·
აზროვნების კლუბის ინტერვიუ ისრაელის სსფ „გულთა კავშირის“ პრეზიდენტთან, პოეტ რობერტ ადართან:
1. მოგესალმებით, ბატონო რობერტ. გვესაუბრეთ ქართულ-ებრაულ მეგობრობაზე, რომელიც დიდად მნიშვნელოვანია და 26 საუკუნეს ითვლის. რა როლი გვაკისრია ახალგაზრდებს ამ ურთიერთობის გაგრძელებაში?
ქართველისა და ებრაელი კაცის უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება, ძმობა და სიყვარული თამამად მაძლევს უფლებას, ხმამაღლა, საქვეყნოდ განვაცხადო, რომ საქართველო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ანტისემიტიზმი არასოდეს ყოფილა<. პირიქით - მათი გულები, გარდა საქმიანი ურთიერთობებისა, ყოველთვის შეერთებული იყო წმინდა და მაღალი ადამიანური სიყვარულით. საქართველოს დღეს ისე აკლია საქართველოდან წასული თითოეული ებრაელი, როგორც თავისი სულისა და გულის ნაწილი... ასევე, ყოველ ქართველ ებრაელს გამოჰყვა და, სადაც და როგორც არ უნდა იცხოვროს, ყველგან აჩრდილივით დასდევს ამ ქვეყნის, ხალხისა და იმ მიწის სიყვარული, სადაც დაიწყო მისი ცხოვრება, სადაც დაირწა მისი აკვანი. ჩვენთან, აქ, ისრაელში, გვაქვს 24-საათიანი ქართული ტელევიზია, გამოდის ქართული ჟურნალ-გაზეთები, გვაქვს ქართული საკვირაო სკოლა, შექმნილია სხვადასხვა ანსამბლი, ქართულ დღესასწაულებთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებს ვატარებთ ქართულად, ჩამოყალიბებულია მოცეკვავეთა ქართული საბავშვო ანსამბლები, შექმნილია ქართული კულტურისა და, ასევე, ქართული ხელოვნების ცენტრები. 2017 წელს დავაარსეთ და დღემდე მოქმედებს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია (სსფ) "გულთა კავშირი", რომლის პრეზიდენტიც გახლავართ თქვენი მონა-მორჩილი რობერტ ადარი, სადაც გაერთიანებულები არიან ხელოვნებისა და კულტურის მუშაკები, მეცნიერები, პროფესორები, ვახორციელებთ სხვადასხვა საინტერესო პროექტს, ოჯახებში ვსაუბრობთ ქართულად, ვცეკვავთ და ვმღერით ქართულად. ახალგაზრდების როლი ამ დიდი ისტორიის მქონე ორი ერის უნიკალურ თანაცხოვრებაში უდიდესია. როგორც ქართველმა ჭაბუკებმა და გოგონებმა, ასევე, ებრაული წარმოშობის ახალგაზრდობამ, როგორც საქართველოში, ისრაელსა და, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში გაბნეულებმა, არ უნდა დაივიწყონ, საიდან მოდიან, სადაა გადგმული მათი ფესვები, არ უნდა დაივიწყონ ის ქართული და ებრაული ერთმანეთზე შერწყმული ტრადიციები, რომლებიც ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა! ესაა ძირითადი არსი იმ როლისა, რომელიც აკისრია ახალგაზრდობას ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაგრძელებაში! 2. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ პოეზია საჭირო სულაც არაა? ასეთ ადამიანებს ბევრს არაფერსაც არ ვეტყოდი! ვეტყოდი იმას, რომ პოეზია ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქამდე არსებობდა... რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხონ (თითქმის ბიბლიას უტოლდება და მერე ცხოველმყოფელობას იძენს), ანდა ავიღოთ, თუნდაც, გალაკტიონის „მესაფლავე“... წაიკითხონ ქართული პოეზიის ეს სავიზიტო ბარათი. წაიკითხონ ლადო ასათიანი, ლებანიძე (რომელი ერთი ჩამოვთვალო...) და მიხვდებიან, რაოდენ საჭიროა პოეზია და მასში მარგალიტებად გაბნეული რითმები და სიყვარული, რომლებიც ამ კატაკლიზმებითა და ომებით გადაღლილ, აფორიაქებულ და შეშლილ დედამიწას აცოცხლებს. სამყაროს ძმობა, ერთობა, პოეზია და სიყვარული თუ გადაარჩენს. 