგილებშია.
_ ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა ასფალტის დამგებს რაიმე ტექნიკური პრობლემა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და როგორც ასეთ დროს ხდება, დაზიანებულ ადგილებს კაპიტალურად შევაკეთებთ, სხვა სამუშაოებიცაა დასასრულებელი. _გვითხრა მშენებლობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კახა გაგუამ.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მერის წარმომადგენელს სოფელ მაკვანეთში გიორგი ბაბილოძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე იგი მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.
გაზეთი „ალიონი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასაც დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტი ექსპერტს მოიწვევს, დაგვპირდნენ ოფიციალურ კომენტარსაც მოგვწერენ.
მსგავსი სტატიები
- 66მოსახლეობა კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
- 63ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
- 60ნაბეღლავში წამოსულია მეწყერი წაქცეულია ელექტრო-ენერგიის ბოძები გაფუჭებულია გზის საფარი ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო გზების დეპარტამენტი სამაშველო პოლიცია გზა გახსნილია მიმდინარეობს ეკექტრო-ენრგიის აღდგენითი სამუშაოები _წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ხევის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად მამალაძე. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია,ენერგო-პროსა და გზების დეპარტამენტის ბრიგადები. ამ მომენტისთვის გზა გახსნილია. მიმდინარეობს გზის…
- 58როგორც კურორტ ბახმაროდან გვაცნობეს, კურორტ ბახმაროს ცენტრში „მაგთის“ ანძის დასამონტაჟებლად დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები შეწყდა და ექსკავატორმა ამოთხრილი ორმო მიწით ამოავსო. ამის შესახებ ბახმაროდან თ.კ-მ შეგვატყობინა. როგორც გაზეთი „ალიონი“ და რეგიონის სხვა მედიასაშუალებები წერდნენ, კურორტის ცენტრში „მაგთის“ 45 მეტრი სიმაღლის ანძის დადგმას გეგმავდნენ და მოსაზადებელ სამუშაოები თურქულ კომპანიას უკვე დაწყებული იყო.…