„მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას.
ვინანიებ, ვნანობ რაც გავაკეთე. ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ მოვიდა, მასთან ერთად გამოვიყვანე დაზარალებული და ბოდიში მოვუხადე და ამის შემდეგ წავედი სამხარეო ადმინისტრაციასთან და მოვითხოვე, სამმართველოს უფროსთან, ზაზა ცხაკაიასთან შეხვედრა და არ მოხერხდა.
ამის შემდეგ , სამხარეოს უფროსის მოადგილემ, ბესო ბოლქვაძემ დამირეკა გიბარებს უფროსიო და ჩემი მანქანით ჩამოვედი. გულით სულით და მთელი არსებით გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველაფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება” [TV პირველი] – თქვა სასამართლო სხდომაზე ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით შარაშიძემ.
დღეს, პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით შარაშიძე ბრალს აღიარებს. კითხვაზე, თუ რატომ სცემა მან პოლიციელი, ადვოკატი პასუხობს: „სიმართლე რომ ვთქვა, გაშველებას ცდილობდა“.
28 იანვარს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს, 2 ადამიანზე კი ძებნა გამოაცხადეს, მათ ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