ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით.
გადავწყვიტე, განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის” და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ.
პროექტს ახორციელებს ,,გურიის განვითარების კავშირი”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით;“ საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში“.
პროექტის მიზანი: სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა.
ადგილზე განხორციელებული ღონისძიებისა და მასტერკლასის შემდეგ, პროექტის მონაწილე ქალბატონები ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებიდან, აჭარას ესტუმრნენ.
გზა, შავშეთისა და მესხეთის ქედებს შორის მომდინარე აჭარისწყლის ულამაზეს ხეობას მიუყვება.
მოლოდინი, რა თქმა უნდა დიდია, ლამაზი და საინტერესო დღისა… და ეს ყველაფერი მახუნცეთის ჩანჩქერით დაიწყო. შემოდგომის სუსხიანი დილით, მზის სხივებსა და ჩანჩქერის შხეფებში ჩახატული ცისარტყელათი.
ეს ლირიული გადახვევა.
და უკვე საქმიანი შეხვედრების დასაწყისი.
სამუშაო დღის წესრიგი, ოთხი ბიზნეს ობიექტის ნახვას ითვალისწინებდა. მეგზური ჯანო თებიძე გახლდათ, ქედა ლაგის მმართველთა საბჭოს წევრი. ოთხივე პროექტი მათივე თანადაფინანსებით განხორციელდა, განვითარდა და უფრო მიმზიდველი გახდა.
პირველი შეხვედრა: ქედის მუნიციპალიტეტის, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული. „ფუტკრის სამყარო“, თურმანიძეების ოჯახში. აქ, მართლაც მშვენიერი სამყაროა მოწყობილი, სადაც, ფუტკარი თავად ხდება გზამკვლევი ადამიანსა და ბუნებას შორის. სადაც, პირველი მეორეთი არსებობს და მეორე, პირველისგანაა ფასდადებული. მეფუტკრემ, რევაზმა და მისმა მეუღლემ ლამზირა ბეჟანიძემ, წლებით ნაგროვები გამოცდილებები გაუზიარა ამ ბიზნესით დაინტერესებულ ქალბატონებს. ესაუბრა იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რაც ამ დარგისთვისაა მახასიათებელი. გაიცვალა მოსაზრებებიც.
მეორე ბიზნეს ობიექტი. შპს „ფორეჯი“. სალიფსიტე, საკალმახე მეურნეობა. მენეჯერი სოფო დიასამიძე. ახალგაზრდა ბიზნესმენმა, დარგის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. დასახლებული პუნქტისგან, საკმაოდ მოშორებით მდებარე უფუნქციო და გაუმართავი ნაგებობა იჯარით აიღო და განავითარა. ლიფსიტების გამოყვანაზე, მხოლოდ ქალები ჰყავს დასაქმებული. ვიზიტორებმა, განაყოფიერებული ქვირითიდან, უკვე ზრდასრულ კალმახამდე გასავლელი ყველა გზა, თავად ნახეს და მენეჯერისგან ბევრი საინტერესო მოსაზრებაც მოისმინეს.
სასტუმრო „ჰილლ-ინ“; მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოში; ხელმძღვანელები მაია ვერძაძე და დავით არძენაძე.
როცა პროექტი წარმოადგინეს და ადგილიც გვაჩვენეს, სადაც ბიზნეს იდეა უნდა განხორციელებულიყო, თავდაპირველად, სერიოზულად ვერც აღვიქვით. იდეა განუხორციელებლად ჩავთვალეთ. გავრისკეთ და წილობრივად დავაფინანსეთ. ახლა თავად ხედავთ რაც არის – გვითხრა ჩვენმა მეგზურმა ბატონმა ჯანომ.
სანახავი მართლაც კარგია. მთის დაქანებული ფერდობი, რთული რელიეფი გარეთ, მკაცრი ბუნება, გაუთლელ-გაურანდავი და მასთან კარგად შეხამებული, სოკოებივით, აქა-იქ ამოსული პატარა, მრგვალი სახლები; ხეებს შემოხვეული კოტეჯები, ორთავე საკმაოდ კარგი კომფორტით.
