„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,

 სულს კი მარადის სურს ციერება“

ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი.

სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და… რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ…?

პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს ეს ყველაფერი, იქნებ, თავად სიტყვაც  მაღალ… ფარდოვანი,  გამოხატავს სწორედ, სულიერი არსის აცილებას, ამ ყოფიერების ფარდებს  მაღლა …

და იდგა პოეტის ლანდი სცენაზე … ამაღლებულიც და დაცემულიც.

ოზურგეთელი მაყურებელი, განებივრებულია ჩვენებური, თუ სხვა თეატრების მიერ დადგმული საუკეთესო სპექტაკლებით. ამიტომაც არ არის ადვილი, გახდე მათი გულთამპყრობელი. 17 იანვარს, სწორედ ასეთი სპექტაკლი დაიდგა ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე. მას სტუმრობდა სანდრო მრევლიშვილის სახელობის მეტეხის თეატრი, „უსაზღვროება დროთა (გალაკტიონი); სცენარის ავტორი და რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი ( უდიდესი ხელოვანის გარდაცვალებამდე, იგი მისი ბოლო ნამუშევარია);  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ მრევლიშვილი;

მონაწილე მსახიობები: გალაკტიონი – აკაკი ხიდაშელი; დემონი – თორნიკე ბელთაძე;

მსვლელობა: გალაკტიონისა და დემონის ორთაბრძოლა, დემონი გალაკტიონში და თავად პოეტი დემონში.  დიახ, ორი მსახიობი ერთ გალაკტიონს ასახიერებდა.

დასაწყისში პოეტის აჩრდილი თითქოს მძლავრობს მსახიობს, მსახიობიც ნელ-ნელა უახლოვდება მას. არ არის ადვილი, პოეტთა მეფის აჩრდილს ერთი დაკაკუნებით შეუღო კარი… და კარი მაინც იღება ნელა. დამფრთხალი პოეტი, როცა ადგილს აქ ვერ პოულობს და „სულმა სივრცე ისურვა როცა“, ყველაფრის მიმტევებელი სივრცის დაუფლებით,  ამ ქვეყნიდან გაცლის სურვილს, მასში  ახშობს დემონის ხმა და ეცხადება თავად დემონი. არა! „ჯერ კიდევ,  უნდა ითქვას უთქმელი, და ნათქვამი უნდა დაფასდეს“. თანდათან მძაფრდება სიუჟეტი. „მე ვარ შენი მეგზური უკვდავებისკენ, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია მიმავალ გზაზე იმოგზაურო და იყო იქ, სიკვდილსა და უკვდავებას შორის“, მუდმივად ჩაესმის ხმა ცივი და დაუნდობელი, ან…ხმა, იქნებ თბილიც და ახლობელიც.

სცენაზე თითქოს ისმის კიდეც  ლურჯა ცხენების ხმაურიანი ჭენების ხმა,  რომლებიც აქეთ იქეთ ანარცხებენ მხედარს(მსახიობის საუკეთესო შესრულებით) და როცა დაუოკებელ სულს, სურს გასცდეს „საზღვარს, რომელშიც კაცობრიობა არის მომწყვდეული“, იგი  გზას ვეღარ უქცევს ახალ ბარიკადებს  წითელი ეპოქისა, სადაც  თავისუფალ სულს კლავენ ადამიანებში. როცა „წითელ პოეტებს“ ადგამდნენ დაფნის გვირგინებს და უკრავენ ტაშს, მას თავად დაადგა პოეზიამ დაფნის გვირგვინი. თავიც თავაწევით მიაგება…იცის, რომ მეფეა და სიმღერით კვდება, რომ „ვარდისფერ გზით“ შეუყვება სიკვდილის გზას „სამუდამო მხარეში“, სადაც არაფერია, „ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე“. და, მიუხედავად ამისა, მაინც… შიშის ძრწოლა ამოაკვნესებს: „ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას“… იქნებ ეს მხოლოდ სურვილი იყო  სამშობლოსთვის გამეტებული და არა რეალური ყოფის ხოტბა, რადგან სამყაროს უსაზღვროებაში გაჭრილი ცნობიერი, უკეთ გრძნობდა, სამშობლოს ხვედრს „საქართველომ მიიძინა როგორც მეფემ და გაიღვიძა, როგორც მათხოვარმა“. ვინ იცის, ეს მხოლოდ, თავად  უწყოდა. მაშინ, როდესაც მასზე შეყვარებული ბედკრული ოლია ოკუჯავა, უცხო მიწასა და ცას აბარებდა სულსა და სხეულს. გალა-გალკინი, თავისი ლექსებით, კვლავ იხდიდა ხარკს. თუ ლექსთა ქრონოლოგიას წელთა მიხედვით გავყვებით, ასეთ ხარკთათვის შექმნილი ლექსთა თარიღები, შეიძლება არც იყოს საშინელ განაჩენთა და ტკივილთა თანმდევი, მაგრამ… ის მაინც იყო მასში, იყო ირგვლივ და სხვაგვარად არც შეეძლო, ფიზიკური სიცოცხლის დრო და დრო გადასარჩენად.

მსახიობი კითხულობს პოეტის ლექსებს, „ლურჯა ცხენები“; „მე და ღამე“; „მერი“; „დედაო ღვთისა“ … სვამს კითხვას „აჰა მოვედი… სად არის ჩემთვის სამაგიერო…“ და იმეორებს მაყურებელი გულში, იმეორებს და სისხლი ეყინება თითქოს. რადგან იცის, რომ სწორედ ამ მუსიკალურ  რითმებსა და გიჟურ ვნებებშია ჩამკვიდრებული პოეტი, რომელიც  ყოფიერების მოთხოვნით, „უსულგულო დღეების“ რბოლაში თავის დემონთან ერთად, დაეხეტება, ხან სამთავრობო დაწესებულებებში, მათ შორის საკუთარ იუბილეებზეც, ხანაც კიდევ  „კეთილი კაცის აფთიაქში“. სადაც დამძიმებულ გულს სასმელით ამსუბუქებს და სულს უსაზღვროებაში ფანტავს.. მაინც არჩია, ეკლის გვირგვინი დაედგა თავზე და  არ დარჩენილიყო წითელ პოეტად.  მთლიანად ჩამოიტვირთა მძაფრი  ემოცია სცენაზე. შეუდარებელი იყო გალაკტიონისა და დემონის ორთაბრძოლა  აკაკი ხიდაშელისა და თორნიკე ბელთაძის გმირების შესრულებით. მსახიობები მთლიანად დაიხარჯნენ სცენაზე.  „ეს დემონიც შემიყვარდა“_  ემოციებმა ათქმევინა მაყურებელს, ქალბატონ ლელა მესხს ეს სიტყვები და ან რა გასაკვირია. კვლავ გავიმეორებთ, დემონი ხომ  პოეტის აზვირთებული, დაუმორჩილებელი სულია დროთა მდინარებაში. რომელიც ეხმარება მოკვდავს  უკვდავებისკენ სავალი გზისკენ.

თითქოს შეუერთდა მსახიობი აკაკი ხიდაშელი ნამდვილი გალ-ას აჩრდილს. სიცარიელის მორევში ჩაიკარგა სცენა, ნუთუ დამთავრდა ყველაფერი.  ამ დროს  ფინალი… მურმან ლებანიძის სიტყვები გამახსენდა:  „უცებ ჭინკებით აევსო თვალი, თავის სიმაღლით ის იყო მთვრალი“, სწორედ ასეთი შემოუბრუნდა ბატონი აკაკი   სცენას, ირონიანარევი, მაგრამ მაინც თბილი ღიმილით წაუმღერა:   „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო…“და ასე,  ნელი ღიღინით გააცილა პოეტის აჩრდილი უსასრულობისკენ.

ერთმანეთში აირია ემოციები და ოვაციები. აკაკი ხიდაშელი: „მსახიობები ვხვდებით, რა ხდება დარბაზში, მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც ეს თეატრი ასე დიდებულად გააკეთა,   მადლობა იმ ჯგუფს, რომლებმაც მოგვცა საშუალება, თქვენთან ჩამოვსულიყავით, მადლობა ბატონ ვასოს და ოზურგეთის თეატრის დირექციას“.

სპექტაკლი შეაფასა და სანდრო მრევლიშვილის ღვაწლზე ისაუბრა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. გაიხსენა მისი თანაკურსელის, აკაკი ხიდაშელისა და სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებითი ურთიერთობები.

მიხეილ მრევლიშვილი:50 წლის წინ, ბატონი ვასო და ბატონი აკაკი, მამაჩემთან ერთად იდგნენ ჩვენი თეატრის სათავეებთან, ისინი უდიდესი პიროვნებები არიან. მადლობა მათ. თორნიკე, შენ ამ 50 წლის შუაში დგახარ“.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    „ჩვენს და პატარა მაყურებლებს შორის არის ჯაჭვი, რომლის გაწყვეტის უფლება არ გვაქვს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა…
  • 100
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 100
    ომის მტკივნეული შედეგი და არჩევანი, ბოროტებასა და სიკეთეს შორისავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს,  ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს. კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი. ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი,…
  • 100
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…