კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე
ტურისტული ობიექტი „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით, კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი გურული სახლ-კარი და კარმიდამოა.
_„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი, როგორც მიწასთან და შრომასთან კავშირის ურღვევი ხაზი. მე ასე ვთვლი _ ათეული წლების მანძილზე, მზისა და მიწის წყალობით შედგა ჩემში წარმატებული მეურნე. სახელწოდება ზუსტად ესადაგება ჩემს ტურისტულ ბიზნესს. სამზეურაზე, მზით ყოველი მხრიდან განათებულ მაღლობზე მდებარე ჩემს კარმიდამოში დგას გურული ყაიდის , წაბლის ხის ძველი ოდა-სახლი, ბეღელი, ნალია, 150 წლის „ქუხნა“. აქ, არსებული შემეცნებითი გარემოს შესასწავლად, საოჯახო ამბების გასაგებად, ტრადიციული კერძების თანხლებით, უკვე სამი წელია ვავითარებ ჩემს მცირე ბიზნესს. თუმცა, ამ ყველაფერს წინ უძღოდა 90-იანი წლებიდან დაწყებული თავდაუზოგავი შრომა.
მარინა ჩიხლაძე, ტურისტული ობიექტის „სამზეურას“ დამფუძნებელი
_ რას ნიშნავს თქვენთვის იდენტობა და რა ადგილი უკავია გურული ხალხის ფენომენს თქვენს ოჯახურ ბიზნესში?
_ ჩემი მისიაა ჩემთან მოსულ სტუმარს, ჩემი ოჯახის მაგალითზე, დავანახო და გავაცნო გურული ხალხის ფენომენი _ რა ფიზიკური, გონებრივი, შემოქმედებითი უნარები, ნიჭი და მოტივაცია აქვს მას; როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა გურული სამზარეულო, მუსიკალური, შრომითი თუ ყოფითი კულტურა. ვთვლი, რომ ეს საინტერესოა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.
რომ ვთქვა, რომ თავშივე მქონდა ჩანაფიქრი, ამ მიმართულებით ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი, მსგავსი არაფერი ყოფილა. შინაგანად შრომისა და ზოგადად განათლების სიყვარული, სამზარეულო კულტურის კარგი ცოდნა ბავშვობიდანვე განაპირობა ჩემმა, ასე ვთქვათ, შინაგანმა იდუმალმა ინტერესმა, მრავალმხრივმა უნარებმა, ოჯახმა იმერეთში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. შემდეგ სტუდენტობისდროინდელმა ცხოვრებამ, სწავლასთან ერთად, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში როგორც კი აღმოვჩნდებოდი, სასწრაფოდ ვიწერდი, ვუსმენდი,ვიზეპირებდი და ვაკვირდებოდი სამზარეულო საიდუმლოებებს, ხალხური რეწვის მიმართულებებს, ჩვენი უძირო პოეტური თუ მუსიკალური ფოლკლორის მარგალიტებს. დაქორწინების შემდეგ კი, გურიაში ბუნებრივად მოხდა ამ ორი კუთხის სამზარეულო კულტურის კარგად შერწყმა, შემდეგ წარმოჩენა.სტუმარ-მასპინძლობა ხომ ჩვენი იდენტობის უნიკალური ნიშაა, თავდაუზოგავ შრომითა და კარგი განათლებით გამოხატული.
_ რა მიგაჩნიათ, რა არის კიდევ საჭირო თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის, რა როლს ასრულებს ამ საქმეში დონორი ორგანიზაციები?
_ ძალიან დიდი და მრავალწლიანი გაუსაძლისი შრომის შემდეგ, რასაც კიდევ უფრო მეტი სიმძიმე, თუმცა დიდი გამოცდილება შესძინა ე.წ. „დაბნელებულმა წლებმა“, ჩემთვის საუკეთესო შედეგიც დადო _ შეგროვდა, მოგროვდა დიდი გამოცდილება და ცოდნა. ამ ყველაფერმა კი რამდენიმე კონკურსში გამარჯვებამდე მიმიყვანა. დიდია როლი დონორი ორგანიზაციებისა, რომლების ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს ამ ძნელბედობის ჟამს დახმარების ხელს უწვდიან. მივიღე მცირე გრანტები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ასევე გავიმარჯვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, (თანადაფინანსება დონორი ორგანიზაციისგან მოხდა) დამწყებ, მცირე მეწარმეთა ოჯახების გასაძლიერებლად.
