ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით.
წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა.
19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა კაიმაღით, რძით, ტყის მოცვით, კარაქით გვამარაგებდენ თავიანთ ფერადად მორთულ ცოლებს ჩამოიყვანდენ იაილებიდან და ამ დღეს გაგვაცნობდენ. მაშინ აჭარელ ხნიერ ქალებს ჯერ კიდევ ფერადი სიხმები, ჩათაქები ეცვათ. ფერადი დამზიებული, ჯიმფრულაი მძივებით ასხმული მარმაშები ებურათ. შინდისფერი, ქარვის და ოქროს ბალდუზებიანი მაჟარიები და ქოსტეკიანი თითისიმსხო ძეწკვები ეკეთათ. მუხლებამდე, ფერადი ღაზლის კაკუჩებიან წინდებზე მოხდენილად ამოსხმული ქალამნები ეცვათ. მადლი იყო მათი ცქერა და მოსმენა..
ბუქსიეთის და ვაკიჯვრის ფერდს დოღის დაწყებამდე მიადგებოდა მზე, მაშინ განსაკუთრებით აბჟღვიალდებოდენ და აფერადდებოდენ აჭარლები.
დოღში რატომღაც ყოველთვის ღორჯომელი მხედარი გაიმარჯვებდა და ოიიი ხარობდენ მარა რას ხარობდენ აჭარლები. ხელში აყვანილი მიყავდენ შინ გახვითქული მხედარი. გული კი დაწყდებოდათ დამარცხებულ გურულებს მარა დიდად ამით თავს არ დაიმწუხრებდენ.
დოღის მერე ძეწკვივით აეწყობოდა ქვეშაგების ბარდნებიანი და ფოტებიანი მანქანები, გულმოდგინედ ჩავრაზავდით ჩვენი ყავრით დახურული, ბარჯგებზე შემდგარი პატარა ხის სახლების დარაბებს, კარებებს და შინ, ბარში ვბრუნდებოდით.
მთის წყალი სარეცხს აქათქათებდა, ქალები ღელის პირზე დადგამდენ დიდ ქვაბებს სამფეხებზე, სარეცხს დახარშავდენ და ღარის წყალზე გაავლებდენ, შქერის ბუჩქებზე მიფენდენ და გააშრობდენ, გაურეცხავ სარეცხს ბარში არ წავიღებდით.
როგორც დიდი საუნჯე და სიმდიდრე ისე მიგვქონდა აჭარელ დოსტებთან ნაყიდი კვარის ტროსტები, საგორიალა, სახაჭუნა, ჩოგან-ლაფერა, აჭრელებული აკვნები, ვითომქარვის მძივები და კაკილები, შალის ჭრელი წინდები, უსუპ ბაბუას ყავრისგან გათლილი თხელი, დიდი მრგვალი სახაჭაპურე დაფები, მთის თაფლი და დაშაქრული მოცვის სამლიტრიანი ქილები, თბილისელი ნათესავებისთვის საგანგებოდ ნაყიდი ინგირის ფესვების გამშრალი კონები საწამლოდ და ბევრი კვარი.
გახარებული დაგვხვდებოდა ბებია, ნენაა რაფერ გაზდილხარ, შემოგეროს ბებიაშენის სიცოცლხე, რაფერ აბრიწინებულხარ..
დიდ ჩახანაში მოხარშულს დაგვახვდრებდა ჭყინტ სიმინდს, სიმინდს თავზე სამკუთხედად დაჭრილ ხაპერას ყვითელ ნაჭრებს ჩაამხობდა და თავზე ხაპის დიდვან ფურცლებს დააფარებდა.
ნათესავებიც მოვიდოდნენ მთიდან დაბრუნებულების სანახავად და საღამოს ერთად ვივახშმებდით.
ბაბუა არ ვიცი საიდან გააჩენდა ღვინისფრად შეთვალულ ადესის და ჭეიშვილის ყურძნის მტევნებს, გადმოტრიალებულ ქუდში ჩაწყობილს შემოიტანდა და დაგვირიგებდა.
-გვახილე ბაბუა, დედმამიანი ხარ!!
ეს „დედამამიანობა“ თანამდებობასვით იყო, შევიფერებდით და კუმპალ კუმპალ დავარიგებდით..
-ას წლიწადს ნენა წრომანდელი ნახელავი..
ბებიას სჯეროდა, რომ ფერცვალობა დღეს ყველაფერი უვარგისი, გლახა და უფერული უკან რჩება, ყორიფელი საჩვენოდ, სასიკეთოდ იცლის ფერს და დღემანდელი დღიდან სიკეთით, სიხარულით და ბარაქით გევიმსებით.
ბაბუა გადაგვხედავდა და გაილოცებოდა: „იხარეთ შვილებო, ხვავრიელი ტეხა-კრეფა მოგვცეს, სიკეთეში მოგვახმაროს წრომანდელი მოსავალი. შეგვარგოს და ლხინში მოგვახმაროს მოტეხილიც, მოკრეფილიც. სიკეთით შემობრუნებულიყოს ყველა უშნო და უფერული, –
გვახილეთ დედმამამიანი ხარ.. გვახილეთ..
ასწელიწადს და კიდომ მეტს თქვენი ნახელავი, იხარეთ შვილებო.
დაგვბანდენ, ოდაში ზუკუტურით აგვიყვანდენ, გახამებულ, გამზეურებულ ლოგინებში ჩაგვწვენდენ და სჯეროდათ რომ ბახმაროს ჰაიერ ნასუნთქ, მთის წყალ ნასვამ, მთის კარაქ და თაფლ ნაჭამ ბაღანას აფერი ავადობა აღარ შეგვეყრება და გრძელ ზამთარს გაკაჟებული შევხვდებით, დაგვკოცნიდენ და დაგვაძინებდენ.
ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული. ფერისცვალებას გილოცავთ ქართველებო!!! #Gardeniashevardnadze
გარდენია შევარდნაძე.
ფოტო #ბადრი ვადაჭკორია
მსგავსი სტატიები
- 100
1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
- 100
,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
- 95
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…
- 92
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან 40 წელი სრულდებოდა. რედაქციაში ჩვენი უბნელი, იმჟამად სოფ. ოზურგეთის გაერთიანებული კოლმეურნეობის (ექადია აგროუბნის სახით შედიოდა) ბრიგადირი ბიქტორ გოგუაძე მოვიდა მითხრა: _მე და კონსტანტინე ნაკაიძემ, ( იმჟამად ანასეულის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი), გადავწყვიტეთ გოშველის სასაფლაოზე, იქ სადაც ომის დამთავრების შემდეგ ჩვენი უბნიდან დაღუპული 17 ვაჟკაცის სახელზე 17…
- 88
“დავიბადე 1926 წლის 24 მაისს, ზემო გურიაში, სოფელ გოგოლესუბანში. ადრე ერქვა ქვემო ფაცხა. ბავშვობა არ იყო ცუდი. მამაჩემი მომღერალი კაცი იყო და საოჯახო ანსამბლი შექმნა. მე მაშინ 4 წლის ვიყავი. ბაბუაჩემი იყო ბანი, ბებიაჩემი იყო მეორე ხმა. საერთოდ, საოჯახო ანსამბლები ბევრი არ არის, ჩვენი ანსამბლი კი ხალხური იყო, უფრო სოფლური.…