ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები ერთ-ერთი მთავარი ვიოლინოს პარტიას ასრულებდნენ და ძალიან ხშირად ხელისუფლების სათავეშიც იყვნენ მოქცეულნი. ამ მხრივ ლანჩხუთის რაიონმა ბევრი ცნობილი ადამიანი მისცა ჩვენ ქვეყანას: პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლანჩხუთელი ნოე ჟორდანია იყო, ხოლო მაშინდელი მთავრობა ლამის მთლიანად გურულებისაგან შედგებოდა. დამფუძნებელ კრებაში გურიიდან 33 დეპუტატი იყო, ლანჩხუთის რაიონიდან კი: კონსტანტინე გვარჯალაძე, სოლომონ ვადაჭკორია, ნიკიფორე იმნაიშვილი, ვლასა მგელაძე, გიორგი მურვანიძე, მელიტონ რუსია, პეტრე სურგულაძე, გრიგოლ ურატაძე, თევდორე ღლონტი, გრიგოლ ცინცაბაძე, ნოე ცინცაძე, ვასილ წულაძე.

 

ეგნატე ნინოშვილი

როგორც ამბობენ, ნოე ჟორდანიას პირველად ყურადღება ეგნატე ნინოშვილმა მიაქცია. ის ცდილობდა რომ ნოეს უმაღლესი განათლება მიეღო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ერთი მოგონების მიხედვით, ერთხელ რაჟდენ წუწუნავას (ის ალექსანდრე და ცეცილია წუწუნავების მამა გახლდათ, ,,წიგნების და ნასწავლი ხალხის დიდი მოყვარული”) სავაჭრო დუქანში ეგნატე მისულა და რაჟდენისთვის თუმანი უთხოვია. ამ უკანასკნელმა ჰკითხა მითხარი რისთვის გინდაო. ერთ ახალგაზრდას, ჟორდანიას უნდა გავუგზავნოო. თუმანი მიირთვი ჩემო ეგნატე, – უთხრა რაჟდენმა, – მარა არც შენ გაწყენს ტანზე ან ფეხზე ჩაიცვაო. ეგნატე დიდად აფასებდა ნოე ჟორდანიას ,,მეცნიერი კაცი იქნებაო”. როცა გაიგო რომ დაპატიმრება ელოდა ,,საშინლათ შეწუხდა და ნოეს სულ იმას ურჩევდა: ჩქარა მოემზადე და საზღვარგარეთ გაასწარიო”. ეს ხდება 1893 წელს.

მისი ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი, გადმოგვცემს რაჟდენ კილაძე, იმ დღეებში ის იყო ,,რომ ნოე ჟორდანია დაჭერას გადაერჩინა და როგორმე მისი საზღვარგარეთ გამგზავრება მოეწყო”.

ის მაშინ ტფილისში იმყოფებოდა, იცოდა რომ ნოეზე გურიაში მისი სიყრმის მეგობარი სილიბისტრო ჯიბლაძეც იზრუნებდა, მაგრამ გული არ უმშვიდდებოდა და სასწრაფოდ დედაქალაქიდან გურიაში დაბრუნდა.

ჟორდანიას გამგზავრების დღეს გამოსამშვიდობებლად ის ბათუმში ჩავიდა. იქამდე კი… ,,ნოეს არ ქონდა სამგზავრო ფული, წერდა აპოლონ წულაძე, – ეგნატემ მიმართა ბესარიონ კალანდაძეს, აუხსნა მდგომარეობა და სთხოვა დახმარება. ვიწრო წრეში შეიკრიბა 80 მან. ცოტა მეტი”. ამავე დროს, გემების აგენტის და წიგნის მაღაზიის მეპატრონეს მათე ნიკოლაძის მეშვეობით ჟორდანიას მესამე კლასის ბილეთი აუღეს. ყველაფერი ეს ორიოდე დღეში მოგვარდა.

ბათუმში ნინოშვილი დიმიტრი კალანდარიშვილთან ერთად იმყოფებოდა. გემი როცა ნავსადგურიდან გავიდა ,,ეგნატე მიუბრუნდა ამხანაგებს და ეუბნება: ,,დიდი კაცი დადგება, დიდ ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ”… რა მაგრამ, ეგნატე? შეეკითხნენ ამხანაგები გაკვირვებით.

,,ნაციონალური გრძნობა სჭარბობს მასში და ამას იგი ვერ შეელევა”, – უპასუხა ეგნატემ”.