იქვე, მისასვლელთან, ძველ სახლში მოგიზგიზე უძველეს ბუხართან მირთმეული ყავა, და ბიზნეს იდეათა განხორციელების გზებზე საუბარი, აქაც გამოცდილებების გაზიარება. აქ არ იყო მასპინძლობა ბიზნესისთვის. აქ, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში, აჭარისთვის მახასიათებელი გულთბილი მიღება სტუმრისა, და… სტუმართაგან, მასპინძლობის ასე გათავისებისა, რომ სტუმრად მისული, უკვე შინაურად გრძნობ თავს. რაც ბუხრის სითბოსთან ერთად, განსაკუთრებულ ხიბლს და არომატს აძლევს, ფინჯან ყავას, ან თუნდაც მთის ცივი წყაროს წყალს, „გულ-კეთილად“ მოწოდებულს.
„შატო ივერი“, სასტუმრო სოფელ ვარჯანისში. მასპინძელი მარინა გორგილაძე და როსტომ ბერიძე.
სოფლის ულამაზეს ხედებს, ასევე ლამაზი არქიტექტურით შერწყმია მშვენიერი კომპლექსი: სასტუმრო, რესტორანი, მარანი, ვაზის პლანტაცია.
-ეს, ჩვენი ოჯახური ბიზნესია, მეუღლე და ორი შვილი აქვეა დასაქმებული. ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, ცოლიკაური, ჩხავერი, ალადასტური; მასპინძლობა კარგად გამოგვდის, მთავარია კარგი გარემო, ჯანსაღი საკვები და გულითადი დახვედრა;
სანამ ქალბატონი ლამზირა უცხოელი სტუმრების გამასპინძლებისთვის ზრუნავდა, ბატონი როსტომი სტუმრებს მარანში შეუძღვა და ჩხავერიც დააგემოვნებინა.
– სასმისში ღვინო არ უნდა ჩარჩეს, რადგან თითოეულ წვეთს, ჩვენთვის სხვა ფასი და ღირებულება აქვს. მოაყოლა მასპინძელმა ღიმილით.
ღიმილი და სითბო გამოყვა პროექტის მონაწილე ქალბატონებს აჭარიდან. რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ, დიდი მთლიანობას, თითოეული, ლამაზი კუთხე უმტკიცებს ბალავარსაც და ბჭესაც.
ახალი შთაბეჭდილებებით დაუყვნენ გზას ბარისკენ. მადლიერებას ვეღარ მალავდნენ პროექტის ხელმძღვანელის მისამართით.
თამარ კუპრაძის, დასმულ კითხვას, დილით -მოლოდინების, და საღამოს – შთაბეჭდილებების შესახებ, ემოციური გამოხმაურებები მოჰყვა. ყველას თავისი სათქმელი ჰქონდა, ყველას თავისი იდეა ელამაზებოდა. ცალკეული რეპლიკებიდან, რეალობასთან შეთავსებით, შინაარსს, მაინც ასე მოვყვები.- ცივი დილის მიუხედავად, საინტერესო დღეს ნამდვილად ველოდით, მაგრამ დღევანდელმა დღემ, მთლიანად ჩაგვიყოლია და გარკვეულწილად დაგვანახა, სად შეიძლება იპოვო წარმატების გასაღები, მერე როგორ გააღო კარი. როგორ დაიმკვიდრო თავი და დაამკვიდრო ფიქრებში ჩახატული შენი იდეა, რომელიც, ჯერ კიდევ ვერ გამოიყვანე სამზეოზე, ან კიდევ მეტად გინდა მისი განვითარება. მერე, საკუთარ თავს უპასუხო კითხვებზე, რა არის იდეის არსი, სხვისგან განსხვავებული, ან სხვათათვის ასე მისაღები და… შენ, ეს ყველაფერი კარგად გამოგივიდა?
ნინო ნიკოლაიშვილი
სტატია მომზადდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით;“ საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში“.
მსგავსი სტატიები
- 100...ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,…
- 100გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 100ავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…
- 10030 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კამპანიის ლიდერებს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი…
- 100დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…