საიამ მოამზადა კვლევა „საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოების შეფასება ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში“. დოკუმენტში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, შეფასებულია ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების პროცესში სამართლიანი სასამართლოს ან/და სხვა უფლებების დარღვევის გამომწვევი სისტემური პრობლემები.
კვლევაში გაანლიზებულია 48 საქმე, რომლებზეც 2004 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. საქმეების უმრავლესობაზე (26% იმ საქმეებს შორის, რომლებზეც გადაწყვეტილებაა გამოტანილი) სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დადგინდა. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე სახელმწიფოს დაეკისრა 460 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაზარალებულებისთვის სწორედ მართლმსაჯულების ვერ უზრუნველყოფის მოტივით.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეებზე პასუხისმგებელ მოსამართლეთა ნაწილი დღემდე აგრძელებს საქმიანობას სასამართლო სისტემაში, ბევრი მათგანი კი დაწინაურებულია და სისტემაში მაღალ თანამდებობებს იკავებს.
საგანგაშოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკა, რომლის მიხედვით, საქართველო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს. მას ამ სიაში მხოლოდ მალტა, ალბანეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაცია მოსდევენ.
მიუხედავად არაერთი რეფორმისა, საქართველოში მართლმსაჯულება კვლავ მრავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს აქციებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხშირად ხდება დაუსაბუთებლად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ხოლო მტკიცების ტვირთი ფაქტობრივად მოქალაქეზე გადადის. მოსამართლეები ძირითადად ენდობიან მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს და არ იკვლევენ საქმის არსებით გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს.
კვლევაში იდენტიფიცირებულია სხვა ძირითადი სისტემური პრობლემებიც, მათ შორის:
– სასამართლოს გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობა – ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებები შაბლონურია, ზოგადია და ვერ პასუხობს მხარეების მიერ მოყვანილ პოზიციებს. მოსამართლეები დაუსაბუთებლად უფარდებენ მოქალაქეებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ან დაუსაბუთებლად აკისრებენ მაქსიმალური ოდენობის ჯარიმებს, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.
– თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა – რაც გამოიხატა მხარისთვის არასათანადო განმარტების მიცემაში, მხარის არგუმენტების გაუთვალისწინებლობასა და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარში, ბრალდების თვითნებურ გადაკვალიფიცირებაში.
– გაჭიანურებული მართლმსაჯულება, რაც ადამიანის უფლებათა დარღვევას იწვევს – ვინაიდან სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს სასამართლოს ორგანიზებაზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყოველი მოქალაქის უფლება, დაიცვან საკუთარი უფლებები გონივრულ ვადაში.
– მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაჭარბებული გავლენა, დისციპლინური მექანიზმების დასჯის მიზნით გამოყენება კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების წინააღმდეგ
– ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე პასუხისმგებელი მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემაში – მოსამართლეები, რომელთა მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა საფუძველი დაუდო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და გახმაურებულ დარღვევებს, დღემდე აგრძელებენ საქმიანობას სასამართლო სისტემაში, მათ შორის, მაღალ თანამდებობებზე.
2021 წელს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც შეამცირა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა და გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება. ამ გზით კიდევ უფრო გამყარდა შიდა კორპორატიული მმართველობა და არაფორმალური გავლენები სასამართლო სისტემაში.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა სერიოზულად შერყეულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, რასაც ადასტურებს რიგი დასავლური ქვეყნების მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებიც, „ქართული ოცნება“ კვლავ უარს ამბობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე.
საიას შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ ზღუდავს საქართველოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ევროინტეგრაციის პროცესში არსებული ძირითადი სტანდარტები, მათ შორის, სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის კუთხით.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მსგავსი სტატიები
- 77
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 77
- 77
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 76
„ახალგაზრდები ენერგოუსაფრთხოებისთვის“ _ ამ სახელწოდებით დაიწყო პროექტი ოზურგეთის მინიციპალიტეტის დაბა ლაითურის და ნარუჯის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხისა და იანეულის სკოლების ეკო კლუბების წარმომადგენლებისთვის. პროექტის მიზანია ენერგო ეფექტური გარემოს შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტების პოპულარიზება და საზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. „ენერგო უსაფრთხოების გაზრდის და უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირების…
- 76
საჯარო მოხელეების საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებას სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო. „2024 წლის…