ავტორი ლადო გუდიაშვილი
უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერა, დეტალური მასალა ისეთი ბრწყინვალე ქართული ძეგლებისა, როგორიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა, რომლებიც თურქეთის მიწა– წყალზე მდებარეობენ… და მათი ნიმუშები, ფრესკების ასლები, აღწერანი და დეტალები ექვთიმე თაყაიშვილის თქმით „ერთ მუზეუმს ეყოფოდა“!
1917 წლის ექსპედიციამ, რომლის წევრები გახლდათ: ინჟინერ–არქიტექტორი ა.ნ. კალგინი, მხატვრები დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, პოეტი ილია ზდანევიჩი და მე, ბატონ ექვთიმეს უშუალო ხელმძღვანელობით, გადმოვიღეთ ფრესკების ასლები, ტაძრების გეგმები და ჭრილების ნახატები. გაკეთდა მულაჟი მათი ბარელიეფისა და ა.შ.
ყველაფერი ჩამოვიტანეთ თბილისში და დღეს მუზეუმის საკუთრებას შეადგენს.ექსპედიციამ ზუსტად გაარკვია, დაადგინა ტაძრების, ეკლესიების, ციხეების სახელწოდებები და ადგილმდებარეობა, რაც აღნიშნულ ექსპედიციამდე უცნობი და შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისათვის.
ჩვენ ვმუშაობდით ყარსის, არტაანისა და ოლთისის ვრცელ არეში. აქ მდებარე ძეგლთა შორის არიან ჩვენი ხუროთმოძღვრების შედევრებიც – იშხანი, ხახული, ოშკი, ბანა, ოთხთა ეკლესია და პარხალი. ამ დაუღალავი მეცნიერის წყალობით, დაზუსტდა მათი შექმნის თარიღები, დეტალურად გაირკვა მრავალი წარწერა, დადგინდა მოხსენებულ პირთა ვინაობა და სახელები, ცხადი გახდა მათი დიდი მნიშვნელობა და როლი საქართველოს კულტურის ისტორიაში. უზომო სიყვარულისა და სიხარულის გრძნობით ვიგონებ ბატონ ექვთიმესთან მუშაობის დროს. ამ დიდად განსწავლული მეცნიერის გული აღსავსე იყო სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით, ქართველი ერის შემოქმედებითი ენერგიისა და პოტენციის ძველი კულტურის გამოვლენის სურვილით. მე და მიხეილ ჭიაურელი დავფოფხავდით ამ ძეგლებზე, მათ ნანგრევთა კედლებზე, იქვე ჩვენ ახლოს იდგა ექვთიმე და გაფაციცებით მოგვძახოდა:
– ყმაწვილებო! კარგად დააცქერდით ქორონიკონებს! თარიღის აღმნიშვნელ ასოებს, ზუსტად ამოიკითხეთ ყოველი მათგანი! – თვითონაც როგორც „ქორონიკონი“ იდგა, დურბინდით ათვალიერებდა ამ ნიშნებს და გვკითხავდა, – მიშა, ლადო, ახლოს მიდით წარწერებთან, სათითაოდ მიკარნახეთ! – ჩვენ წარწერებთან უფრო ახლო, უფრო გაბედულად მივფოფხდებოდით, ხმამაღლა ვუმეორებდით ყოველ ნიშანს და ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღფრთოვანდებოდა, როცა ჩვენი ნათქვამი მის მიერ ნავარაუდებს დაემთხვეოდა.
მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის შეუდარებელი უნარი. უმრავლესობას იქვე, გადმოღებისთანავე, კითხულობდა, ზოგს უფრო რთულს, სადგომში მისვლისას. ჩვენ, ახალგაზრდები, ვისვენებდით, იგი კი უჯდა საქმეებს, ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია ნაპოვნი რამ ამოუკითხავი.
თუ რაიმე ახალს, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა, ხოლო აქ ყველაფერი ახალი იყო, დღისით იქნებოდა ძეგლზე თუ ღამით, დასვენებისას… ახალგაზრდულად წამოვარდებოდა, ქაღალდს დროშასავით ააფრიალებდა, აღფრთოვანებით შესძახებდა: – აღმოჩენაა!… ახალი აღმოჩენა!
