კორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ, ერთმანეთს ენაცვლება ზამთრის სიცივის მიუხედავად, ქუჩაში, ან ეზოში მოთამაშე პატარების ჟრიამული;  ოდა-სახლებიდან ამომავალი კვამლი. ზოგან კი მიტოვებული სახლები, დადუმებული ეზო-კარი, პატრონის მოლოდინში.

ემოცია მოსძალებოდა მშობლიურ ფესვებს მიახლოებულ მგზავრს. „მახსოვს, პატარა ვიყავი, მამამ ახლობლის გასვენებაში წამომიყვანა თავის მშობლიურ სოფელში. აღმართიანი გზით ვიარეთ, როგორი სიყვარულით მიიღეს მამა  ახლობლებმა. აქ არის ჩვენი ფესვები“.   

მასპინძლები  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ინტაბუეთის მკვიდრი, გივი ანთაძე და ნათელა მურადაშვილი გახლდათ. გულთბილმა ღიმილმა დაასწრო სიტყვას, მობრძანდითო, სიტყვამაც გაიღიმილა.   ეზო, რთული რელიეფით, თუმცა,  მიუხედავად ამისა, მაინც, მოხერხებულად მოსადაგებული, გამრჯე და გონიერი ადამიანების ხელის წყალობით.

ოჯახის დიასახლისის გულწრფელი მოგებება და, ამ დიდებული ბუნების და ჩვენი მასპინძლების „ტყვეებად“ ვიქეცით.

ვაზი სხვადასხვა ჯიშის, „ ჩხავერი,“„ცოლიკოური,“„კამური,“ „პინო,“ „იზაბელა“ თეთრი და შავი… მოვლილი, მოფერებით განებივრებული; მზიან ამინდში გამოფენილი, მოფუსფუსე ფუტკარი, ციტრუსი, თითქმის ყველა სახეობის, სხვადასხვა ჯიშის ხეხილი; საქონელი; აქ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და საკუთარი ნიშა.

არ არის ადვილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან საკმაოდ დაშორებულ, ამ რთულ პირობებში, ასეთი მეურნეობის მოვლა და გაძღოლა. მით უმეტეს, როცა სახელმწიფო სამსახურში მუშაობ. ამ ყოველივეს ვერც შეეჭიდები, თუ არ გაქვს დიდი სიყვარული, ჟინი და თავდაჯერება, რომ შენ ამ ყველაფერს შესძლებ.

„ჩვენ გურიელების კარის აზნაურები ვყოფილვართ, მეღვინეობის დარგი გვებარაო, გამიგონია მამაჩემისგან, გვიყვება ბატონი გივი. ბებია ნაკაშიძის ქალი იყოო“.  

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად, მოსკოვში  ჩაუბარებია გამოცდები. შვილი დამეკარგებაო… მშობლებმა  და, გივი, მათივე თხოვნით დაბრუნებულა საქართველოში. მუშაობდა ტრენერად ქ. თბილისში, მთავარ ვეტერინარად  მეცხოველეობის და მეფრინველეობის დარგში: ერკეთში, ნაბეღლავში, ნაგომარში.

შემდეგ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და უმაღლესი შეფასებით, ოზურგეთში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ლაბორატორიაში დაინიშნა მთავარ სპეციალისტად. ამჟამადაც იქ მუშაობს. თანამშრომლები ახასიათებენ, როგორც მაღალ პროფესიონალს, კარგ მეგობარს და პიროვნებას. ბატონი გივი საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა მეფუტკრეობის დარგში, აქვს საკუთარი ბლოგი antadze.ge, სადაც ბევრი საინტერესო რჩევაა დამწყები მეფუტკრეებისა  და ამ დარგით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

თბილისში ყოფნის პერიოდში, 45 წლის წინ გაუცნია მისი მომავალი მეუღლე. ქ-ნი ნათელა წარმოშობით კახეთიდან,  თბილისში გაიზარდა.

„გივი რომ გავიცანი, თბილისში ვმუშაობდი, თავდაპირველად გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თანდათან დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ. გივი ისეთი ადამიანია, მის გვერდით, თავს ყველგან კომფორტულად გრძნობ. ის არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, ყველას მეჭირისუფლე, მზრუნველი და გვერდით მდგომელია.“

ორი შვილი ჰყავთ, ნანა და გია. სამი შვილიშვილი. ნანა თავის ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და იქ  მუშაობს. გია თბილისშია და ლუგარის ლაბორატორიაში, კომუნიკაციის განყოფილების მენეჯერია.

მასპინძლებთან, და მათ თანასოფლელ ამირან სიხარულიძესთან საუბარს თანდათან შემოჰყვნენ ეზოში ნოდარ დუმბაძის გმირები, მათი პროტოტიპები.  კორცხოულას მთა ვახსენეთ და ამ მთის გაყოლებაზე, სამხრეთ- დასავლეთ ფერდობის თავზე მოჩანს სოფელი ზენობანი, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი. დანგრევის პირას მყოფ ტაძარზე ისაუბეს „იქოურებმა“. გადმოცემის მიხედვით, გუბაზ მეფეს აუგია ეს ტაძარიო. „ჩემს სოფელს მარჯვნივ გუბაზოული ჩამოუდის, მარცხნივ კი ლაშის ღელე“_ წერს ნოდარ დუმბაძე თავის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობაში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. გივის მამა, გრიგოლ ანთაძე, ნოდარის თანაკლასელი ყოფილა, ერთად იჭერდნენო კიბორჩხალებს ლაშის ღელეში.  იობის პროტოტიპი მღვდელი , იორამ ჩიგოგიძე უნდა ყოფილიყოო.

აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი დუმბაძისეულ მონათხრობსა და აქაურ სინამდვილეს შორის, სადაც ხშირად, ადამიანურ ურთიერთობებსა და თითქოსდა მარტივ იუმორში, ცხოვრების ურთულესი ყოფა, მთელი ფილოსოფიაა განფენილი. სადაც მზეა თავად სიკეთე, ხოლო სიკეთე, მზესავით თბილი.

მგზავრი ვახსენეთ წერილში ზემოთ. იგი,  ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი რეჟისორი, წარმოშობით იქაური, ბატონი ვასილ ჩიგოგიძეა, რომელიც ანთაძეების ოჯახს, მეუღლესთან, მარიანა სლენიენესთან ერთად ეწვია. მანაც ბევრი გაიხსენა მამისგან ნაამბობი. ემოციურმა ფონმა კიდევ მეტად იმძლავრა, როცა იგი ქეთი დუმბაძეს ესაუბრა ტელეფონით. ეს არ იყო ოფიციალური, თუნდაც გულთბილი საუბარი. ეს იყო საუბარი  ბავშვობასთან, ყრმობასთან, იმ მამულ-დედულეთთან, საიდანაც  იწყება სამყაროს აღქნა და შეცნობა.

ბუნების მშვენიერებით საოცრად მოიხიბლა ქ-ნი მარიანა. „იცით, ჩვენთან, ლიეტუაში, ნაზამთრალი ბუნების ფონზე, თუნდაც პატარა, მწვანე ბალახის გამოჩენა, დღესასწაულის ტოლფასია. აქ კი ყველა ნაბიჯზე დღესასწაულია“, _ამბობს სტუმარი და ბალახებში აქა- იქ მიმობნეულ ყვავილებს ეფერება.

ამ ხანში, მზეც თანდათან მიეფარა თვალსაწიერს და ლაშისღელეც მეტად ახმიანდა. ჩვენს სასიამოვნო მასპინძლებსაც დავემშვიდობეთ და თან გამოვიყოლეთ მათი გულთბილი, საინტერესო მასპინძლობა, რაც ჩვენი ეროვნული თვითმყობადობის ერთ-ერთი ლამაზი ნაწილია.

 ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

მსგავსი სტატიები

  • 100
    „ჩვენს და პატარა მაყურებლებს შორის არის ჯაჭვი, რომლის გაწყვეტის უფლება არ გვაქვს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა…
  • 100
    ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშეახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე: 1 ქიმიური შემადგენლობა ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა…
  • 100
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 100
    ...სტუმართმოყვარე, ტრადიციული სიკეთისა და სიყვარულის მიმართ, ჰაეროვანი, უდიდესი წარსულის მქონე და ულამაზესი საფრანგეთი......ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,…
  • 100
    ბალადა ქართველი დედისა1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო…