ყაბარდო-ბალყარეთში, ბეზენგის ხეობაში ჩამოწოლილ ზვავს რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების სპეციალური დანაყოფების სამხედროები ემსხვერპლნენ. ჯგუფის წევრთა უმრავლესობა „როსგვარდიის“ სხვადასხვა დანაყოფიდან იყო და მთაში სპეციალურ საწვრთნელ შეკრებას გადიოდა.
ტრაგედია 6 სექტემბერს მოხდა. მთა მიჟირგის ფერდობიდან ჩამოწოლილმა უზარმაზარმა თოვლ-ყინულის მასამ 33-კაციანი ჯგუფი მოიყოლა.
„Коммерсантъ“-ის ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ჯგუფის ინსტრუქტორის — ცნობილი პეტერბურგელი ალპინისტის, 69 წლის ალბერტ იზოტოვის. კიდევ ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური მონაცემი ამ ეტაპზე 12 დაღუპულია — რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მე-12 ცხედრის აღმოჩენა 8 სექტემბერს დაადასტურა.
იზოტოვი გამოცდილი ალპინისტი და სამთო მომზადების ინსტრუქტორი იყო. იგი წლების განმავლობაში მონაწილეობდა რუსეთის ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მომზადებაში.
რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის წარმომადგენლის განმარტებით, ბეზენგიში გამართული შეკრება ჩვეულებრივი სპორტული ექსპედიცია არ ყოფილა — ძალოვნები ყინულოვან რელიეფზე გადაადგილებას, დაზღვევის ორგანიზებასა და სხვა სპეციალურ სამთო უნარებს ამუშავებდნენ.
რუსული Telegram-არხები Baza და Shot თავდაპირველად წერდნენ, რომ დაღუპულები „როსგვარდიის“ ელიტური სპეციალური დანიშნულების ცენტრის — „Витязь“-ის სამხედროები იყვნენ. მოგვიანებით „როსგვარდიამ“ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის მისი თანამშრომლები ნამდვილად არიან, თუმცა უარყო მათი „Витязь“-ისადმი კუთვნილება.
„Коммерсантъ“-ის ძალოვან სტრუქტურებში არსებული რამდენიმე წყაროს ინფორმაციით კი, ზვავის ქვეშ მოყოლილი ჯგუფი სხვადასხვა რუსული სპეციალური დანაყოფის თანამშრომლებისგან იყო დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობა „როსგვარდიის“ სხვადასხვა ქვედანაყოფიდან იყო ჩასული.
ჯგუფის ათმა წევრმა მთიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა შეძლო. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. დარჩენილი დაკარგულების ძებნა რთული რელიეფის, ცუდი ამინდისა და თოვლ-ყინულის მასის განმეორებითი ჩამოშლის საფრთხის გამო გართულებულია.
ტრაგედიის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუდევრობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები და რა გარემოებებში აღმოჩნდა სამხედროების საწვრთნელი ჯგუფი ზვავის ზონაში.
ალპინიზმის ფედერაციის წარმომადგენელი ალექსანდრ იაკოვენკო, თავის მხრივ, მონაწილეთა მოუმზადებლობას გამორიცხავს და მომხდარს უკიდურესად იშვიათ ბუნებრივ მოვლენას უკავშირებს: მისი ვერსიით, მაღლა მოწყვეტილი დიდი თოვლ-ყინულის მასა მყინვარს დაეცა და ქვემოთ უზარმაზარი მასის მოძრაობა გამოიწვია.
9 სექტემბრის მდგომარეობით, დაკარგული სამხედროების სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
წყარო: ლაშა ბერულავას პოსტი
მსგავსი სტატიები
- 76
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 75
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის… - 67
- 66
- 66
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყების შენობასთან, მანქანაში გარდაცვლილი თანამშრომელი, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი, სიმონ წაქაძეა. იგი უწყებაში 2015 წლიდან მუშაობდა. „კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის.…

