დღეს, 1-ელ დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც „ტერორისტული აქტის მცდელობას“ ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არ დაეთანხმა ადვოკატის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას, რაც გულისხმობდა ელისაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას.

ამასთან, ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განაცხადებით, მანამდე მას პროკურატურამ ხელი მოაწერინა გაუთქმელობაზე.

სხდომაზე ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ელისაშვილს „არ ჩაუდენია ტერორისტული აქტის მცდელობა“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქმედებას აღიარებს, ბრალის კვალიფიკაცია არის „სამართლებრივად და ფაქტობრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“.

როგორც რადიო „თავისუფლება“ ალეკო ელისაშვილის სასამართლოს ლაივბლოგში წერს, რომ პროცესზე ელისაშვილმა განაცხადა – „გეტყვით რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ…

ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხლი იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს…

აღტაცებული ვარ მანდატურის გამბედაობით და სიმამაცით…ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა…მოვიგერიე, მოვერიე კიდეც ფიზიკურად, მინდოდა თავი დამეღწია, მივხვდი, რომ ერთი არ იქნებოდა სხვები მოვიდოდნენ, ვერაფრით მოვიშორე ტკიპასავით ჩამაფრინდა, ყოჩაღ, სიჩაუქეს ვეძახით… ჯერ კაცი ვარ ადამიანი, მერე ტერორისტი (იცინის)…

უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მივედი დილაუთენია ხუთ საათზე, უამრავი გზა გავიარე… ჩემს ოჯახს ვუთხარი რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა..”

მსგავსი სტატიები