საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, _ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები.

“26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.

გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.

საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან”, _ ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