საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მოდერნიზება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპის წარმატებით დასასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობებს, თითქმის ორი წელია, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. შესრულდა უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო სამუშაოები, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლებები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი კამპანია, თანამედროვე საოპერაციო-სასაწყობე სივრცის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება და სხვა არაერთი. პროცესის ინკლუზიურობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ინსტიტუციაში შექმნილია ოთხი სამუშაო დიალოგის პლატფორმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. აღნიშნულ ფორმატებში რეგულარულად ხორციელდებოდა შეხვედრები, რომლის ფარგლებში, ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა, განიხილებოდა ის მიგნებები თუ რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობაც მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი მიიღო, რითიც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას.

გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოდერნიზების პროცესში, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას.

„საერთო ჯამში, არჩევნების დანიშვნიდან დღემდე მიღებულია 13 დადგენილება, ასევე კომისიამ მიიღო 228 განკარგულება, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა 13-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით.

„ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე; ასევე, მივმართავ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდორმარის თქმით, გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის და კენჭისყრის დღის დისკრედიტაციის მცდელობები უსაფუძვლო ბრალდებებით.

„სწორედ ამიტომ, მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და მივაწოდოთ სწორი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, ჩვენი მხრივ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორებს ოპერატიულად და პროაქტიულად ჰქონდეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია.

შეგახსენებთ სიახლეს – საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. თქვენ აირჩევთ ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოთ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 – გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.

ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.

არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 – პარტიული, საიდანაც 1 არის მართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული.

საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა, ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკო-ში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და, სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულებიდან 1-2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე.

results.cec.gov.ge.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს.

დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. აქვე შეგახსენებთ, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც, შემუშავებულია რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკო-ს კონტაქტჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ზედმიწევნით დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. აქვე გვინდა, საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს შევახსენოთ იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომლებიც რამდენიმე არჩევნების ჭრილში ყველაზე ხშირად გვხვდებოდა:

1. პარლამენტის წევრობის, საკრებულოების წევრობის კანდიდატებს არ აქვთ უფლება, იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, ხმის მიცემისთვის საჭირო დროის გარდა; სხვა შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკრებულოს წევრებს და კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს უნდა გააჩნდეთ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ხმის მიცემისთვის საჭირო დროით;

2. დაუშვებელია ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებისას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების გადაღება, ამოწერა და მათი სხვაგვარი დამუშავება. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს;

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა, მარკირების შემოწმება ან კომისიის ფუნქციებში სხვაგვარი ჩარევა, რაც დაუყოვნებლივ აღიკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან;

4. ამომრჩეველის დახმარება ხმის მიცემის კაბინაში, კაბინაში ხმის მიცემის დაკვირვება ან ფოტო-ვიდეოგადაღება;

5. ფოტო-ვიდეოგადაღება დაშვებულია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაში ამისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