3. თქვენი საყვარელი ნაწარმოები, მწერალი და ისტორიული პერსონა. ნაწარმოები: „დათა თუთაშხია“. არცერთ ინსტიტუტს, არცერთ აკადემიას არ გააჩნია, არ აქვს რესურსები, არ შეუძლია გასწავლოს ის, რაც ამ ნაწარმოებს შეუძლია. მწერალი: ნოდარ დუმბაძე. ეროვნული ადამიანი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ მწერლობაში, კულტურასა და ხელოვნებაში. ჯერ მარტო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ რად ღირს ან „მე ვხედავ მზეს“. იგი უზომოდ განათლებული კაცი იყო და მახსოვს, მოსკოვში, მის ერთ-ერთ შემოქმედებით საღამოზე, "ოსტანკინოში", დარბაზიდან დაუსვეს შეკითხვა: „ბ-ნო ნოდარ, თქვენ როგორ გესმით, რა არის კულტურა?“ პასუხი: „როდესაც ეზოში ჩემი თანატოლი შემოდიოდა სათამაშოდ, ბაბუაჩემი ფეხზე წამოუდგებოდა ხოლმე და ისე ესალმებოდა მას!“ მე პირადად ვიცნობ და ვმეგობრობ ბ-ნი ნოდარის ორივე ქალიშვილთან, განსაკუთრებით, ქალბატონ მანანა დუმბაძესთან - იგი ჩვენთან მუშაობდა საელჩოში მრჩევლად და ხშირად ვიხსენებდით ამ ამბავს. ისტორიული პიროვნება: რა თქმა უნდა, ქალბატონი გოლდა მეირი - ისრაელის პრემიერ-მინისტრი. უზადოდ უდიდესი პოლიტიკოსი უდიდესი განათლებით. ამის დასტურად მხოლოდ ერთ მეტად საგულისხმო მაგალითს მოვიყვან: გოლდა მეირიმ ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის დროს აშშ-ში, შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს ჰენრი კისინჯერს უთხრა: „ბ-ნო ჰენრი, თქვენ ებრაელი კაცი ბრძანდებით და ჩვენს ბრძოლას მხარი უფრო აქტიურად უნდა დაუჭიროთ“. ჰენრი კისინჯერი: „ქ-ნო გოლდა, მე ჯერ ამერიკელი ვარ, შემდეგ სახელმწიფო მდივანი და მერე ვარ ებრაელი!“ გოლდა მეირი: „ბ-ნო ჰენრი, ჩვენ, ებრაელები, მარჯვნიდან მარცხნივ ვკითხულობთ, ასე რომ, თქვენ ხართ ჯერ ებრაელი, შემდეგ სახელმწიფო მდივანი და ბოლოს - ამერიკელი“. დიდი ისტორიული პიროვნება იყო ქალბატონი გოლდა! 4. რჩევა - საქართველოს. ბატონო რობერტ, რას გეუბნებათ მასთან განშორების 30 წელიწადი? ქართველებსა და ყველა იმ ერის შვილს, რომელიც სიყვარულით დაიარება ამ ქვეყნის ნოყიერ მიწაზე, სადაც თითოეული კენჭიც კი მღერის, ვეტყოდი: ჩემს სტუდენტობამდე და მას შემდეგაც ვინმეს იარაღი რომ მოედო ჩემთვის საფეთქელთან და ეთქვა: „წადი შენ ისრაელში“, ვეტყოდი: „ისროლე!“ გასული საუკუნის 90-იანი წლების საშინელებამ, როცა მთელ ქვეყანაში განუკითხაობა მეფობდა, როცა მომრავლდნენ ადამიანის ტყავში გადაცმული მხეცები, როცა ბობოქრობდა ავყიაობა, უზნეობა და არ იყო სამართალი, როცა სინათლე ვეღარ ამარცხებდა წყვდიადს, ჩემი სურვილების წინააღმდეგ ვმოქმედებდი! მე ოჯახი და ბავშვები უნდა გადამერჩინა... 33 წელი გავიდა... ახლა ლექსად გეტყვით, რომ ვერსად ვერ ვნახე მე სხვა საქართველო: ჩემო თბილისო, მწარე დროებამ სულიერად გამანადგურა, გემუდარები, „თითქოს გაგექეც“ - არ დამაბრალო, გთხოვ, შეიბრალო შენს კალთაში გაზრდილი ბავშვი, პატარობიდან რომ უყვარდა შენი სამყარო! მე ჩემმა ბედმა აქამომდე მახეტიალა, შენზე ფიქრებში მივიარე ზღვები, მთა-ბარი, ახლა კი ვზიდავ დაცილებას მძიმე ჯვარივით, ვერსად ვერ ვპოვე შენისთანა თავშესაფარი! კაცის გული კი მუდამ რაღაცას ეძებს, მე კი ცოდვების შესანდობად მოვალ შენამდე და დაჩოქილი, შენს ფეხებთან დანარცხებული, აფეთქებული ჩემი ლოცვა ავა ზეცამდე. სანთლებს დავუნთებ მე შენს წარსულს, ჩემო თბილისო, ვერ დავივიწყებ შენს სიყვარულს, გულში რომ ჩამრჩა, წარსულს მიხატავს მოგონება თანაცხოვრების, დავრჩი უგულოდ, მქონდა იგი და შენთან დამრჩა! ახლა უშენოდ აქეთ-იქით ცოდვებს დავათრევ, შენზე ვლოცულობ, პატიებას შენგან მოველი. ღმერთო, ნუ მომკლავ, ერთხელ კიდევ არ ჩამახუტო, ჩემი თბილისი - ჩემი სულის სვეტიცხოველი! (რობერტ ადარი) 5. სიყვარულის დახატვა რომ გვეთხოვა, რას დახატავდით? მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც პროფესიონალი, საქვეყნოდ აღიარებული, ცნობილი მხატვარი ვყოფილიყავი, უფალს პატიებას შევთხოვდი, თუ რომელიმე შტრიხში დარღვევა მომივიდოდა ან სადმე იოტისოდენა, პატარა წერტილი გამომრჩებოდა და დავაკლებდი, ძალ-ღონეს მოვიკრებდი, გამბედაობას მოვუხმობდი და იესოს დავხატავდი, მას კი „სიყვარულს“ დავარქმევდი! 