ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (YPU), დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD) და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) – ერთად 2024 წლის 1 აპრილს გამოაცხადა საგრანტო კონკურსი გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტისთვის (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი). საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა შემდეგი წყაროებით: CENN-ის ვებგვერდი, CENN-ის ოფიციალური Facebook-გვერდი, CENN Newsletter, ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ვებგვერდი, ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ოფიციალური Facebook-გვერდი, ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ვებგვერდი, ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ოფიციალური Facebook-გვერდი, ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ვებგვერდი, ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის Facebook-გვერდი, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ოფიციალური Facebook-გვერდი, დემოკრატიის ინსტიტუტის ოფიციალური Facebook-გვერდი, სათემო შეხვედრები ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა, გურიის რეგიონის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი თემების კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციას, ინვესტიციების მოზიდვას, კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას, ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
საგრანტო კონკურსი მოიცავდა შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
- სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
- ტურიზმის განვითარება;
- ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერება;
- ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია;
- გარემოს დაცვა;
- განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდები;
- სხვადასხვა სფერო, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
საგრანტო კონკურსი მოიცავდა რამდენიმე ეტაპს, კერძოდ:
- I ეტაპი – საგრანტო განაცხადის წარდგენა;
- II ეტაპი – პროექტის პრეზენტაცია და საგრანტო კონკურსის კომისიის წევრებთან გასაუბრება;
- III ეტაპი – პროექტის ადგილზე გაცნობა (მონიტორინგი);
- IV ეტაპი – საგრანტო განაცხადის დამტკიცება/კონტრაქტის გაფორმება.
აღსანიშნავია, რომ საკონკურსო პერიოდში, განაცხადების შემოტანამდე, პროექტის გუნდი დაინტერესებული პირებისთვის აწყობდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ საკონსულტაციო შეხვედრებს პროექტის წარდგენასთან დაკავშირებით. ასევე, საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებული პირისთვის ჩატარდა შესაბამისი თემატური ტრენინგები. აღნიშნული კონსულტაციები, ისევე, როგორც ტრენინგები, ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის.
საგრანტო კონკურსის შეფასების კომისია დაკომპლექტებული იყო პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და მასში 10 წევრი (4 წევრი – CENN, 2 – დემოკრატიის ინსტიტუტი, 2 – ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG), 2 – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“) შედიოდა. ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მმართველი საბჭოს წევრები ჩართული იყვნენ საგრანტო კონკურსის ყველა ეტაპის მუშაობაში, მონაწილეობდნენ პროცესში დამკვირვებლის სტატუსით და არ გააჩნდათ პროექტების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლება. კომისიას ხელმძღვანელობდა CENN.
საგრანტო კონკურსის კომისიის მიერ განაცხადები შეფასდა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად. ინფორმაციაზე ამ კრიტერიუმების შესახებ ხელი მიუწვდებოდა ყველას – ის განთავსებული იყო LAG-ებისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ოფიციალურ ვებგვერდებზე. დამატებითი ინფორმაცია კრიტერიუმების შესახებ მიეწოდებოდა ასევე დაინტერესებულ პირებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრებზე.
განაცხადები შეფასდა შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
კომერციული პროექტები:
არსებული მდგომარეობის აღწერა და დარგის ანალიზი; პროექტის აღწერა; განმცხადებლის კვალიფიკაცია და განათლება; პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსი; დასაქმება; წარმოებული პროდუქტი და მომსახურება; მარკეტინგის სტრატეგია; ინოვაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დაგეგმილ საქმიანობაში; განვითარების პოტენციალი და მდგრადობა.
სოციალური პროექტები:
განაცხადის შესაბამისობა საგრანტო კონკურსის მიზნებსა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანასა და მიზნებთან; სავარაუდო გავლენა სამიზნე ჯგუფებსა და ბენეფიციარებზე; ბიუჯეტის ეფექტიანობა, განმცხადებლის წილობრივი მონაწილეობა (რამდენად ზუსტი და გონივრულია ბიუჯეტი და რამდენად ოპტიმალურად არის ხარჯები განაწილებული); შემოთავაზებული ინიციატივის დროში განხორციელების რეალისტურობა (რამდენად რეალისტურია ინიციატივის ფარგლებში შემოთავაზებული აქტივობების განხორციელება მოცემულ პერიოდში, თვეებში); შემოთავაზებული ინიციატივის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობა; მოსალოდნელი შედეგები (რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული მოსალოდნელი შედეგები, რამდენად რეალისტური და მნიშვნელოვანია შედეგები); მოსალოდნელი შედეგების მდგრადობა/სიცოცხლისუნარიანობა; მოსალოდნელ რისკებთან გამკლავების მიდგომების რეალისტურობა და ეფექტიანობა; განმცხადებლის მენეჯერული გამოცდილება (იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს შემოთავაზებული აქტივობები); ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის იდეასთან.
საგრანტო სახელმძღვანელოში, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი საგრანტო განაცხადების მიღებისა და შეფასების პროცესი, გამოიყო შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა გაეთვალისწინებინათ პოტენციურ გრანტიორებს:
საგრანტო კონკურსში განმცხადებელს შეეძლო მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა; ასევე, განმცხადებელი არ უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული მოსარგებლედ სხვა პირების მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებში. დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო, რომ ერთ მისამართზე რეგისტრირებული ერთი ოჯახიდან მიიღებოდა მხოლოდ ერთი განაცხადი.
მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დაქირავებული (უკვე არსებული ბიზნესის შემთხვევაში) თანამშრომლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არსებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მონიტორინგის ეტაპზე გადასული პროექტების ბიუჯეტით მოთხოვნილი თანხა აღემატებოდა პროექტით განსაზღვრულ საგრანტო ბიუჯეტს. შესაბამისად, პროექტის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და კომისიამ საბოლოო პროექტების შერჩევისთვის შეიმუშავა და დაამტკიცა დამატებითი კრიტერიუმები, რომლებიც შეესაბამებოდა საგრანტო კონკურსის განსაზღვრულ მიზნებს, ამოცანებსა და ინდიკატორებს.
დამატებითი კრიტერიუმები:
კომერციული პროექტებისათვის – ეკონომიკური ღირებულებების ჯაჭვი; პროექტის პროგრამული (ნარატიული) და ბიუჯეტით მოთხოვნილი ფინანსური რესურსების (ტექნოლოგიების და სხვ.) შესაბამისობა ერთმანეთთან; საწარმოებისა და ტურისტული ლოკაციებისთვის საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების მოთხოვნა (ISO, HACCP); უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
სოციალური პროექტებისათვის – საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა (სკოლა, საბავშვო ბაღი), პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა და მოთხოვნილი ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებულ იქნა 342 საპროექტო განაცხადი (სამივე მუნიციპალიტეტში).
საგრანტო კონკურსის მიერ დაფინანსებული პროექტები
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებული 342 განაცხადიდან 51 პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული 51 ინიციატივის დაფინანსებით სრულად ამოიწურა პროექტით განსაზღვრული, საგრანტო კომპონენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.
დაფინანსებული მიმართულებები:
- სოფლის ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა: საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები, გურული ჩაისა და გურული ღვინის მუზეუმები, ღვინის ტურისტული პროექტები;
- სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი: სათბურები, მეღვინეობა, მოცვის, მარწყვის, ყვავილებისა და ჩირის წარმოება;
- განათლება და ინოვაცია: STEM-ლაბორატორიები, სკოლის ლაბორატორიები;
- ეკოტურიზმი და გარემოს დაცვა: მზის ენერგიაზე მომუშავე საწარმოები, ეკოლოგიური ინიციატივები;
- სოციალური და კულტურული პროექტები: სათამაშოების წარმოება, ისტორიული მარნების აღდგენა, სამზარეულოსა და სარესტორნო სივრცეების მოწყობა.
დაფინანსებული პროექტები საგრძნობ დადებით გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდუალურ ბენეფიციარებზე, ისე მთლიანად რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
პროექტის შესახებ
პროექტი „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ საქართველოს რეგიონში, კერძოდ, გურიის სამ მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2023 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და, შესაძლოა, ის არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 90
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 89
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 89
- 88
- 88