დღეს ვთვლი, რომ კიდევ უფრო განვითარებისთვის, თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, დამჭირდება თანამედროვე კომფორტის შექმნა – თანამედროვე სამზარეულოს, სტუმარ-მასპინძლობისთვის მაღალი დონის სივრცის, ასევე სხვადასხვა ტიპის მასტერკლასებისა თუ მცირე დეგუსტაციებისთვის ჩასატარებლად შესაფერისი გარემოს მოწყობა. რამდენიმე საათიანი გასტრო, აგრო, შემოქმედებითი, შემეცნებითი ტურების მასპინძლობა ჩემი დასახული მიზნის ამოსავალი წერტილია და მსურს, ის მაღალ ხარისხში წარმოვადგინო.არც ისე შორეული მომავლისთვის ვგეგმავ, ჩემთან მოსულ სტუმარს უკვე ჰქონდეს რამდენიმე დღით დარჩენის, ღამისთევის საშუალება, რათა დაისვენოს და სრულად ჩაერთოს გურულ საოჯახო, სამეურნეო და შემოქმედებით ყოფა-ცხოვრებაში.
დღეისთვის კი ტურისტებს ვიღებ მხოლოდ სადილზე. ვუმზადებ სადილს, ძირითადად
გურული სამზარეულოს აქტივიდან. ვთავაზობ მათ მრავალნაირ მასტერკლასებს, ვათვალიერებინებ გურულ უძველეს „ქუხნაში“ განთავსებულ ეთნომუზეუმს, სადაც უამრავი დასახელების ასწლოვანი საყოფაცხოვრებო ნივთები მაქვს გამოფენილი, თავისი ისტორიითა და შინაარსით.
მაგალითად, ვახდენ მათ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობაში ჩართვას, ჩემს საკარმიდამო მეურნეობაში. (გაზაფხულზე აგროსაქმიანობის პროცესში _ თესვა, ჩითილების გადარგვა,
მულჩების მომზადება, ჩაის კრეფა და დამზადება. ზაფხულში ხილის, თხილის კრეფა…შემოდგომაზე მოსავლის აღება…) ვასწავლი მაკრამეს, ქარგვის და ქსოვის ხელოვნებას. ვასწავლი ხალხურ საკრავებზე დაკვრას. (ფანდური, ჩონგური…). რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სურვილის შემთხვევაში ხდება. ძირითადად კი, როგორც აღვნიშნე, სტუმარ-მასპინძლობის სერვისია მთავარი მიმართულება. სუფრასთან ძირითადად მიმაქვს საკუთარ ოჯახში მიღებული აგროპროდუქტი, რაც დიდი მოწონებით სარგებლობს.
ბოლო დროს, განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ პერმაკულტურით. ზოგადად კი, უფრო პრიმიტიული ფორმით, წლების მანძილზე ვცდილობ, განვავითარო ის. მიზანი ამისა არის, მივიღო ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტი და ჩემთან მოსულს ტურისტს ხილულად ვაჩვენო ეს პროცესი და მივართვა ამ პროდუქტით მომზადებული კერძები.
_ თქვენ წარმატებული ჟურნალისტი ხართ, ასევე წარმატებით ეწევით სამეურნეო საქმიანობას…
_პარალელურად, როგორც პროფესიით ჟურნალისტი, ვარ და ვმუშაობ აქტიურ ჟურნალისტიკაში. მონაწილეობა მაქვს მიღებული უამრავ, სხვადასხვა სახის ტრენინგში (მედიამენეჯერის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, საარჩევნო, სამოქალქო საზოგადოების განვითარების თემაზე ) და მიღებული მაქვს შესაბამისი სერთიფკატები.
ასევე ვარ მრავალი კონკურსის გამარჯვებული. 2011-13 წლებში ზედიზედ გავიმარჯვე ბიოენერგიის (ბიოგაზის) თემაზე გამოცხადებულ კონკურსში, საქართველოს მასშტაბით და დავიკავე პირველი ადგილი. ბოლო წლებში, ორჯერ გვიმარჯვე ევროკავშირის დაფინანსებით გამოცხადებულ მედიაკონკურსში, კოვიდის თემაზე და მივიღე, როგორც სერთიფიკატები, ასევე ფულადი ჯილდოები.
ვეწევი, მრავალმხრივ და საკმოდ მოცულობით სამეურნეო საქმიანობას.
მაქვს თხილის პლანტაცია. კაკლოვანების, კენკროვანების, ხეხილოვანების ბაღი, ჩაის, ვაზის, ციტრუსების პლანტაცია, ბოსტანი, თითქმის ყველანაირი აგროკულტურა მომყავს. გვყავს შინაური ცხოველები და ფრინველი, სიმინდის საყანე ფართობი, რომელსაც ყოველ წელს ვამუშავებთ.
როგორც აღვნიშნე, მრავალმხრივი უნარების მქონე ადამიანი: ვქარგავ, ვქსოვ, ვკერავ, ვმღერი, ვფლობ ხალხურ საკრავებს, ვამზადებ გურულ ტრადიციულ კერძებს… ეს ყველაფერი გასტრო და აგრო ტურიზმის ნიშის დაკავების საშუალებას მაძლევს რეგიონის სივრცეში. სტუმრებს ვუმასპინძლდები ჩემი საოჯახო პროდუქტებით დამზადებული კერძებით. ვაცნობ ფოლკლორს, ვასწავლი ტრადიციულ საკრავებზე დაკვრას, ვაცნობ საოჯახო ეთნო მუზეუმს, ჩემს ნაქარგებს, შეკერილს, მოხატულს თუ ნაქსოვს… ვცდილობ, ზუსტად დაინახონ ერთ კონტექსტში მოქცეული გურული ხალხის(ზოგადად, ქართველი ხალხის) ფენომენი. მე ვყიდი ჩემს იდენტობას, კულტურას, ყველაფერ ტრადიციულს… მაქსიმალურად სრულფასოვნად მიწოდებულს.
ჩემი ბიზნესის საოპერაციო პროცესისთვის, ძირითად პროდუქტს ჩემს საკარმიდამო ნაკვეთზე ვიღებ. გურული და ზოგადად ჩემი ოჯახის ტრადიციული რეცეპტებით ვამზადებ სხვადასხვა სახის საკვებს, რომლითაც ვუმასპინძლდები სტუმრებს. შეკვეთილი მასტერკლასების მიხედვით, სტუმრებს ვრთავ საკვების მომზადებაში და პარალელურად სანამ საჭმელი დამზადდება, ვუტარებ სხვა მასტერკლასებს. ვათვალიერებინებ ჩვენს გარემოს _ ბეღელს, ნალიას, სახლს… ხოლო სადილობის პერიოდში სიმღერის და საკრავების გაცნობით დაინტერესებას ვცდილობ.
_ თქვენ ბახვი ჰესის სოციალურ პროექტებში მონაწილეობთ, როგორიცაა „ჩაის გზა“ და ა.შ
_ ამ გზაზე ჩემთვის უდიდესი თანადგომაა კომპანია „ბახვი ჰესის“ ჟესტი, რომელიც რეგიონში ჯერ არნახული სოციალური პროგრამებით შემოვიდა და საკუთარი საქმის მაღალ პროფესიულ დონეზე კეთებასთან ერთად, რეგიონის მოსახლეობის დასახმარებლად, აქტიური ადამიანების პოპულარიზაციისთვის ეფექტური ნაბიჯები გადადგა. დიდია ჩემი მადლიერება მათ მიმართ, როგორც ჩემთვის, ასევე მთლიადან რეგიონის დასახმარებლად და მისი პოპულარიზაციისთვის.
დღეისთვის ასევე უდიდესი ხელის გამოწვდენაა ევროკავშირისგან დახმარება გურიის რეგიონისთვის, სადაც ხორციელდება მასშტაბური პროექტი „მწვანე გურია“. შექმნილია რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც თითეულ მეურნეს, მცირე მეწარმეს, გამოცდილს თუ ახალგაზრდას, ყველა თაობის ადამიანს გვაძლევს სერიოზულ შანსს, კიდევ ერთხელ გავიმარჯვოთ და ვაკეთოთ საყვარელი საქმე, მივყვეთ სწორ მიმართულებას გზას, რომელიც უსათუოდ მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე,შევქმნათ ძლიერი და ეკონომიკურად მდიდარი ქვეყანა.
ესაუბრა ნუგზარ ასათიანი
წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან _მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე
მსგავსი სტატიები
- 100ბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
- 95„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
- 95დედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
- 93ია ურუშაძე - ჩემი მშობლიური ქალაქი არის ოზურგეთი.დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი ქართული გიმნაზია და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორიო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2011 წლიდან ვმუშაობ ორგანიზაციაში „მომავლის სხივი, რომელიც არის ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის და მიტოვების რისკის ქვეს მყოფ ბავშვთა მომსახურების დღის ცენტრის მმართველი. ასევე, ვარ საქართველოს…
- 92ლანა ჟღენტი, 32 წლის, კომპანია „პლანტაციას“ დამფუძნებელი „რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე,საცხოვრებლად სოფელში წამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის დაწყებული საქმე, ჩაის წარმოება გამეგრძელებინა. ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა დიდი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით მნიშვნელოვან შედეგამდე მივედი. საქმიანობის სფერო გავაფართოვე და დღეს ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ვფიქრობთ,პლანტაციები ეტაპობრივად…