6. მუსიკის როლი თქვენს ცხოვრებაში. მუსიკის როლი და მისი შეფასება სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ მღერის მთელი მსოფლიო... გინდაც, ავიღოთ ჩვენი „ორერა“, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მთელი მსოფლიო დაიპყრო - ეს ხომ რაღაც სასწაული, უჩინარი ტალღებია, რომლებიც მოდის, შემოგეხვევა, არც ასაკს გეკითხება, არც ეროვნებასა და თანამდებობას, ისე დაიკავებს ადგილს შენს გულში, სევდას გაგიქრობს, არასასიამოვნო გარემოს შეგიცვლის და იმგვარად გაგათბობს, რომ ეს უჩინარი მუსიკა, რომელსაც თვალებით ვერ ხედავ, მისი როლი შენი სიცოცხლის ნაწილი ხდება და დაუკითხავად იკავებს ადგილს შენი გულის ფსკერზე! ძალზე დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში როგორც საორკესტრო, ისე საოპერო და საესტრადო მუსიკას. ძალზე მიყვარს რუსი ებრაელი კომპოზიტორის, შოსტაკოვიჩის, 15-ვე სიმფონია - ნებისმიერის მოსმენას უდიდესი მუხტი, ძალა და შვება მოაქვს ჩემთვის, განსაკუთრებით, ძილის წინ! დიდ სიამოვნებას მანიჭებს „დაისის“ მოსმენა. ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, სადაც სახელგანთქმულმა ქართველმა კომპოზიტორმა შეძლო, კოლოსალური ემოციური ძალის მქონე ენა აემღერებინა. ან ვ. ჭაბუკიანის „ოტელო“. ესენი ხომ მსოფლიო ხელოვნების შედევრებია, ასევე, ჩვენი „მრავალჟამიერი“ , „ღვინოვ კახურო“... სახელგანთქმული „ჰავა ნაგილა“... რომელი ერთი ჩამოვთვალო, ურომლისოდაც ვერა და ვერ ვეზიარებოდი ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლის ტკბობით ნაირფეროვნებას. არაფერს აღარ ვამბობ მუსიკალურ სიუიტებზე ფილმებისათვის. ასეა: ისინი ჩემი სიცოცხლისა და მოკრძალებული მოღვაწეობის შესისხლხორცებული ნაწილი ხდება! 7. რჩევა - ისრაელს. ისრაელს, რომელიც თავის გეოგრაფიულ-პოლიტიკურ რუკაზე წერტილივით მოჩანს და ისიც გამადიდებელი შუშით უნდა მოძებნო, თავისი 9 მილიონიანი მოსახლეობით გარშემორტყმულია, ერთი მხრივ, ხმელთაშუა ზღვით და, მეორე მხრივ, არაბული ქვეყნების 100 მილიონიანი მოსახლეობის მთელი ოკეანეთი, ვურჩევ და ვუსურვებ გამძლეობას, გამძლეობას და კიდევ გამძლეობას! 8. რას ეტყოდით 20 წლის რობერტ ადარს? ვეტყოდი: რობერტ, არ დაგავიწყდეს ის, რაც დაგიტოვეს შენმა სახელოვანმა წინაპრებმა: სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა იცხოვრო, დედამიწის ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში და როგორც არ უნდა იცოცხლო, არ დაგავიწყდეს, სადაური ხარ, არ დაივიწყო მიწა, რომელმაც გამოგკვება და სადაც დაიბადა შენი სიცოცხლე, სადაც დაირწა შენი აკვანი, არ დაივიწყო, სადაცაა გადგმული შენი ფესვები. არც ძველი აღთქმა დაივიწყო: „რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დაივიწყენ მარჯვენაცა ჩემი, მიეკრას ენა ჩემი სასას ჩემსას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დაგაყენო წინ...“ ინტერვიუ ჩაიწერა ერეკლე ბეჟუაშვილმა. აზროვნების კლუბის დამფუძნებელი და ბატონი რობერტ ადარი ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ სააქტო დარბაზში, პრემია „ივერიას“ დაჯილდოებაზე, შეხვდნენ, რის შემდეგაც ინტერვიუს ჩაწერის იდეა დაიბადა, რაზეც ბატონი რობერტი სიამოვნებით დაგვთანხმდა.

მსგავსი სტატიები

  • 82
    რა ხდება ლევილის ქართულ მამულში გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია  „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის…
  • 81
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 79
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 79
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 79
    „რადიკალურად სხვა პროექტია... „კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა“რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.…