ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური მდგრადობის ზრდისათვის“,რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან _ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად..
გაზეთ „ალიონის“ #10-ში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია „როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები?“, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, CENN -ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „მწვანე გურიას“ ხუთი ბენეფიციარის პროექტის მიმდინარეობის შესახებ მოგითხრობთ.( აღნიშნული სტატია დევს ვებ.გვერდზე alion.ge) მოგეხსენებათ, გასულ წელს დაიწყო რეგიონის განვითარების სტრატეგიულ გეგმად მოაზრებული, პროექტ „მწვანე გურიას“ გახორციელება, რომლის მიმართ არაერთგვაროვანი მოსაზრებები გაჩნდა.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობს ლაგის აქტიური წევრი, აგროტურისტული სახლის „სამზეურას“ დამფუძნებელი მარინა ჩიხლაძე, კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ. ის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა, წარმატებით მივიდა მონიტორინგამდე, თუმცა, როგორც თავად არაერთგზის განმარტავს, უსამართლოდ დატოვეს დაფინანსების მიღმა.
ტურში „გაიცანი ადგილობრივი ბიზნესი“ მონაწილეობის შემდეგ, მარინა ჩიხლაძეს ვთხოვეთ კომენტარი აქვე ვაცხადებთ, რედაქცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მეორე მხარესაც დაუთმოს შესაბამისი ფართი.
_ პროექტი „მწვანე გურია“ რომ სერიოზული დარღვევებით ხორციელდება, ეს დასაწყისიდანვე აშკარა იყო. საბედნიეროდ, თითქმის ერთი წლის მანძილზე, თვალი შიგნიდან ვადევნე პროცესს. საქმისადმი ფორმალური დამოკიდებულება , ლაგის მმართველი საბჭოს არჩევნებიდანვე გამოჩნდა, სადაც უმეტესად, წევრობის კანდიდატები, ნაცნობ პირებს ხმის მიცემას თხოვდნენ… ხოლო, საბოლოოდ თავმჯდომარედ გათვალისწინებულ პერსონას, რომელიც მოგვიანებით როგორც იქნა, გამოჩნდა, დარბაზში ამაოდ ეძებდნენ. (ის, საბოლოოდ, პროექტის გამარჯვებული გახდა და გრანტი მიიღო). ამის შესახებ არაერთხელ ვთქვი. კიდევ უფრო განმიმტკიცდა აზრი ამ კონკურსის ჩამტარებელ-დამფინანსებელთა არაკომპეტენტურობაში, უფრო მეტიც-სახტად დავრჩი , როცა უკვე რამდენიმე გახორციელებული პროექტი ადგილზე მოვინახულეთ. რა ახსნა უნდა მოეძებნოს იმ ფაქტს, რომ მე, 20 ათასი ლარის მოცულობის პროექტში, როცა ყველა ეტაპი გადავლახე, მონიტორინგზეც მოვიდნენ და მერე, კონკურსის ბოლო ეტაპზე უცერემონიოდ ჩამხსნეს ყურით მოთრეული მიზეზებით! როცა შედეგი გავაპროტესტე და გავასაჩივრე, მარინა თოფურიამ, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, (რომელიც თავიდან უარყოფდა, რომ ის იყო ჟიურის წევრი), „განმიმარტა“: ბოლო ეტაპზე დასაქმების პოლიტიკა წამოვიდა სამსჯელოდ და ეს სად გიჩანსო? ინოვაცია სად არისო? ხაზგასმით აღვნიშნავ, 20 ათას ლარიან პროექტში ოთხი ადამიანის (ოჯახის წევრების) დასაქმების შესახებ გამართულად მეწერა, რაც ამ ქალბატონმა, „პედაგოგთა კავშირის“ თავმჯდომარემ „რკინის ლოგიკით“ პროექტის მინუსად ჩათვალა! ახლა ვნახოთ, ტურის ფარგლებში ნანახი, მათ მიერ 70 ათასი ლარით (53 ათასი დონორი ორგანიზაციისაგან და 17 ათასი ბენეფიციარის წილი იყო), დაფინანსებული მარანი ქალაქ ოზურგეთში რამდენი დასაქმებული ადამიანისგან შედგება? სამი ადამიანისგან! „მე, ჩემი ქმარი და დედამთილი ვახერხებთ, ჯერჯერობით, გავუძღვეთ საქმესო“ _ გვითხრა პროექტში გამარჯვებულმა.
ნაყიდი ყურძნით ნასაზრდოები მარანი, ვიწრო სივრცეში, ასეთი მოცემულობით ყოფილა მისაღები ამ ე.წ. ჟიურის წევრებისთვის! ესენი იმასაც იკადრებენ ალბათ, ხაროშიც გახსნან მარნები და რესტორნები…ან სულაც სამიკიტნოები! 20 ათასი ლარის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტით ოთხი ადამიანის დასაქმება მიუღებელი აღმოჩნდა და 70 ათას ლარიანი პროექტი , უვენახო, უყურძნო, შუა ქალაქის გარემოში _ მისაღები… თან სამი ადამიანის დასაქმებით! ქოთანი ამათ ხელშია და ყურის წაღმა-უკუღმა მიწებებას ვინ დაუშლით? თითქოს, გურიაში ვაზი და უთვალავი ახლად წამოწყებული საქმეები, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ცოტა ან ძნელი მოსაძიებელი იყოს. და ასეთ დროს, დაფინანსება გაცემულია შედარებით ფსევდო და სამოყვარულო დონეზე მყოფ ობიექტზე(!!!)
ოზურგეთის სოფლებში მცხოვრები, ამ ფსევდოჟრიამულით ჩამოყალიბებული ლაგის (მე რომ მეგონა, ეს-ესაა რეგიონში შემოვიდნენ და წლობით შრომაში თავგადაკლულ ადამიანებს ევროკავშირი მართლა გვეხმარება -თქო), არაერთი წევრი წარმატებული მევენახეა. როგორც ვიცით, მათ პროექტები წარდგენილი ჰქონდათ , თუმცა არ დაუფინანსეს. რასაკვირველია, როცა ასეთ ფაქტს ვაწყდებით, ჩნდება კითხვა, რაშია საქმე, ეს კონკურსია თუ რაღაც სხვა სახის მარათონი, სადაც როგორც სურთ, ისე ჭრიან და კერავენ და რომელიც მხოლოდ ფავორიტებისთვის არის განკუთვნილი? მაშინ რა საჭირო იყო ლაგის შექმნა, კონკურსის გამოცხადება, თუკი ყველაფერი ასე მარტივად გადაწყდებოდა?ესენი ვინ არიან? რატომ ჰქვია ამ, დიდი ალბათობით _ გარიგებას, კონკურსი? პირდაპირ რომ ჩამოარიგონ ფავორიტებზე ეს თანხა, უმჯობესი ხომ არ იქნება? (ახლა, ორი-სამი ადამიანი, მაგალითად დავით თენიეშვილი უღირსეულესი მეურნეა, არც გამარჯვება გაუჭირდებოდა და პროექტის მენეჯმენტსაც სჭირდება რამდენიმე კაშკაშა მეწარმე, რომ ნაჩალიჩარი გადაიფაროს!)
აქვე აღვნიშნავ, მე როცა ამ მიკერძოებული, უსამართლო კონკურსის შესახებ ვსაუბრობ, პრეტენზია არ მაქვს პროექტების გამარჯვებულებთან. გურია ათეული წლების მანძილზე მივიწყებული იყო ამ მხრივ, ორიოდე პროცენტს თუ წამოუგდებდნენ და ნებისმიერი თანხა , რომელსაც აქ მცხოვრები სამეურნეო თუ სამეწარმეო საქმიანობაში გახარჯავს, მაინც ხეირია. მე ძირითადად ვდავობ და გავაგრძელებ დავას ამ პროექტის წარმმართველთა უსამართლო მიდგომებზე, მთელი პროცესის მანძილზე. (ლაგის მმართველი საბჭო დაჯილდოებულია , თავმჯდომარიანად, ყოველგვარი კვოტის გარეშე! ) ვამბობ და არაერთგზის ვიტყვი „მწვანე გურიას“ მენეჯმენტის, მათი აბსოლუტურად უსამართლო ჟიურის მიმართ, რომლის გადაწყვეტილებები ღიად მიკერძოებულია. (ახლა ხშირად გამოდის ხმები მათი გუნდიდან, რომ ყველაფერი თავის ჭკუაზე გადაწყვიტეს ქედის ლაგის წევრებმა, რომლებიც აქ იყვნენ მოვლენილი ). ხაზს ვუსვამ ყველაზე მთავარს _ ლაგის მმართველი საბჭო, რომლის წევრები, ასევე თავმჯდომარე (კოკა კიღურაძე) გრანტებით დააჯილდოვეს, უკვე ა(ა)იპ ორგანიზაციად დარეგისტრიდა! რა გამოდის? რამდენი გრანტი გამოჩნდება, ისევ უმეტესად საკუთარ ჯიბეში უნდა ჩაილაგონ? არანაირი მმართველი საბჭო არ არსებობს, ეს არის ფიქცია და ლაგის წევრებს რაც შეეხება, ჩემდა გასაკვირად, მგონი, ერთადერთ წევრად, ვისი აქტივობაც სახეზეა, მე ვრჩები. იმ ერთადერთხელ შეკრებილი ადამიანების სრულ უმრავლესობას, დიდ ალბათობით, აღარც ახსოვს , რატომ შეიკრიბნენ და რა აირჩიეს… არც არავინ არაფერს ეკითხება! მათ კი არა, მმართველი საბჭოს წევრებსაც არაფერს ეკითხებიან, „გრანტმისჯილების“ გარდა! სამწუხაროდ! მე ვრჩები ლაგის წევრად და ბოლომდე მივყვები ამ პროექტების გახორციელების პროცესს! ჩვენ აუცილებლად დავესწრებით მომდევნო ტურს, (თუ ჩაატარებენ) რომლის ფარგლებში უნდა ვნახოთ 100 ათას ლარად დაფინანსებული პროექტების გახორციელების პროცესი, რათა სიმართლე სამზეოზე გამოვიტანოთ და ადამიანებს ვუთხრათ, რა იმალება ამ არც ისე კარგად შეფუთული რეკლამების მიღმა, რომლითაც ე.წ. „მწვანე გურია“(უკვე გაწითლებული) აფიშირებს!
რედაქციისაგან: ფოტო ზოგადია, აღებულია სოციალური ქსელიდან, გურიის ერთ-ერთი სოფლის მევენეხის ჩხავრის ვენახია გადაღებული.
მსგავსი სტატიები
- 91
ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერის ნინო გაფრინდაშვილის ინფორმაციით საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25 პროექტი დაფინანსდა…
- 89
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 89
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 89
- 89
ავტორი გაზეთი „ალიონი“ 27 მარტს ოზურგეთის ტექნოპარკში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, ფარგლებში CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად, პროექტის შუალედური შედეგებისა და დაგეგმილი სამუშოების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.…