სოფელ ნაღობილევში(სოფელ მერიის თემი) ადგილობრივი მოსახლეობა #3 უბანში შპს „მაგთიკომის“საბაზო სადგურის (45 მეტრი სიმაღლის ანძის) მშენებლობას აპროტესტებს. აქაური მოსახლეობა რამდენიმე დღეა მშენებლობის ადგილას მიდის და გარკვეული უთანხმოებაც ჰქონდათ „მაგთიკომის“ წარმომადგენლებთან.
გუშინ, 28 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ვესწრებოდით, სადაც სტიქიის პრევენციის მიზნით კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავდნენ. ერთ-ერთი სოფელ მერიაში (გოგორეთი) ძელყორის მოწყობას ეხებოდა, რისთვისაც 136 914 ლარი იყო გამოყოფილი. სწორედ ამ დროს შემოვიდა მობილურის ზარი. ახლობელი გვთხოვდა სოფელ მერიაში გავყოლოდით. გზაში გვითხრა, რომ სოფელ ნაღობლებში რამდენიმე დღეა აქციები მიმდინარეობს და თქვენთან შეხვედრა მთხოვესო.
#3 უბნის ტერიტორიაზე, სადაც „მაგთის“ ანძის მშენებლობაა დაწყებული, 50-მდე ადგილობრივი (ძირითადად ქალბატონები) იყვნენ შეკრებილნი.
_რა ვიცი, თავიდან იცოდნენ და არაფერი უთქვამთ,ამ ხალხს შესაბამისი საბუთები აქვთ და მუშაობენ-გვითხრა აქაურმა ინგა ბაქანიძემ.
_სოფელ მერიას წლების მანძილზე, ძირითადად საბჭოთა სამხედრო ბაზის გამო უამრავი პრობლემა ჰქონდა. ბოლო პერიოდში პლასმასის გადამამუშავებელი საწარმოს თემაც გვაქვს. არ უნდა გაგიკვირდეთ ჩვენი გააქტიურება „მაგთის“ ანძის გამო. არ გვინდა მოსახლეობაში ამოდენა ანძის აღმართვა. მსგავსი პროტესტი სხვა უბანშიც იყო ადრე და ანძა იქ აღარ აღუმართავთ. მშენებლობის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ავზია, საიდანაც ნაღობილევში 55 ოჯახი წყალს იღებს_ გვითხრა მარინა მეგრელიძემ.
როგორ გვითხრეს, „მაგთიკომი“ კერძო მიწის ნაკვეთზე აპირებს ააგოს საბაზო სადგური, სადაც შემდეგ სავარაუდოდ ამ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაასაქმებენ. ამ კომპანიაში კარგი ანაზღაურებაა და ამიტომ ეს ერთი ოჯახი მათდამი მხარდაჭერას გამოხატავს.
_ანძის მშენებლობიდან 30 მეტრში დგას ჩემი სახლი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი ვაჟი ჯერ 18 წლისაც არ არის. „ადაპტი ცენტრში“ დადის ურეკში. ამბობენ, ანძის გამოსხივება მოქმედებს ადამიანებზე. კიდევ პრობლემა გვინდა? _გვითხრა ლია გობრონიძემ.
_აუცილებლად უნდა გადაიტანონ სხვა ადგილას _განაცხადა შალვა მაცაბერიძემ.
ვანო გობრონიძის თქმით, ისინი არავის ჯიბრზე არ არიან, არავის არ უპირისპირდებიან, ოღონს ითხოვენ „მაგთის“ ანძა მოსახლეობიდან მოცილებით გადაიტანონ.
მზია ლიპარტელიანმა ჩვენთან განაცხადა, რომ მოსახლეობა ამ თემაზე კოლექტიური წერილობით მიმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
ისინი ფიქრობენ, რომ ზეგან ადგილას, სადაც ციტრუსების პლანტაციებია, შესაძლებელია ანძის დასადგმელი ადგილი იპოვონ.
_ვიცით მაგთიკომის ანძის ეკოლოგიური და ჯანმრთელობის რისკები არსებობს, რაც მათ მიერ გამოყოფილ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთანაა დაკავშირებული _თქვეს მათ.
ნაღობილევის მოსახლეობა ძირითადად „ეარნეტის“ ოპტიკურ-უსადენო ინტერნეტის მომხმარებელია. აღნიშნულ კომპანიას ანძაც უდგას #3 უბანში მოსახლეობიდან მოშორებით, ზეგანში. აქაური ახალგაზრდების თქმით, ისინი ასევე სარგებლობენ „მაგთის“, „ბილაინის“ მომსახურებითაც და მათ სიგნალის მიღებაზე პრობლემა არ აქვთ.
ჩვენ შევხდით „მაგთიკომის“ წარმომადგენელს გიორგი სვანიძეს.
მან ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2026 წლის 17 სექტემბერს გამოცემული ბრძანება გაგვაცნო, რომლითაც „სოფელ ნაღობილევში მაკა ბოლქვაძის საკუთრებაში არსებული 80 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 26.05.25. 692)შპს „მაგთიკომის“ საბაზო სადგურის მშენებლობისათვის შეთანხმებული იქნეს საპროექტო დოკუმენტაცია #2026-148)“.
მანვე გაგვაცნო ს/ს მახვილიძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაც, სადაც ვკითხულობთ: „შპს „მაგთიკომი“ საბაზო რადიოსადგურის („ოზურგეთი-ნაღობილევი“) განთავსებისთვის შერჩეულია ოპტიმალური ადგილი გადამცემის სიმძლავრის, ანტენის გამოსხივების დიაგრამის პარამეტრისა და განთავსების სიმაღლის გათავალისწინებით. ანტენები განთავსებულია საკმაოდ მაღლა და მათ აქვთ კარგი მიმმართველობა, 2 მეტრი სიმაღლის სანიტარული დაცვის ზონა, რასაც ითვალისწინებს ნორმატივი, არ არსებობს (შეზღუდვა სიმაღლის მიხედვით იწყება გაცილებით მაღლა).“ აღნიშნულ დასკვნას ხელს აწერს ინსიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი,მედიცინის დოქტორი ნინო რუხაძე.
სოფლის მოსახლეობის გვერდით არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმოადგენელი სოფელ მერიაში ნუგზარ ხომერიკი, თანაშემწე ზაზა ბაქანიძე. ისინი აქტიურად არიან ჩართული პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაჭრის პროცესში.

_რამდენიმე დღეა მოსახლეობა „მაგთის“ ანძის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. მშენებლები პერიოდულად მოდიან დღის სხვადასხვა დროს და ამას უკავშირდება მოსახლეობის აქტიურობაც. ისინი ითხოვენ ანძის სხვა ადგილას განთავსებას. „მაგთის“ წარმოადგენლებიდან შესაბამის პასუხს ელოდებიან_გვითხრეს მათ.
ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავით აქციის მონაწილეებთან. ამ დროის განმავლობაში აქ შსს ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ვაჟა კენჭაძე და სამმართველოს უფროსის მოადგილე გამოძიების ხაზით, გიორგი შარაშენიძე მოვიდნენ. ისინი ჯერ „მაგთის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ მოსახლეობას. მათ მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინეს.

ნაღობილევის მოსახლეობამ კოლექტიური განცხადება „მაგთის“ ანძის მშენებლობის სხვა ადილზე გადატანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შევიდა. განცხადებას ჩვენი ცნობით 40-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
სოფელ მერიაში მერის წარმომადგენლები დღის ბოლოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს გია ანთაძეს შეხვდნენ.
როგორც ზაზა ბაქანიძემ გვითხრა, მათ მერის მოვალეობის შემსრულებელს გააცნეს ნაღობილევის მოსახლეობის თხოვნა, მაგთის ანძის გადატანის შესახებ. გია ანთაძემ მხარდაჭერა გამოხატა მოსახლეობის პოზიციის მიმართ.
მსგავსი სტატიები
- 65
მოსახლეობა კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ… - 64
_ ათეული წლებია ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს ერთი ფენა.(გვითხრეს,… - 64
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 63
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
