საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი _ ვ.გ და ლ.ს.დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ. ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა. ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს“,_ აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
შარშან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 მაისიდან 17 ივნისამდე, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 19 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. სამართალდამცავებმა უკანონო ქვიშა-ხრეშის მომპოვებლებს 13 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.
სამართალდამრღვევთა მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 243 732,5 ლარს შეადგენდა.
თითო ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოავლინეს.
„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ“ _აცხადებდნენ ისინი.
წინა წლებში რეგიონული მედიასაშუალებები წერდნენ გურიის მდინარეებზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტების შესახებ. ჟურნალისტების სუფსის, ნატანების თუ სხვა ხეობებში შესვლა არც თუ უხიფათო იყო. იქ შექმნილი მდგომარეობის გამო უწევდათ საპატრულო პოლიციის გამოძახება.(უნდა აღინიშნოს რომ პოლიცია ყოველთვის დროულად ახდენდა რეაგირებას). იყო ინციდენტის შემთხვევაც.
გარემოს დაცვის სამსახურების, საზოგადოების აქტიურობის შედეგად, გარკვეულად შეიცვალა ქვიშა-ხრეშის გადატანის წესები. სატვირთო მასალების ძარები შედარებით ნაკლებადაა გადატვირთული ნორმით გათვალისწინებული ინერტული მასალის ოდენობაზე. ხდება ძარის გადახურვა, მაგრამ ყოველთვის ხდება თუ არა სასწორის გამოყენება ქვიშა-ხრეშის გადატანისას, დღესაც გაურკვეველია.ამიტომ მოსახლეობას კვლავ აწუხებს გზების მდგომარეობა.
19 ივნისს მდინარე ნატანების ხეობის მელექედურის მონაკვეთი მოვინახულეთ.
სოფელ მელექედურში, მდინარე ნატანების ხეობაში წლებია მუშაობს ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „გურია.“ ჩვენი იქ მისვლისას ერთ-ერთი მძიმეწონიანი ავტომანქანის მძღოლი ქვიშა-ხრეშით დატვირთულ ძარას ბრეზენტით ხურავდა.
ამ ობიექტის პასუხისმგებელი პირი გოჩა გოგრიჭიანი გაგვეცნო.
_ ჩვენ ნატანების ხეობაში ინერტულ მასალას არ მოვიპოვებთ. სხვადასხვა ოფიციალურ კარიერზე ვყიდულობთ. აქ გადამუშავება ხდება და სხვადასხვა საწარმოს ვაწვდით _გვითხრა მან.
თუ ვინ იყო ამ საწარმოს პატრონი ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ.
_მახათაძეა _გვითხრა გოჩა გოგრიჭიანმა.
მდინარე ნატანების აუზში (მელექედურის ტერიტორიაზე) ქვიშა-ღორღს „კავკასუსცემეტი ჯორჯია“ მოიპოვებს.
მინდორში გაჩერებული ექსკავატორის (VV -591-TT) მემანქანეს ელოდებოდა რამდენიმე მძმეწონიანი ავტომანქანის მძღოლი.
ჩვენი იქ მისვლიდან მოკლე ხანში მოვიდა ობიექტზე „კავკასუსცემენტი ჯორჯიას“ წარმოების უფროსი გია დუმბაძე:
_კანონის ფარგლებში ვეწევით ქვიშა-ხრეშის მოპოვებას. დაგროვილი ინერტული მასალა გაგვაქვს. ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ ნატანების ტერიტორიაზეა. ჩვენი მომხმარებელი არიან აქაური მშენებლები, ტენდერებში გამარჯვებული საგზაო კომპანიები და ა.შ.

მანვე აღნიშნა, რომ ისინი ბარბაროსულად არ ექცევიან ნატანების ხეობას, ისე არ მოიპოვებენ, როგორც ამას ზოგიერთი კომპანია აკეთებს.
_დიდი მაგისტრალი გადის გურიაზე და ძალიან ბევრი ინერტული მასალა სჭირდებათ _გვითხრა მან.
მელექედურის მოსახლეობა წლების განმავლობაში საუბრობს მძიმეწონიანი მანქანების მიერ სოფლის მთავარი _გაღმა დვაბზუ-მელექედური-სოფელ ოზურგეთის გზის დაზიანების შესახებ.
გაგა ცხომელიძე, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი მელექედურის ადმინისტრაციულ ერთეულში:_მდინარე სუფსის, ნატანების აუზებიდან ქვიშა-ღორღით დატვირთული მძიმე წონიანი ავტომანქანები ქალაქ ოზურგეთს გვერდს უვლიან და სოფელ მელექედურის გავლით მიემართებიან ნატანები-ურეკის მიმართულებით. ყველა კომპანია როდი იცავს ტვირთის გადატანის დასაშვებ ნორმებს. ხშირად 200 მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანა რომ გაივლისდღეში გზაზე, რამდენ ხანს გაუძლებს.
წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის ფინანსური მხარადაჭერით სოფელ ოზურგეთსა და სოფელ მელექედურს შორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
საგზაო პროექტის ღირებულება 2 483 895 ლარს შეადგენა, რომლის მიხედვით გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და მოხდა 3 535 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია. პროექტში ასევე გათვალისწინებულია შიდა უბნების მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.მშენებელი შპს „პალადა“ გახლავთ.
ვწუხვართ, რომ სოფლის ცენტრალურ გზას კლავ ზიანდება _გვითხრა მან.
გაგა ცხომელიძემ აღნიშნა, რომ შპს „გურია“-ში მახათაძეს არ იცნობს, რადგან იქ ხშირია საკადრო ცვლილებები, თუმცა ეს წარმოება ეხმარება აქაურ მოსახლეობას საჭირო ინერტული მასალებით.
ანალოგიური აზრისაა მერის წარმომადგენლის მოადგილე გელა ღლონტიც.
_ვიცით, ინერტული მასალების მოპოვება აუცილებელია მშენებლობებისთვის, თუმცა აქაური მოსახლეობა ნამდვილად წუხს გზების ხშირი დაზიანების გამო _გვითხრა მელექედურელმა კობა ცხომელიძემ.
მელექედურის-სოფელ ოზურგეთის გზაზე უკვე საკმაოდაა მძიმე წონიანი ავტომანქანების მიერ დაზიანებული ადგილები.
გვჭირდება გზები, მშენებლობები, მაგრამ ეს ინეტრული მასალების უკანონოდ, ან არასწორად მოპოვების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
გაზეთი „ალიონი“, 22 ივნისი, 2026 წ.#13,გვ.1-3

მსგავსი სტატიები

  • 84
    რა ხდება ლევილის ქართულ მამულში გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია  „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის…
  • 84
    „რადიკალურად სხვა პროექტია... „კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა“რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.…
  • 84
                ერთი ოჯახის სევდიანი ისტორია  ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და  ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ...                  …
  • 83
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 82
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…