ნოე ჟორდანია

„ნაციონალისტობის“ შესახებ საინტერესო ინფორმაციას იძლევა ისიდორე რამიშვილი. 1897 წლის ერთ დღეს რამიშვილის სახლში, ბათუმში, შეიკრიბნენ ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, მასთან ჩასული რუსი სოც. დემოკრატი ივანე ლუზინი და ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი. გაიმართა სჯა-ბაასი, სოც.-დეკები დაუპირისპირდნენ ჩერქეზიშვილს, თუმცა უმთავრეს ეროვნულ საკითხში ნოე ჟორდანიამ მხარი ვარლამ ჩერქეზიშვილს დაუჭირა. დანარჩენისთვის სულერთი იყო მუშის ან ბურჟუას ეროვნული კუთვნილება. ნოე ჟორდანიას საქციელზე რამიშვილი, ჩხეიძე და ლუზინი განაწყენდნენ. ლუზინმა პირდაპირ ჰკითხა ჟორდანიას: „თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ რით განსხვავდებით ილია ჭავჭავაძისაგან?“რაზეც ნოემ უპასუხა: „მე სრულად არ მაქვს განზრახვა ხელოვნურად ვეთიშებოდე ვინმეს, ვინც ჩემსავით აზროვნებს.“„ასე იცის ევროპამ, იქედან ყველანი განაციონალისტები ბრუნდება,“_ეუბნება დამწუხრებულიჩხეიძე მეორე დღეს რამიშვილს.“

ჟორდანია გამგზავრების შემდეგ ერთხელ საზოგადო მოღვაწე კოწია თავართქილაძე მატარებლით მგზავრობდა ეგნატესთან ერთად. ის შეეკითხა მწერალს, როგორ მოგწონს ნოეს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი წერილებიო. ,,ამ სიტყვებმა ეგნატეს სახეზედ ნამდვილი სიამოვნება და უსაზღვრო მხიარულება გამოიწვია. ყოველივე დარდი და ვარამი დაავიწყდა, ამ შეკითხვის გამო და ნამდვილს, უდარდელს, მხიარულს და ყოვლისფრად ბედნიერ კაცს დაემსგავსა.

_ ნოეს ნაწერები? ნუთუ ესეც საკითხავია, ნოეს ნაწერები ნოესავით უნაკლო, ნოესავით საყვარელი და სასიამოვნო საკითხავია და ვინ არის ისეთი უბადრუკი, რომ ნოეს ნაწერები არ მოეწონოსო.” შემდეგ ისიც გაიხსენა რომ ჯერ კიდევ სემინარიის მოწაფემ ,,დასწერა… იმისთანა წერილი, არათუ პატარა საქართველოში, დიდ რუსეთშიც არ მეგულება მსგავსი რამე დაეწეროსო”.

ნოე ჟორდანიას, საქართველოს იმდროინდელი მთავრობის, მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის ავ-კარგზე ახლა არ შევჩერდებით, ამის შესახებ უამრავი რამ დაწერილა, სამწუხაროდ ბოლშევიკ-კომუნისტების წყალობით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნეგატიურად აფასებს მათ ღვაწლს და მიღწევებს. ნოე ჟორდანიას მთავრობა ცდილობდა აეშენებინა ევროპული ყაიდის დემოკრატიული სახელმწიფო. მათ უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარეს, აი, ჩამონათვალი:

 

მიწა უსასყიდლოდ ან მინიმალური საფასურით გადაეცა გლეხებს;

გაუქმდა ფეოდალური ურთიერთობები;

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართომასშტაბიანი რეფორმა;

 შემოღებულ იქნა საერთო, თანაბარი, პირდაპირი და ფარული არჩევნები;

 ქალებს მიენიჭათ საარჩევნო უფლება;

 ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი;

 მიღებულ იქნა 1921 წლის კონსტიტუცია;

 გაუქმდა სიკვდილით დასჯა (მშვიდობიან პერიოდში);

 განმტკიცდა სიტყვის, შეკრებისა და რწმენის თავისუფლება;

 სასამართლო გამოცხადდა დამოუკიდებლად;

 დაწესდა 8-საათიანი სამუშაო დღე;

 გაუმჯობესდა შრომითი პირობები;

 შემოღებულ იქნა სოციალური დაცვის ელემენტები (დაზღვევა, პროფკავშირების გაძლიერება);

განათლება გამოცხადდა საერო და ხელმისაწვდომად;

 დაარსდა სახელმწიფო უნივერსიტეტი;

 ქართული ენა გახდა სახელმწიფო ენა;

 დაიწყო ეროვნული სკოლის სისტემის ჩამოყალიბება;

 შეიქმნა რეგულარული ქართული არმია და სახალხო გვარდია;

 მიმდინარეობდდიპლომატიური ურთიერთობების დამყარება უცხო ქვეყნებთან.

რეფორმების სრულყოფილი განხორციელება შეზღუდული იყო იმ პერიოდის მძიმე სამხედრო (განუწყვეტელი საომარი მოქმედებების), ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების გამო; არასრულ სამ წელიწადში რამდენიმე ომი გადაიტანეს და ყველა მოიგეს! ამას კი ბევრი იმდროინდელი ძლიერი ქვეყანაც კი ვერ შეძლებდა. ეს ხდება იმ დროს, როცა შუაგულ ევროპაში ფაშისტური სახელმწიფოები გაჩნდება… მათ მიიღეს კონსტიტუცია, რომლის შესახებ გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი ამბობდა, რომ ,,იმ დროისთვის კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.” დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის რამზეი მაკდონალდის თქმით კი, მისი სურვილი იქნებოდა ასეთივე კონსტიტუცია საკუთარ ქვეყანაში ეხილა. კონსტიტუციას რეალურად არ უმოქმედია, რადგან მიღებიდან რამდენიმე დღეში საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო.

1903 წელს ჟორდანიას უახლოესი თანამებრძოლი ვლასა მგელაძე ქუთაისიდან ბათუმში მიემგზავრებოდა. ვაგონში ის შემთხვევით შეხვდა არსენ წითლიძეს, რომელმაც ჩუმად უთხრა: ,,ვაგონის ბოლოში ერთი ჩოხიანი საეჭვო კაცი ზის, გაზეთს კითხულობს, თან შენ შემოგჩერებია და ნამეტანს გათვალიერებს”. მგელაძემ შეპარვით შეხედა ჩოხაში გამოწყობილ კაცს, რომელსაც ბუხრის ქუდი ეხურა, ჩოხაზე კი ყაბალახი ჰქონდა მოგდებული. ის გაზეთს კითხულობდა და დროდადრო დაჟინებით უცქერდა მგელაძეს. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა რომ ის ჯაშუშია და გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება. მან ჯიბეში რევოლვერი მოსინჯა და ტამბურში გავიდა. ,,ჯაშუში” მას გაჰყვა. ,,შენ მოგძულებია თავი ვინცხა ხარ!” – გაიფიქრა ვლასამ, – ,,ჩემი დაჭერა როგორია ახლავე გაიგებ… ამისთვის გამოვიქეცი ციმბირიდან რომ აქ ჩავარდე?” (აღსანიშნავია, რომ მგელაძე ფიზიკურად ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. ხელს რომ ჩამოართმევდა ვინმეს ლამის თითებს ამსხვრევდაო, წერდა ნიკოლო მიწიშვილი.

თბილისის სტამბაში, სადაც მგელაძე მუშაობდა ხშირად მიდიოდნენ ცნობილი მოჭიდავეები ნესტორ ესებუა და კულა გლდანელი აფიშების დასაბეჭდად

ბნელ ბაქანზე გასასვლელი ერთი კარები გააღო, მეორე კი მიხურა. გადაწყვიტა იარაღი არ ეხმარა და ,,ჯაშუში” გაქანებული მატარებლიდან გადაეგდო. ,,ამასობაში კარი ნელა გაიღო. ,,ჯაშუშმა” გამიღიმა, ბროლის კბილები გამოაჩინა. აწეულ ქუდიდან, მშვენიერ თვალებიდან სხივები შემომანათა და სწორედ იმ წამს, როცა გაქანებულ მატარებლიდან მის გადაგდებას ვაპირებდი, მკლავები გაშალა და სახეგაბრწყინებული ნოე ჟორდანია, ვითარცა მაცხოვარი გამომეცხადა, გადამეხვია გონება დაბნეულს, სიშისაგან პირდაღებულს – მკოცნიდა…

-მაშ კარგად გამოვცვლილვარ, ჰა! ეს კარგი ნიშანია რომ ვერ მიცანი. შენ არსენ წითლიძე გახლავს, იმან შემნიშნა მარა ვერ მიცნო. ის ჭკუიანი კაცია, მაინც ნუ ეცოდინება ჩემი აქ ყოფნა. შენ ცალკე დაჯექი. თვალი მადევნე შორიდან… ბათუმში ისეთ ბინაზე მიმიყვანე არავინ მიცნოსო და გაბრუნდა”. მგელაძემ თავისუფლად ამოისუნთქა და განგებას მადლობა შესწირა, რომ ,,ნოე ჟორდანია ჯაშუშის მაგიერ გაქანებული მატარებლიდან არ გადააგდო”.

წიგნიდან: „ლანჩხუთის ქრონიკები“

მსგავსი სტატიები

  • 97
    როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა) ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც „არნახული აფიორის“ ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი…
  • 94
    „ მსოფლიოს ბევრი მუზეუმი და წიგნთსაცავი ვერ დაიკვეხნის ასეთი განძით!“ვფიქრობ არამარტო ხელოვნების სასახლის, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოს კუთვნილება გახდა ექვსი მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერი. მათ შორისაა: საფრანგეთის სახელოვანი იმპერატორის ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი შესანიშნავი წერილი, თავად „ფრანგთა იმპერტორის“ კალიგრაფიითა და ხელმოწერით დამშვენებული! ასევე: ნეაპოლის მეფის, ნაპოლეონის სიძისა და მარშლის იოაჰიმ მიურატის კალიგრაფიით შესრულებული საყურადღებო წერილი და…
  • 92
    „ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული.“ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა…
  • 92
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 92
    ევერესტის დაპყრობა: ტრიუმფი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს.  ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…