პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 4 დეკემბერს გასამართ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურებს განამარტავს.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი.

„პირველად ჩვენს ისტორიაში, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება არაპირდაპირი გზით, რაც დაახლოებით ჰგავს პრეზიდენტის არჩევის ამერიკულ, გერმანულ წესს, როდესაც საარჩევნო კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. ამ 300 წევრისგან დღეის მოცემულობით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი; 20 წევრი ჰყავს პარტია „ახალს“; 20 წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“; 15 წევრი ჰყავს „ლელოს“, 14 წევრი ჰყავს გახარიას პარტიას; 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება არ არსებობს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ჰყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას ჯამურად ჰყავს 69 წევრი. 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომლებიც ცესკო-ს მხრიდან კვოტების შესაბამისად გადანაწილდა -109 წევრიდან 54 იყო „ქართული ოცნების“, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგინეს საკუთარი წარმომადგენლები საკრებულოებიდან. ამიტომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კვოტები გადანაწილდა სხვა პარტიაზე და „ქართულმა ოცნებამ“ აითვისა ეს კვოტები. ხვალინდელ არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 69 წევრი არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები.

რაც შეეხება პროცედურას, არჩევნები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, 5 საათის განმავლობაში იქნება. არჩევნებს ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და მთლიანად ცესკო წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას. კენჭისყრა არის ღია და სახელობითი, არ არის ფარული. 14:00 საათზე დასრულდება არჩევნები. შემდე უკვე ცესკო სხდომას ჩაატარებს, რომელიც ასევე საჯაროდ გადაიცემა. ეს პროცესი იქნება ტრანსლირებული. ცესკოს სხდომაზე დაითვლება შედეგები და გამოცხადდება საბოლოო შედეგი. ხვალ მედიისთვისაც იქნება სპეციალური რეჟიმი. ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაცია მედიაზე. ამიტომ ყველა მედიას, მათ შორის უცხოურ მედიასაც, ვისაც აქვს ინტერესი დააკვირდეს პროცესს, ვთხოვ აპარატთან ჰქონდეს კომუნიკაცია ხვალისთვის სპეციალური საშვების მისაღებად. არ იმოქმედებს წლიური აკრედიტაცია, იქნება სპეციალური აკრედიტაცია“, _ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები