„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, საქართველოში, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. უმაღლესი ხარისხის თხილის ფასი სავარაუდოდ 6-7 ლარი იქნება.
რაც შეეხება დაბალი ხარისხის თხილს, „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ 1 კგ. დაბალი ხარისხის თხილის ღირებულება 3-4 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი.
მსოფლიო მასშტაბით თხილის ბაზრის 70-75% თურქეთიდან მარაგდება. შესაბამისად, ეს ქვეყანა თხილის ფასის განმსაზღვრელია. აღსანიშნავია, რომ თურქეთში წელს თხილის ნორმალურ მოსავალს ელიან.
გიორგი თოდუას თქმით, თურქეთი თხილის ფასს ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოაცხადებს და მერე უფრო დაზუსტებით გახდება ცნობილი, რა იქნება საქართველოში თხილის ღირებულება.
„ფერმერებს, რომლებმაც წამლობები ჩაატარეს და სავარაუდოდ კარგი მოსავალი აქვთ, ვურჩევთ, რაც შეიძლება სწრაფად აიღონ მოსავალი და მალე გააშრონ, რომ არ გაუფუჭდეთ. ვისაც ხარისხიანი მოსავალი აქვს, უმჯობესია, თხილი ახლა არ გაყიდონ. მინიმუმ უნდა დაელოდონ თურქეთის ფასს. ხარისხიანი თხილის სარეალიზაციოდ ყველაზე კარგი დრო აგვისტოს ბოლო, სექტემბრის პერიოდია.
აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. პრემიუმ ხარისხის თხილის ფასი, კარგი გამოსავლიანობის შემთხვევაში, სავარაუდოდ 6-დან 7 ლარამდე იქნება.
თუ თურქეთში თხილის საშუალო გამოსავლიანობა 50%-ია, ჩვენთან კარგი სეზონის პირობებში 40%-ს შეადგენს. ამიტომ განსხვავება თურქულსა და ქართულ ფას შორის დაახლოებით 1 – 1.5 ლარი იქნება“,_ ამბობს „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.
მისი განმარტებით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში 30%-ით გაზრდილია თხილის მოსავლიანობა და ხარისხიც ბევრად უკეთესია.
2022 წელს საქართველოში თხილის საერთო რაოდენობა 40 000 ტონამდე იყო და მისი უდიდესი ნაწილი, 80%, დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა.
გიორგი თოდუას განცხადებით, წელს ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილის აღებაა მოსალოდნელი და სექტორი ელის, რომ მოსავლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება.
საქართველოში თხილის აღება ახლა მიმდინარეობს. ჯერჯერობით მოსავლის მხოლოდ 10%-ია. დაბინავებული.