2023 წლის 7 ივნისს, ბახვი ჰესის  გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა 2023 წლის რიგით მეორე შეხვედრის ფარგლებში ბახვი ჰესისა და USAID-ს მიერ განხორციელებული პროგრამის „ჩაის გზის“ სტუმარ – მასპინძლობის კომპონენტის  მონაწილე სამოსახლოები დაათვალიერეს. დაგეგმილი ტურის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა უშუალოდ მონაწილე პირებისგან მოისმინეს, თუ რა გავლენა იქონია მათ ბიზნესზე პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ტრენინგებმა თუ მარკეტინგულმა საქმიანობამ. ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრის, ამავდროულად „ასოციაცია ჩაის გზის“ სტუმარ-მასპინძლობის კოორდინატორის, ია ურუშაძის მიერ ორგანიზებული ტური მოიცავდა ვიზიტებს ოზურგეთის სამ და ჩოხატაურის ერთ სამოსახლოში.

ინფოტური დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანიეთში მდებარე სამოსახლო, „სამზეურადან“, რომლის მასპინძელიც ადგილობრივი მარინა ჩიხლაძეა. ტურისტული ობიექტი 1 წელია, რაც არსებობს და სტუმრებს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს. „სამზეურას“ მთავარი ნიშა გურული სანელებლები და ტრადიციული სამზარეულოა. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვიზიტის ფარგლებში ტრადიციული გურული კერძები დააგემოვნეს, ასევე დაათვალიერეს ამავე ლოკაციაზე მდებარე ეთნო-მუზეუმი, სადაც სხვადასხვა დასახელების ასწლოვანი საყოფაცხოვრებო ნივთებია გამოფენილი. გურიაში ბახვი ჰესისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის, კერძოდ, მცირე ბიზნესის დახმარების და სტუმარ-მასპინძლობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით შექმნილი პროგრამის ფარგლებში „სამზეურას“ კვალიფიციურმა პირებმა გაუწიეს კონსულტაციები გასტრონომიისა და სადეგუსტაციო სივრცის მოწყობის მიმართულებით. ამავე პროგრამის ქოლგის ქვეშ სპეციალურად ტურისტული ობიექტისთვის დამზადდა ლოგო.

„ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული ტური ჩემთვის უდიდესი სტიმული და თანადგომაა. „სამზეურა“ ჩართულია „ჩაის გზის“ პროექტში და ამ ეგიდით ჩემთან სტუმრობა, ჩემს საქმიანობაში უფრო თავდაჯერებულს მხდის. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივ მცირე მეწარმეებთან მსგავსი სახის კომუნიკაციები კვლავ გაგრძელდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ იდეის ყველა ავტორსა და განმახორციელებელს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ია ურუშაძეს, რომელიც ყოველთვის მზად არის მოისმინოს ჩვენი მოსაზრებები და იყოს შუამავალი მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით ჩვენსა და კერძო, თუ საჯარო სექტორს შორის“,- განაცხადა „სამზეურას“ დამფუძნებელმა, მარინა ჩიხლაძემ.

ინფოტურის მონაწილეების შემდეგი გაჩერება „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა იყო“. საწარმო ოზურგეთში 1964 წლიდან ფუნქციონირებს და ადგილობრივი პლანტაციებიდან დაკრეფილ უმაღლესი ხარისხის შავ და მწვანე ჩაის აწარმოებს. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვიზიტის ფარგლებში მოისმინეს ფაბრიკის მრავალწლიანი მუშაობის ისტორია, დაათვალიერეს ადგილზე არსებული უძველესი დანადგარები და დააგემოვნეს ამავე სივრცეში დამზადებული რამდენიმე სახეობის ჩაი. აღსანიშნავია, რომ ობიექტს რეგიონში ტურისტული მარშრუტის „ჩაის გზის“ შექმნის,  წარმატებული ფუნქციონირებისა და ჩაის ერთიანი სტანდარტის ქოლგის ქვეშ მოქცევის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ბახვი ჰესის წარმომადგენლები და მრჩეველთა საბჭოს წევრები ამავე ღონისძიების ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდში ქალ მეწარმე მზია შარაშიძეს ეწვივნენ. ტურისტული ობიექტი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ „მზიას ჩურჩხელების“ სახელითაა ცნობილი. მზია შარაშიძე უკვე 13 წელია სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, კაკლის, თხილის, ნუშის, ჩირის ჩურჩხელას აწარმოებს. ოჯახურ ბიზნესში ქალბატონი მზიას 5 შვილია ჩართული.

„ჩაის გზის ასოციაციასთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ასოციაციაში წარმოვადგენ ჩურჩხელის მწარმოებელ ერთადერთ მეწარმეს, რაც ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. ასოციაციის დახმარებით, ერთ-ერთი ტურის ფარგლებში იმერეთში ვიყავი, სადაც ჩემი პროდუქციის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგო. ეს კი რეალიზაციის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დამეხმარა. მიხარია, რომ ვთანამშრომლობ ბახვი ჰესთანაც. დასაფასებელია, რომ კომპანია ყოველთვის უწყობს ხელს რეგიონში არსებულ მცირე ბიზნესს ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ხშირად ფინანსებზე წვდომის პრობლემები გვაქვს. ვფიქრობ, სამომავლოდ ეს ყველაფერი დადებითაც აისახება ჩემს ბიზნესზე და ხელს შუეწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას“,- განაცხადა „მზიას ჩურჩხელების“ დამფუძნებელმა, მზია შარაშიძემ.

ინფოტური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკისციხეში, „შარაშიძის მარანში“ დასრულდა. ტურისტული ობიექტი „შატო ბუკისციხის“ სახელითაც არის ცნობილი. „შარაშიძის მარანში“ 15 სახეობის ღვინო ინახება. ადგილზე სტუმრებმა მასპინძლისგან, თეიმურაზ შარაშიძისგან მოისმინეს გურული ღვინის ისტორია, გაეცნენ ვაზის მოვლა-მოყვანის და ღვინის დაყენების შესახებ ინფორმაციას.

გურიაში მცირე ბიზნესის დახმარების და სტუმარ-მასპინძლობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით შექმნილი პროგრამა კომპანია ბახვი ჰესისა და USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრმის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 81
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 81
    თემურ რევიშვილი „ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს““სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
  • 79
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და…