ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც პაატა კუნჭულია განმარტავს, თანამდებობის პირებისგან სათანადო მხარდაჭერა და გვერდით დგომა ვერ დაინახა.

ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით დატოვა თანამდებობა ოზურგეთის მერმა.

პაატა კუნჭულიამ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მიწურულს წარადგინა. ოზურგეთის ყოფილი მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია:

  • 300 კვ.მ ფართობის სახლი ოზურგეთში, რომელიც 2023 წელს მემკვიდრეობით მიიღო;
  • 2 ავტოფარეხი თბილისში, რომლებშიც 2010 წელს ჯამში 23.4 ათას ლარამდე გადაიხადა;
  • 9 592 კვ.მ მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, რომელიც 2025 წელს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გაიფორმა;
  • ორი მსუბუქი ავტომობილი — Toyota Avalon HYB, რომელიც 2018 წელს 6 000 დოლარად შეიძინა, და Suzuki Grand Vitara, რომელიც 2024 წელს აჩუქეს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ავტომობილის საბაზრო ღირებულება 5 000 ლარია.

მის მეუღლეს ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Lexus CT200H, რომელშიც 2021 წელს 10 000 დოლარი გადაიხადეს.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, დეკლარაციის თანახმად, დოკუმენტის შევსების მომენტში პაატა კუნჭულიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამურად დაახლოებით 3 587 ლარი ჰქონდა.

დოკუმენტის მიხედვით, პაატა კუნჭულია 2024 წლის ჩათვლით შპს „გურია ბლუბერის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო, საიდანაც შემოსავლის სახით 640 ლარი მიიღო. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წლიდან აღნიშნული კომპანია მისი მეუღლის სახელზეა გადაფორმებული, თუმცა დეკლარაციაში კომპანიისგან მიღებული შემოსავალი მითითებული არ არის.

დეკლარაციის თანახმად, პაატა კუნჭულია 2024 წელს რამდენიმე ადგილას მუშაობდა. კერძოდ:

  • შპს „ალტე უნივერსიტეტი“ – ხელფასის სახით 2024 წლის განმავლობაში ჯამურად 6 660 ლარი მიიღო;
  • შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ – მოწვეული ლექტორი; 2024 წელს ხელფასის სახით ჯამურად 1 930 ლარი მიიღო;
  • შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ – ფინანსური მრჩეველი; ერთი წლის განმავლობაში ჯამურად 360 ლარი მიიღო;
  • შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ – კომისიის წევრი; ხელფასის სახით ჯამურად 120 ლარი მიიღო;
  • შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ – დეკანი; ხელფასის სახით 2 400 ლარი მიიღო;
  • შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“ – ფინანსური მრჩეველი; 2024 წელს ხელფასის სახით ჯამურად 33 000 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პაატა კუნჭულია ოზურგეთს მერი გასული წლის ზაფხულში გახდა, შესაბამისად, 2025 წელს წარდგენილ დოკუმენტაციაში მერობიდან მიღებული შემოსავალი მითითებული არ არის.

ავტორი

ნინი ქეთელაური

წყარო:BPN

მსგავსი სტატიები