„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,

 სულს კი მარადის სურს ციერება“

ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი.

სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და… რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ…?

პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს ეს ყველაფერი, იქნებ, თავად სიტყვაც  მაღალ… ფარდოვანი,  გამოხატავს სწორედ, სულიერი არსის აცილებას, ამ ყოფიერების ფარდებს  მაღლა …

და იდგა პოეტის ლანდი სცენაზე … ამაღლებულიც და დაცემულიც.

ოზურგეთელი მაყურებელი, განებივრებულია ჩვენებური, თუ სხვა თეატრების მიერ დადგმული საუკეთესო სპექტაკლებით. ამიტომაც არ არის ადვილი, გახდე მათი გულთამპყრობელი. 17 იანვარს, სწორედ ასეთი სპექტაკლი დაიდგა ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე. მას სტუმრობდა სანდრო მრევლიშვილის სახელობის მეტეხის თეატრი, „უსაზღვროება დროთა (გალაკტიონი); სცენარის ავტორი და რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი ( უდიდესი ხელოვანის გარდაცვალებამდე, იგი მისი ბოლო ნამუშევარია);  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ მრევლიშვილი;

მონაწილე მსახიობები: გალაკტიონი – აკაკი ხიდაშელი; დემონი – თორნიკე ბელთაძე;

მსვლელობა: გალაკტიონისა და დემონის ორთაბრძოლა, დემონი გალაკტიონში და თავად პოეტი დემონში.  დიახ, ორი მსახიობი ერთ გალაკტიონს ასახიერებდა.

დასაწყისში პოეტის აჩრდილი თითქოს მძლავრობს მსახიობს, მსახიობიც ნელ-ნელა უახლოვდება მას. არ არის ადვილი, პოეტთა მეფის აჩრდილს ერთი დაკაკუნებით შეუღო კარი… და კარი მაინც იღება ნელა. დამფრთხალი პოეტი, როცა ადგილს აქ ვერ პოულობს და „სულმა სივრცე ისურვა როცა“, ყველაფრის მიმტევებელი სივრცის დაუფლებით,  ამ ქვეყნიდან გაცლის სურვილს, მასში  ახშობს დემონის ხმა და ეცხადება თავად დემონი. არა! „ჯერ კიდევ,  უნდა ითქვას უთქმელი, და ნათქვამი უნდა დაფასდეს“. თანდათან მძაფრდება სიუჟეტი. „მე ვარ შენი მეგზური უკვდავებისკენ, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია მიმავალ გზაზე იმოგზაურო და იყო იქ, სიკვდილსა და უკვდავებას შორის“, მუდმივად ჩაესმის ხმა ცივი და დაუნდობელი, ან…ხმა, იქნებ თბილიც და ახლობელიც.

სცენაზე თითქოს ისმის კიდეც  ლურჯა ცხენების ხმაურიანი ჭენების ხმა,  რომლებიც აქეთ იქეთ ანარცხებენ მხედარს(მსახიობის საუკეთესო შესრულებით) და როცა დაუოკებელ სულს, სურს გასცდეს „საზღვარს, რომელშიც კაცობრიობა არის მომწყვდეული“, იგი  გზას ვეღარ უქცევს ახალ ბარიკადებს  წითელი ეპოქისა, სადაც  თავისუფალ სულს კლავენ ადამიანებში. როცა „წითელ პოეტებს“ ადგამდნენ დაფნის გვირგინებს და უკრავენ ტაშს, მას თავად დაადგა პოეზიამ დაფნის გვირგვინი. თავიც თავაწევით მიაგება…იცის, რომ მეფეა და სიმღერით კვდება, რომ „ვარდისფერ გზით“ შეუყვება სიკვდილის გზას „სამუდამო მხარეში“, სადაც არაფერია, „ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე“. და, მიუხედავად ამისა, მაინც… შიშის ძრწოლა ამოაკვნესებს: „ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას“… იქნებ ეს მხოლოდ სურვილი იყო  სამშობლოსთვის გამეტებული და არა რეალური ყოფის ხოტბა, რადგან სამყაროს უსაზღვროებაში გაჭრილი ცნობიერი, უკეთ გრძნობდა, სამშობლოს ხვედრს „საქართველომ მიიძინა როგორც მეფემ და გაიღვიძა, როგორც მათხოვარმა“. ვინ იცის, ეს მხოლოდ, თავად  უწყოდა. მაშინ, როდესაც მასზე შეყვარებული ბედკრული ოლია ოკუჯავა, უცხო მიწასა და ცას აბარებდა სულსა და სხეულს. გალა-გალკინი, თავისი ლექსებით, კვლავ იხდიდა ხარკს. თუ ლექსთა ქრონოლოგიას წელთა მიხედვით გავყვებით, ასეთ ხარკთათვის შექმნილი ლექსთა თარიღები, შეიძლება არც იყოს საშინელ განაჩენთა და ტკივილთა თანმდევი, მაგრამ… ის მაინც იყო მასში, იყო ირგვლივ და სხვაგვარად არც შეეძლო, ფიზიკური სიცოცხლის დრო და დრო გადასარჩენად.

მსახიობი კითხულობს პოეტის ლექსებს, „ლურჯა ცხენები“; „მე და ღამე“; „მერი“; „დედაო ღვთისა“ … სვამს კითხვას „აჰა მოვედი… სად არის ჩემთვის სამაგიერო…“ და იმეორებს მაყურებელი გულში, იმეორებს და სისხლი ეყინება თითქოს. რადგან იცის, რომ სწორედ ამ მუსიკალურ  რითმებსა და გიჟურ ვნებებშია ჩამკვიდრებული პოეტი, რომელიც  ყოფიერების მოთხოვნით, „უსულგულო დღეების“ რბოლაში თავის დემონთან ერთად, დაეხეტება, ხან სამთავრობო დაწესებულებებში, მათ შორის საკუთარ იუბილეებზეც, ხანაც კიდევ  „კეთილი კაცის აფთიაქში“. სადაც დამძიმებულ გულს სასმელით ამსუბუქებს და სულს უსაზღვროებაში ფანტავს.. მაინც არჩია, ეკლის გვირგვინი დაედგა თავზე და  არ დარჩენილიყო წითელ პოეტად.  მთლიანად ჩამოიტვირთა მძაფრი  ემოცია სცენაზე. შეუდარებელი იყო გალაკტიონისა და დემონის ორთაბრძოლა  აკაკი ხიდაშელისა და თორნიკე ბელთაძის გმირების შესრულებით. მსახიობები მთლიანად დაიხარჯნენ სცენაზე.  „ეს დემონიც შემიყვარდა“_  ემოციებმა ათქმევინა მაყურებელს, ქალბატონ ლელა მესხს ეს სიტყვები და ან რა გასაკვირია. კვლავ გავიმეორებთ, დემონი ხომ  პოეტის აზვირთებული, დაუმორჩილებელი სულია დროთა მდინარებაში. რომელიც ეხმარება მოკვდავს  უკვდავებისკენ სავალი გზისკენ.

თითქოს შეუერთდა მსახიობი აკაკი ხიდაშელი ნამდვილი გალ-ას აჩრდილს. სიცარიელის მორევში ჩაიკარგა სცენა, ნუთუ დამთავრდა ყველაფერი.  ამ დროს  ფინალი… მურმან ლებანიძის სიტყვები გამახსენდა:  „უცებ ჭინკებით აევსო თვალი, თავის სიმაღლით ის იყო მთვრალი“, სწორედ ასეთი შემოუბრუნდა ბატონი აკაკი   სცენას, ირონიანარევი, მაგრამ მაინც თბილი ღიმილით წაუმღერა:   „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო…“და ასე,  ნელი ღიღინით გააცილა პოეტის აჩრდილი უსასრულობისკენ.

ერთმანეთში აირია ემოციები და ოვაციები. აკაკი ხიდაშელი: „მსახიობები ვხვდებით, რა ხდება დარბაზში, მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც ეს თეატრი ასე დიდებულად გააკეთა,   მადლობა იმ ჯგუფს, რომლებმაც მოგვცა საშუალება, თქვენთან ჩამოვსულიყავით, მადლობა ბატონ ვასოს და ოზურგეთის თეატრის დირექციას“.

სპექტაკლი შეაფასა და სანდრო მრევლიშვილის ღვაწლზე ისაუბრა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. გაიხსენა მისი თანაკურსელის, აკაკი ხიდაშელისა და სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებითი ურთიერთობები.

მიხეილ მრევლიშვილი:50 წლის წინ, ბატონი ვასო და ბატონი აკაკი, მამაჩემთან ერთად იდგნენ ჩვენი თეატრის სათავეებთან, ისინი უდიდესი პიროვნებები არიან. მადლობა მათ. თორნიკე, შენ ამ 50 წლის შუაში დგახარ“.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    ...სტუმართმოყვარე, ტრადიციული სიკეთისა და სიყვარულის მიმართ, ჰაეროვანი, უდიდესი წარსულის მქონე და ულამაზესი საფრანგეთი......ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,…
  • 100
    დასუფთავების აქცია ბახმაროში  დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო   „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.…
  • 100
    ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშეახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე: 1 ქიმიური შემადგენლობა ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა…
  • 100
    მერობის კანდიდატები მმართველი პარტიიდან: ავთანდილ თალაკვაძე (ოზურგეთი); ალექსანდრე სარიშვილი (ლანჩხუთი): დავით შარაშიძე (ჩოხატაური).30 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კამპანიის ლიდერებს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი…
  • 100
    ომის მტკივნეული შედეგი და არჩევანი, ბოროტებასა და სიკეთეს შორისავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს,  ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს. კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი. ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი,…