1964 წელს ოზურგეთში გიორგი ლეონიძე ჩავიდა, ოზურგეთლები როგორც წესი და რიგია ისე დახვდნენ ცნობილ პოეტს. არტემ ერქომაიშვილმა სიტყვით მიმართა მას, ლეონიძემ ის გულში ჩაიკრა და გვერდით მოისვა. მერე გაიმართა ბანკეტი, სადაც, რასაკვირველია, ლეონიძეს სადღეგრძელო შეისვა. სამდლობელ სიტყვაში პოეტმა კი თქვა, რომ რა დიდებული ხალხი ხართ გურულები და რაოდენ დასანანია, რომ დიდი პოეტი არ გყავთო. ჩამოვარდა სიჩუმე. ამ დროს არტემ ერქომაიშვილი წამოდგა და ლეონიძეს შეეკითხა – კი მარა, თქვენ ვისი პოეტი ბრაძანდებითო. პოეტი გაშრა, ხმა ვეღარ ამოიღო, პაუზის შემდეგ რამდენიმე საკუთარი ლექსი წაიკითხა და შესძახა – თქვენი პოეტი ვარ, აბა ვისი ვიქნებიო! შემდეგ ლეონიძე თურმე არაერთხელ იძახდა – ეს რა მიქნეს გურულებმა, ეს რა მითხრა არტემ ერქომაიშვილმაო!

დიდ პოეტს ალბათ დაავიწყდა გურული თანამოკალმეები: მამია გურიელი, სიმონ გუგუნავა, საფო მგელაძე, ანა კალანდაძე, ტარიელ ჭანტურია…

საფო მგელაძე (გიგინეიშვილი) XX საუკუნის 30-იანი წლების ქართული ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და თვალსაჩინო წარმომადგენლად მიიჩნევა. საფო 1894 წელს გურიაში, სოფელ ჯურყვეთში, აზნაურ იოსებ გიგინეიშვილისა და ქრისტინე კანდელაკის ოჯახში დაიბადა. ხუთი წლის ასაკში უკვე თავისუფლად კითხულობდა და წერდა, ადრევე გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი. ექვსი წლისა სოფლის სკოლაში შეიყვანეს, ხოლო პირველი ლექსი რვა წლისამ დაწერა. სწავლასა და განათლებას ის განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდა.

საფო მგელაძე და მისი უფროსი ქალიშვილი შუშანა მგელაძე

საფო მგელაძე შემოქმედებით ასპარეზზე გამოვიდა იმ დროს, როცა ქართულ ლიტერატურაში უკვე მოღვაწეობდნენ დიდი ავტორები და საკუთარი ადგილის დამკვიდრება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო მკითხველის სიყვარული და აღიარება მოეპოვებინა. თანამედროვეები მას ხშირად „ქართველ ჟორჟ სანდს“ უწოდებდნენ. ეს მეტსახელი მის ძლიერ, დამოუკიდებელ ხასიათსა და შემოქმედებით ბუნებას უკავშირდებოდა. ის იმ იშვიათ ქალ ავტორთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც XX საუკუნის დასაწყისის ქართულ საზოგადოებაში გაბედულად დაარღვიეს ტრადიციული ჩარჩოები. საფოს შემოქმედებას ახასიათებდა ემოციური სიმძაფრე, შინაგანი დრამატიზმი და ქალის სულიერი თავისუფლების თემები, რის გამოც მას ხშირად ადარებდნენ ფრანგ მწერალს — ჟორჟ სანდს. გარდა ლიტერატურული საქმიანობისა, იგი აქტიურად მონაწილეობდა ქალთა უფლებების საკითხებზე მსჯელობაში და ფემინისტურ პრესასთან თანამშრომლობდა, რითაც ქართულ რეალობაში იმავე ტიპის საზოგადოებრივ როლს იკავებდა, რაც ჟორჟ სანდს ეკავა ევროპულ სივრცეში.

თავდაპირველად საფომ თავი პოეზიაში გამოსცადა — მისი პირველი ლექსები 1915 წლიდან იბეჭდებოდა იმდროინდელ პერიოდიკაში. მოგვიანებით წარმატებით მიმართა პროზასაც. მისი რომანი „ლიანა ლორდია“ ახალგაზრდობის საყვარელ წიგნად იქცა, ავტორმა კი ,,სიყვარულის წიგნის საყვარელი ოსტატის” და ,,ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის” სახელი დაიმკვიდრა. „ლიანა ლორდიას“ თურმე თან ატარებდა ლადო ასათიანი, ,,როგორც ოცნებას არამიწიერს”. საზოგადოება საფო მგელაძეს სხვადასხვა ფსევდონიმით იცნობდა: „გურული ქალი“, „ეწერელი ქალი“, „მუშა ქალი“ და „სანი“. მიუხედავად პოპულარობისა, საფოსთვის მუდამ პრობლემა იყო საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნება. ის ამბობდა: „საუკეთესო ლექსები დაუბეჭდავი ყრია, ჩემი უკეთესი რომანი „გზადაგზა”, რომლისთვისაც ვიბრძოლე ხუთი წლის განმავლობაში, ისევ ისე დევს ჩემს კარადაში. არც პროზაზე და არც ლექსებზე მუშაობა აღარ მსურს. რისთვის? ვეკითხები ჩემს თავს ისე შევყურებ ჩემი საწერი მაგიდის უჯრებს, როგორც შეჰყურებს ჭირისუფალი კუბოს, რომელშიც ძვირფასი მიცვალებული უსვენია”.