ჩვენც ვიზიარებდით სიხარულს, ვიცოდით, ჩვენი ისტორიის ახალი, უცნობი ფურცელი იშლებოდა, ჩვენც გვედებოდა მისი აღფრთოვანება: აღარც ჩვენ ვიზოგავდით თავს. ვცოცავდით კლდეებსა და დანგრეულ კედლებზე, ვიღებდით, ვიწერდით, ვხატავდით, ვეგულისხმებიდით ყველაზე უფრო „ექვთიმეს სამყაროს“!
მცოცავთა შორის, ყველაზე „აკრობატი“ ილია ზდანევიჩი გამოდგა; ყველაზე მუყაითი, მუდამ დაუღალავი დავით შევარდნაძე იყო… ექსპედიციის მთავარი მხატვარი, კედლის მხატვრობის კარგი მცოდნე. კეთილი მექართულე და ქართული ძეგლების მოტრფიალეც.ჩემი ექსპედიციაში წაყვანაც, სწორედ დავით შევარდნაძის მეშვეობით მოხდა.
ყველაზე ხალისიანი და მუდამ დაუცხრომელი ხომ მიხეილ ჭიაურელი იყო. ერთხელ მახსოვს, ჩუმად მინარეთზე აძვრა და „მრევლი“ უდროო დროს „ალოცა“.
რუსეთ-თურქეთის ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა. ფრონტის ხაზი, ხშირად, არც თუ ისე შორს იყო ჩვენგან. ცისარტყელების ნაცვლად, მძიმე არტილერიის უხილავი ყუმბარები და ხმა გადაგვივლიდა. ამ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით ჩანდა დაუცხრომელი ზრუნვა ჩვენი ექსპედიციის მომმარაგებლისა, თარჯიმანისა და ტრანსპორტის გამრიგებლის ალექსანდრე ციციშვილისა, ჩვენი ქვეყნისა და ძეგლების გულდაგული პარტნიორისა.
დანარჩენებს არ შევეხები, მათი მოღვაწეობა და ღვაწლი ცნობილია.ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დასტოვეს იქ ნანახმა ძეგლებმაც და ადამიანებმაც, თითქმის ყოველ ხურთომოძღვრულ დიდ ნაშთთან გვხვდებოდნენ გაწამებული ადამიანები, ქართულად შემოგვხაროდნენ და შემოგვტიროდნენ.
ერთი წყაროსთნ, ბიბლიურ წლისა და სახის მცხოვანი უძრავად იწვა. სიბერისაგან ფეხზე ვეღარ დგებოდა, მხოლოდ იცრემლებოდა და ჩურჩულებდა:– წყალი ივლის, ივლის… თავის ნაგუბარში ჩადგება!ერთიც შევამჩნიე. სამხრეთ ქართველებს – ძველი ტაძრების, ქართული კულტურის კერების გავლენა, მიუხედავად სრული გამაჰმადიანებისა, ახლაც ეტყობოდათ. კრძალვა და რიდი მაინც ჰქონდათ მამა-პაპური სალოცავებისა. ქალებიც მაინცდამაინც თავს არ უდებდნენ ჩადრს. ჩვენ ვთხოვეთ და ყველამ ადვილად გადაიხსნა, სახე დაგვანახა, სურათიც კი გადაგვაღებინა… ჩვენ წინაშე კვლავ გაბრწყინდა ქართული ჯიშის დახვეწილობა და სილამაზე.
ძეგლთა უხვ სამკაულებს შორის ჩამრჩა ხახულში ნანახი, ქვაში ტვიფრული სიმბოლო – ქართული ფასკუნჯი – მუდმივი აღორძინების იდეა.ეს კლასიკური ნიმუში ნოტრ-დამის ქიმერების შემოქმედებასაც შეეხარბება!
საერთოდ ჩუქურთმების, შემკული სვეტებისა და კვარცხლბეკების, გორელიეფების, ფერად–სხივური წყობისა და კამარების მთელი ქართული შემოქმედური გულუხვობა არის წარმოდგენილი.მაგონდება ერთი შემთხვევაც, ოშკში წმინდანების გორელიეფები ვნახეთ. ერთ-ერთს თავი აკლდა.
ქვევით, კედლის ძირში, ნამსხვრევების გორა ეყარა. დავძებნე და წმინდანის თავს მივაგენი. მივაზომე და სწორად ჩაჯდა. ექვთიმე თაყაიშვილმა გულმხურვალედ გადამკოცნა.
– მთლიანობის აღდგენა, უძნელესი და უკეთილშობილესი შემოქმედებაა! შენ თითქოს იმედი გამიმთელე!
ჩემი მოხვედრა ექსპედიციაში განსაზღვრა იმ ლტოლვამ, რომელიც მეც სიყრმიდან მამოქმედებდა. – ყველგან ქართული ძეგლებისა და კედლის ნახაზებს შორის ვეძებდი „მხატვრულ ქართულობას“ და ეს მით უფრო სამხრეთ საქართველოში იყო საძებარი.
ჩემი ცხოვრების რთული და ეკლიანი გზით უკმაყოფილო მაინც არა ვარ. ამ შემთხვევაშიც მე, ახალ სამყაროს გარემოში აღმოვჩნდი, რომლის კარი პირველად ჩაკეტილი დამიხვდა. მაგრამ ცნობისმოყვარეობითა და სითამამით აღჭურვილმა, უკან აღარ დავიხიე. დიდი იყო მშობლიურობა და ცდუნება ამ ფანტასტიკური საიდუმლოების გაგებისა.
ვიგრძენი თუ არა მისი სიდიადე, ამ ეროვნული კულტურის საუნჯის სიღრმეში უმალვე ჩავიძირე. ჩემი მხატვრული შემეცნების წინაშე გადაიშალა საოცარი, ფერწერული ხილვებით აღსავსე სამყარო. ამ კედლების მხატვრობამ დამატყვევა სურათოვანების ორიგინალობით, მაღალი ხატოვნების თავისებურებით, მეტად ინდივიდუალური წყობის მქონე სტილით. ფრესკები გასაოცარი ჰარმონიით ერწყმოდნენ ტაძრის არქიტექტურას, ნაგებობათა მთელ ანსამბლს, ასევე მთელ გარემოს.
ამ უბრწყინვალესი მხატვრობის თემები, უმთავრესად სასულიერო ხასიათისა იყო. უნატიფეს და ულამაზეს წმინდანებს მზექალების და მზევაჟების სახეები ჰქონდათ. რა ძალით გვიცქეროდნენ ღვთისმშობელი და მისი დობილები, მათ სურთ ავს აგვაშორონ. აგერ მზეჭაბუკი თეთრ ბედაურზე, იგი საქართველოს მცველი და მფარველი უნდა იყოს. ამ პერსონაჟებს საოცარი მიმზიდველობის ძალა აქვთ, მათი კეთილშობილება გხიბლავს, მზად ხარ მათ მიენდო, ისინი გიჯერებენ, რომ ქართველი ერის შემოქმედებითი გენია არ გაჰქრება.
უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები, თითქოს უპატრონონი, საუკუნებრივ ძილსაც კი მისცემიან, მაგრამ თითქოს ისინი მშობლისა და მფარველის განუწყვეტელ ლოდინში იყვნენ, ალერსს ითხოვდნენ, იქნებ ჟამთა სვლა და სიავე ფერფლად ქცევასაც კი უქადდა, მაგრამ ჩვენ დროულად შევაღეთ ამ ტაძრების საუკუნეთა მანძილზე დახშული კარები, ძველი შემონახული ბგერებისა და ხმების პირველწყაროს საკვირველი ძალით წვდებოდა ჩვენი ინტუიცია, გრძნობდა ჩვენი გულისყური. ჩვენც ყველანი „ექვთიმოსნები“ გავხდით!
ამ ფრესკებში მე დავინახე საუკუნეობრივი განძი და უკვდავება. კომპოზიციებმა, სცენებმა და პერსონაჟებმა ამ კედლებზე, ასე მაღალ მხატვრულად წარმოდგენილმა, ჩემს ფიქრებში აღადგინეს და გააცოცხლეს ძველთაძველი ეპოქები, მრავალსაუკუნოვანი სანახაობები. მე გატაცებით ვეწაფებოდი იმ დიდი ადამიანების მიერ დატოვებულ გენიალურ ქმნილებებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ადამიანთა ბედნიერებას.
ამ ფრესკებში გენიოსთა მიერ გარდაქმნილი სამყარო, ჰარმონიულად შერჩეულ ჭეშმარიტებასა და სიმართლეზე ააგეს, ავთა და უგუნურთა დასაგმობად. რა დიდი ნეტარება განმაცდევინა ამ მშვენიერების გარემოში ხანგრძლივად ყოფნამ! ხოლო მის სულიერ გავლენას მარადჟამსა ვგრძნობ!
რა შეიძლება მოგვცეს ამ მხატვრობამ, ან რით შეიძლება დაეხმაროს ეს კულტურის ტრადიციები ჩვენს დღევანდელ სახვითი ხელოვნების მუშაკებს?
ჩვენი დღევანდელი მხატვრობის გზები ძალიან რთული და საკმაოდ მიხლართულ–მოხლართულია. ფიქრობენ, რომ რენესანსის ეპოქამ სავსებით ამოსწურა აკადემიური სკოლების შესაძლებლობანი. ევროპულმა მხატვრებმა ლუვრის მუზეუმის ირგვლივ რკინის გაუვალი კედელი აღმართეს, რათა იქით არ გაეხედათ. მტკიცებას არ საჭიროებს არც ის ფაქტი, რომ ლეონარდო და ვინჩიმ მაქსიმალურად გამოიყენა გონების ძალა და რესურსები. მაშ რა გზას ეწიოს თანამედროვე ხელოვანი ამ ცივილიზაციაში, როდესაც ასე მოჭარბებულია მეცნიერული აღმოჩენები. გაძლიერებულია ტექნიკა, მექანიზებულია მთელი ჩვენი თანამედროვე ცხოვრება. სად და როგორ ეძიოს ახალი სასიცოცხლო საშუალებანი? რა თქმა უნდა, დიდ შემოქმედს მუდამ დიდი შინაგანი იდუმალი ძალა გააჩნია. ჩემი წინაპრები, რომელთა ქმნილებების წინაშე მე ამ ტაძრებში უტყვი ვიდექი, ვხედავდი, რომ ისინი თავის გენიალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ გრძნობითა და ინტუიციით ნაკარნახევი ხერხებითა და საშუალებებით. ეს მაღალი პრინციპი, ჩემის აზრით, გასდევს და უდევს საფუძვლად „მხატვრულ ქართულობას“.
ამ კედლის მხატვრობის ნახვა და შესწავლა, აგრეთვე დამეხმარა იმის დადგენაში, თუ რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს სტილი, ან რაშია სირთულე. როგორც ცნობილია, სტილი ესა თუ ის მანერა, რომელსაც ხელოვანი იყენებს თემის სიუჟეტის, იდეის ხორცშესასხმელად. მანერაში, რა თქმა უნდა, შედის ხელოვანის ნატურის, ტემპერამენტის, ხასიათის, ეროვნული თავისებურებების პიროვნული ნიშნები. სტილში ნათლად გამოსჭვივის პიროვნების შემოქმედებითი პროცესის დინება, მისთვის დამახასიათებელი ტემპი, რიტმი, აღტყინების, მღელვარების, თავშეკავების ძალა, ხელოვანის მხატვრული მეტყველების მრავალმხრივობა და მრავალფეროვნება. მე მჯერა, რომ არა მარტო ხილული და უხილავი ინდივიდუალური თვისებები ან სულიერი შეხება რომელიმე კონკრეტულ ფაქტთან ქმნის სტილს, არამედ ყველაფერი ის, რაც შეადგენს ინდივიდუმის შინაგან სულიერ სისტემას.
ჩემი მხატვრული სტილის ჩამოწრთობაში, ქართულმა ფრესკამ, რომელიც მე მშობლიურ პირველწყაროდ მიმაჩნია, კეთილი, სულიერი ხელი დამადო.
ხახულის ტაძარში მოხდა ჩემი პირველი შემოქმედებითი შეყრა ფრესკასთან. აქ, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით, გავაკეთე კედლის მხატრობის ასლი „იერუსალიმში შესვლა“ საკმაოდ დიდი ზომისა. გარდა ამისა, მე გადმოვიღე პირები „ქრისტეს ფიგურისა“ და რამდენიმე წმინდანის მთლიანი კომპოზიციური პორტრეტი.
ახლა ჩემს გონების თვალწინ, დიდი ფრესკად აღმართულა წარსულის იმედიანი მწიგნობარი – თვით ექვთიმე თაყაიშვილი.
წყარო: ჟურნალი ,,ძეგლის მეგობარი“, XIX კრებული, თბილისი, 1969.
მსგავსი სტატიები
- 100ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 97ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
- 95ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
- 94„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
- 93