ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს.
სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი – ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი – ანა ნინუა; კომპოზიტორი – ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; რეჟისორის თანაშემწე – მარინა ამაღლობელი.
მონაწილე მსახიობები: ლელა ალიბეგაშვილი, ნინო არსენიშვილი, კახა კუპატაძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია. მოქმედება არც თუ ისე ახლო, და არც თუ ისე შორეული წარსულიდან, არც მთლად ორსაუკუნოვანი.
ჯერ სასცენო რეკვიზიტებით ნაამბობზე ვისაუბროთ. ის ღარიბ გარემოს ასურათებს. ერთმანეთისგან განსხვავდება სცენის მოპირდაპირე მხარეს მდგომი, შლიაპიანი, ლაბადამოსხმული მისტერ დაბალი და მისტერ მაღალი? – არა, უბრალოდ სწრაფვაა სიმაღლისკენ… მანძილი მათ შორის, თავად სცენითაა განსაზღვრული. სიმბოლური დატვირთვით კი დროდადრო მოპაექრე მჩხავანა ყვავის „შემოძახილები“, რომელსაც, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კარაპეტა, როგორც იტყოდნენ და ახლაც იტყვიან ხოლმე, კაკალსაც აგდებინებს ზოგჯერ პირიდან, სწორედ ამ ჩხავილიანი შემოძახილების დროს. არ შეიძლება არ დაინახო ბატკნები სცენაზე. რომლებიც კარაპეტასთვის, ძველ სკივრში, ეგრეთ წოდებულ ზანდუკში გამომწყვდეული მოჩხრიალე ოქროს ფულებია მხოლოდ. ესაა მისთვის სიმდიდრეც და ბედნიერებაც.
სამყაროს გასაღებიც და სამყაროს დასასრულიც. ერთადერთი შვილი ხანფერ (ხათუნა) კი, მისი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. არ უნდა შვილი უფულო თავადს გაატანოს. ნაგროვები ფულები სხვას ჩაუგდოს ხელში. „ქართველებმა ფულის ყადრი არ იციან, ფული უყვართ, მაგრამ ერთ მინუტსაც არ გაიჩერებენ ჯიბეში, სულ ტაშ-ფანდურში ხარჯავენ, ჩვენა კიდევ, სულ ვინახავთ და ვინახავთ“.
სპექტაკლის მესვეურთა მიერ, აქ კარგადაა წარმოდგენილი როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის უთავბოლობა, მომხვეჭელობასა და უგეგმოდ ხარჯვას შორის.
შედეგი? – უპრინციპობა, მლიქვნელობა, უნიათობა და კიდევ… – აქეთ სკივრში გამოკეტილი ოქროს ფულები და მაინც სიღარიბე, იქეთ თავადის სახლი, მაგრამ მოსალოდნელი შიში შიმშილისა.
ამ დროს აღდგომააო, ისმის სცენიდან, აღდგომის სახელით – მოწყალების გაღების დღეა, მიუსაფართა ნუგეშის დღეა…. იქნებ ცოტათი მაინც გათბეს გაყინული სული. სიყვარული იმარჯვებსო. გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ კარგად მაინც არ ჩანს წყვილის ბედნიერი ღიმილიანი სახეები, კულისებს მიღმიერად ჩარჩენილი. კარაპეტა კი დგას თავის ზანდუკთან სევდიანი მონოლოგით. მას ვერ გაურკვევია, რითი დააღწიოს თავი პოტენციურ მოზიარეებს.

მსახიობთა ოსტატობა, კომედიური ჟანრი, თემატური დატვირთვა და ხმამაღლა ნათქვამი, იუმორით გადმოცემული სათქმელი. ის, რაც არც მოგვწონს და გვაფიქრებს.
დრო მუშაობს და კი არ აქრობს პრობლემებს, სახესა და ფორმას უცვლის ხშირად.

სათქმელი ითქვა, მაყურებლამდეც მოვიდა, მაგრამ, როგორც რიგითმა მაყურებელმა, აქვე, როგორ არ უნდა გამოხატო მადლიერება იმ კომფორტული, ნათელი და თბილი გარემოსთვის, რასაც ოზურგეთის თეატრი, თავისი უნიკალური მოცემულობით, ოზურგეთის თეატრის ყველა მესვეური კი სწორედ მასპინძლობის გადმოსახედიდან ქმნის და ახალი მისტუმრების სურვილითა და მოლოდინით აცილებს სტუმრებს.
მსგავსი სტატიები
- 97
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 97
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი… - 97
XI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე… - 97
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 97
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთელი მაყურებელი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 24 ივლისს მასპინძლობდა. „ქართველი ქალი, ანუ შურისძიება“ - თურქი დრამატურგის აჰმეთმითჰათ ეფენდის ამ ნაწარმოების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „შურისძიება“ რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი. მონაწილეობენ ცხინვალის თეატრის მსახიობები. წარმოდგენილია XVIII საუკუნის ბოლო…