საფო ამბობდა, რომ არ ეკუთვნოდა იმ მწერლებს, რომლებიც მშვიდად სხდებიან მაგიდასთან და წიგნს ისე ქმნიან, როგორც მეპურე აცხობს პურს. მისთვის ყოველი სიტყვა შინაგან ტკივილთან იყო დაკავშირებული – ,,თვითოეულ ჩემს სიტყვას ჩემი ძარღვის თვითოეული ძაფი გრძნობს და ხან ისე მოაწვება ყელს ეს ნიაღვარი, ისე ამავსებს და ისე გადმოდის, რომ მე ძლივს ვასწრებ იმის ქაღალდზე გადატანას, ასე მგონია, რომ თვითონ დამაღრჩობს ეს განცდა, ვიღვრები სიტყვებად“, – წერდა ის. მწერალი საკუთარ თავსაც ეკითხებოდა, იყო თუ არა საჭირო ასეთი თავდადება, როცა ამას ვერავინ ამჩნევდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ უპირისპირდებოდა საკუთარ ბუნებას.

1918 წელს მისი სახელი ქუთაისში გამომავალი ფემინისტური გაზეთის — „ხმა ქართველი ქალისას“ ფურცლებზეც გამოჩნდა. გამოცემას კატო მიქელაძე რედაქტორობდა და სწორედ მან ერთ-ერთმა პირველმა დაუთმო ახალგაზრდა ავტორს თავისი გაზეთის სივრცე.

კატო მიქელაძე მუდმივად ზრუნავდა საფოზე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. „ისპანკით“ დაავადებულ პოეტს სწორედ კატო უვლიდა და ექიმთან ერთად მოახერხა მისი სიცოცხლის გადარჩენა. 1922 წელს, გურიიდან თბილისში ჩამოსული საფო შვილებთან ერთად თავდაპირველად სწორედ კატო მიქელაძის სახლში დასახლდა.

საფო მგელაძეს მძიმე პირადი ცხოვრება ჰქონდა. იგი ცოლად გააყოლეს მასზე ბევრად უფროს ვლადიმერ მგელაძეს – ქორწინების დროს საფო მხოლოდ 18 წლის იყო, მისი მეუღლე კი 45-ის. მოგვიანებით წერდა, რომ მეუღლე მის პოეტურ მისწრაფებებს არ ზღუდავდა. მას სურდა, რომ ,,მეგობრულად დაშორებოდნენ ერთმანეთს. საფომ კარგად იცოდა, რომ თავმოყვარე ვლადიმერი ასეთ სირცხვილს ვერ აიტანდა. ამიტომ იძულებული გახდა შერიგებოდა ბედს. მაგრამ იგი შეიპყრო სევდამ…“ მიუხედავად ამისა ის ყოველთვის სითბოთი იხსენიებს თავის „მოხუც“ (როგორც ვლადიმერი უწოდებს თავისთავს წერილებში) ქმარს. სიკვდილის წინა დღეებში საფოს დღიურში ჩაუწერია: „…ვლადიმერს ვექცეოდი პატივისცემით. მშრომელი ადამიანი იყო და გურიაში პატიოსან კაცად ითვლებოდა..: არაფრით მაწუხებდა, ფსიქოლოგიური ალღოც ჰქონდა და ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ მე მას შევეჩვიე… მებრალებოდა, როგორც მამა, მიყვარდა როგორც მეგობარი, მაგრამ ბედნიერება მაინც შორს იყო ჩემგან“.

საფო მგელაძე ტრაგიკული ბედის შემოქმედი იყო. თავისი ეპოქისადმი დამოკიდებულება მან ლადო ასათიანისადმი მიძღვნილ, ტკივილითა და შინაგანი დაძაბულობით გაჯერებულ ტექსტებში გამოხატა. იგი აღნიშნავდა: ,,ეპოქის მარწუხი არავის ისე არ უჭერს ყელში, როგორც მწერალს. ის გვაძალებს ჩვენ თემებს და იდეებს. არ მიიღებ? ისე გაგსრესს, როგორც ჭიას“. საკუთარ თავს ეკითხებოდა, დარჩა თუ არა ხელოვნად, თუ მხოლოდ დაკვეთებზე მომუშავე ხელოსანი იყო. ღიად საუბრობდა სულიერ დაღლასა და შინაგან დაშლაზე. ნაწარმოებების მრავალჯერ გადაკეთება მისთვის პირადი მარცხის განცდას იწვევდა. ეჭვქვეშ აყენებდა ლოზუნგს „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ და კითხულობდა, შეიძლებოდა თუ არა იმ ეპოქაში ასეთი იდეალების ერთგული მწერლის არსებობა.

საფო ვერ მოერგო პარტიული ლიტერატურის კონიუნქტურას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბოლშევიზმის ქალთა ემანსიპაციის იდეებს იზიარებდა. მალე ნათელი გახდა, რომ სახელმწიფოს მიერ მართული ემანსიპაცია მხოლოდ მოჩვენებითი იყო და ქალებს მზარდი ტოტალიტარული რეჟიმის სამსახურში, წინასწარ განსაზღვრული როლებით უნდა ეარსებათ. თუ სისტემა მათ ვერ ეგუებოდა, მათი ხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადუმებულიყო. ერთმა რუსმა ბოლშევიკმა ქალმა საფოს პირდაპირ უთხრა, ვის რაში აინტერესებს, რას გრძნობთ თქვენს ოთახშიო — ფრაზა, რომელიც მკაფიოდ ასახავდა ბოლშევიკური სისტემის დამოკიდებულებას ნამდვილ მწერლობასთან.

საფო მგელაძე 1936 წელს გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. „ლიტერატურულმა საქართველომ“ მასზე მოკლე, მშრალი ნეკროლოგი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მწერალი „ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“. სინამდვილეში კი მისი სიკვდილის მიზეზი ავადმყოფობა არ ყოფილა — გურიაში ყოფნისას საფო ცხენიდან ჩამოვარდა, თირკმელები დაუზიანდა და არამიანცის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა – უნარკოზოდ. არავის მისცეს მისი ნახვის უფლება. როცა საბოლოოდ კატო მიქელაძე შეუშვეს, საფო უკვე პროზექტურაში ესვენა.

პოეტი ქალი დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

P.S. გურია საფოსთვის მხოლოდ სამშობლო კი არა, სულიერი საყრდენი იყო და ამ სიყვარულს სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა. ,,საფო დიდხანს ცხოვრობდა გურიაში… გურია იყო მისი ტრფიალი. ლანჩხუთთან ახლოს ეწერისა და ჯურუყვეთის ლაჟვარდოვანი ცა იქცა მის ოცნებად; მას იზიდავდა და ხიბლავდა ამ ცის ქვეშ ველ-მინდვრებსა და ბაღებში აყვავებული კამელიები, მაგნოლიები და გვირილები. იგი დაქალებამდე ცხოვრობდა ჯურუყვეთში“., წერდა ავტორი ანა ღვინიაშვილი.

                      მიძღვნა

„ამ უბრალო ლექსებს არ ვწერ მგოსნებისთვის,

არც სწავლულთა მაღალ წოდებას ვუძღვნი,

 ვწერ გურულებს, მშრომელ გურულ ხალხს,

ვინც დღესაც მიყვარს და მუდამ მახსოვს.

ვწერ მათ შვილებს, გულწრფელი სიხარულით,

მათთან ხომ ხშირად მითამაშია,

 ჩემს მეხსიერებაში ისინი დარჩნენ

როგორც ლაჟვარდის ნათელი ზოლი.

 მყავდა ფრიდონი და ავთანდილი,

 გვქონდა ოცნება წმინდა და ნათელი,

 მსურს ყოველ დილით მივესალმო მათ

თბილი სიტყვით, უბრალო ლექსით.

მშვიდობა თქვენდა, სალამი თქვენდა,

თქვენი ღიმილი კვლავ მენატრება,

თქვენშია ჩემი ბავშვობის სევდაც

და უკანასკნელი სიხარულიც ერთად.“

წიგნიდან „ლანჩუთის ქრონიკები“

 

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა) ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც „არნახული აფიორის“ ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი…
  • 89
    „ მსოფლიოს ბევრი მუზეუმი და წიგნთსაცავი ვერ დაიკვეხნის ასეთი განძით!“ვფიქრობ არამარტო ხელოვნების სასახლის, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოს კუთვნილება გახდა ექვსი მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერი. მათ შორისაა: საფრანგეთის სახელოვანი იმპერატორის ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი შესანიშნავი წერილი, თავად „ფრანგთა იმპერტორის“ კალიგრაფიითა და ხელმოწერით დამშვენებული! ასევე: ნეაპოლის მეფის, ნაპოლეონის სიძისა და მარშლის იოაჰიმ მიურატის კალიგრაფიით შესრულებული საყურადღებო წერილი და…
  • 88
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 88
    ნოე და ეგნატეჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები ერთ-ერთი მთავარი ვიოლინოს პარტიას ასრულებდნენ და ძალიან ხშირად ხელისუფლების სათავეშიც იყვნენ მოქცეულნი. ამ მხრივ ლანჩხუთის რაიონმა ბევრი ცნობილი ადამიანი მისცა ჩვენ ქვეყანას: პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლანჩხუთელი ნოე ჟორდანია იყო, ხოლო მაშინდელი მთავრობა ლამის მთლიანად გურულებისაგან შედგებოდა. დამფუძნებელ კრებაში გურიიდან 33 დეპუტატი იყო,…
  • 87
    „ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული.“ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა…