საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ისნის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა, მათ შორის თბილისის # 103 სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგზარდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებას ემსახურება.

არჩილ ჩხაიძე 1978 წლიდან განათლების სისტემაში მუშაობს. იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის რვაწლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, 1979-82 წლებში ქვედა ბახვის სკოლის დირექტორის მოადგილე; შემდეგ _ჯუმათის საშუალო სკოლის დირექტორი; 1985-1993 წლებში ჯერ ლაითურის, შემდეგ სოფ. ოზურგეთის საშუალო სკოლის დირექტორი იყო; 1993-1998 წლებში ტელეკომპანია „გურიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

არჩილ ჩხაიძე 1998 წელს ქ. თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და დაინიშნა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის სკოლათმცოდნეობის ლაბორატორიის გამგედ; შემდეგ იგი იყო თბილისის ##46,107, 182 სკოლების დირექტორი. 2014 წლიდან წარმატებით უძღვება თბილისის 103-ე საჯარო სკოლას.

2025 წლის თებერვალში, დუბაიში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტზე, თბილისის103-ე საჯარო სკოლის დირექტორს არჩილ ჩხაიძეს წლის საუკეთესო დირექტორის ჯილდო  გადაეცა.

2025 წლის ნოემბრის ბოლოს, ინდოეთის დედაქალაქ დელიში გლობალური მასწავლებლების და სკოლის დირექტორების დაჯილდოვება გაიმართა. დაჯილდოებულთა შორისა თბილისის 103-ე საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე. (იხ. ლინკი https://alion.ge/2025/12/20332/)

მსგავსი სტატიები